კაუცკი კარლ

კაუცკი (Kautsky) კარლ (16. X. 1854, პრაღა, – 17. X. 1938, ამსტერდამი), გერმანელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, იურისტი და პუბლიცისტი. გერმანიის და დას. ევროპის სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი თეორეტიკოსი და ლიდერი, მემარჯვენე სოციალისტთა იდეოლოგიის მამამთავარი. XIX– XX სს. მიჯნაზე უარყო კლასიკური მარქსიზმი, რ-ის კრიტიკას უძღვნა არაერთი მნიშვ­ნე­ლო­ვანი თეორიული ნაშრომი. 1917 კ. იყო გერმანიის დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრ. პარტიის ფუძემდებელი. იგი, იცავდა რა დაპყრობილ ერთა კანონიერ უფლებებს, გადაჭრით ილაშქრებდა ერთა ლიგაში საბჭ. იმპერიის მიღების წინააღმდეგ.

კ. იყო II ინტერნაციონალის იმ დელეგაციის ხელმძღვანელი, რ-იც 1920 შემოდგომაზე ოფიც. ვიზიტით ჩამოვიდა სა­ქარ­თველოს დემოკრ. რესპუბლიკაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის სა­ქართვე­ლოს დემოკრ. სახელმწიფოს საერთაშ. აღიარების საქმეში, რაც განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყო პირველი სახელმწიფო, რ-ის სა­თა­ვე­ში მოექცა სოციალ-დემოკრ. პარტია. კ-მ ­ქართვ. მენშევიკებს გადარჩენის ასეთი გზა შესთავაზა: „თქვენ ვერ გაძლებთ დასავლეთ ევროპის დაუხმარებლად... თქვენ იძულებული იქნებით უცხო კაპიტალი მოიწვიოთ თქვენს ქვეყანაში... აქ კაპიტალიზმი სათანადოდ არ არის განვითარებული და თქვენი მისია იმაშია, რომ ხელი შეუწყოთ მის განვითარებას" (გაზ. „ერთობა", 1920, № 223, 238). კ-მ სა­ქარ­თველოს შე­სა­ხებ დაწერა ბროშურა, რ-შიც იგი მენშევიკებს უცხოეთიდან ტექნიკური კადრების ჩამოყვანას ურჩევდა. ქართ. ენაზე ითარგმნა კ-ს არაერთი თხზულება.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვე­ვები, ტ. 6, თბ., 1972; შ ა რ ა ძ ე  გ., საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, თბ., 2003; Брайович С. М., Карл Каутский – эволюция его воззрений, М., 1982.

ლ. ურუშაძე