კაქტუსისებრნი, კაქტუსები (Cactaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხისებრი, ბუჩქისებრი და ლიანისებრი ფორმებია, იშვიათად – დაბალი ხეები. აქვთ ეკლით, ბუსუსით ან ქერქლით დაფარული წვნიანი, ხორცოვანი ღერო, რ-იც სფეროსებრი, კვერცხისებრი, ცილინდრული და სვეტისებრია, ზოგჯერ გაბრტყელებულია და დაყოფილია ნაწილებად. ფოთლები რედუცირებული აქვთ. ფოტოსინთეზი და ტრანსპირაცია ხდება ღეროთი, რ-შიც მძლავრადაა განვითარებული წყლის შემცველი პარენქიმა (დიდ კაქტუსებში 2000-მდე ლ წყალი გროვდება). ხშირად კ-ს ცვილისებრი ნაფიფქი აქვს ან ქეჩისებურად არის შებუსვილი. თითქმის ყველას აქვს წიბოებიანი დვრილები. განსაკუთრებით დამახასიათებელია ე. წ. ა რ ე ო ლ ე ბ ი (მკვეთრად შემოსაზღვრული ბუსუსიანი და ეკლიანი უბნები, რ-ებიც უბის კვირტებისგანაა წარმოშობილი). ყვავილები მეტწილად დიდი და კაშკაშაა, მარტოული, იშვიათად კენწრულ ყვავილედებად შეკრებილი; მრავალთესლიანი ნაყოფი კენკრისებრია, ზოგჯერ მშრალი. ყვავილები იშლება საღამოს ან გვიან ღამით. ცნობილია კ-თა 85 გვარი (სხვა მონაცემებით 50 – 220) და 2000-ზე მეტი სახეობა. გავრცელებულია უმეტესად ამერიკაში (აქედან ნახევარი – მექსიკაში), მხოლოდ ერთადერთი გვარი – ღჰიპსალის – გვხვდება ტროპიკულ აფრიკაში (გზადმოყოლილია). კ. იზრდება ტროპ. და სუბტროპ. უდაბნოებში (ზოგან მთებშიც 4500 მ-მდე), იშვიათად – ტროპ. წვიმის ტყეებში, ზღვის სანაპიროებსა და სავანეებშიც.
ზოგი კ. (უმეტესად ოპუნციის სახეობები) გავრცელდა ავსტრალიაში (სადაც იგი სათიბ-საძოვრის ძლიერ სარეველად იქცა), ჩინეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში, ყირიმის სამხრ. სანაპიროზე და სხვ. საქართველოში ძირითადად მხოლოდ ბოტანიკურ ბაღებში გვხვდება. თბილ. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ხარობს თვითნათესი ოპუნციები. კაქტუსის მრავალი სახეობის ნაყოფი და ღეროს რბილობი საკვებად ვარგისია. ზოგს იყენებენ საქონლის საკვებად (უეკლო ოპუნციები), სათბობად და მსუბუქ საშენ მასალად (გამერქნებული ღეროები), ცოცხალ ღობედ (ეკლიანი ოპუნციები და ზოგი ცერუესი). სახეობების უმეტესობას (მამილარია, ოპუნცია, ცერეუსი, ცეფალოცერეუსი და სხვ.) აშენებენ სათბურებში, აგრეთვე ოთახის პირობებში.