კაშხალი

კაშხალი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც დინების ზემო ნაწილში ხერგავს მდინარეს (ან სხვა წყალსადინარს) წყლის დონის ასაწევად, ნაგებობის მდებარეობის ადგილზე წყლის დაწნე­ვის კონცენტრაციისთვის და წყალსაცავის შესაქმნელად. ძვე­ლად კ-ს ძირითადად ირი­გაციისთვის აშენებდნენ. კ-ის მშენებლობის შე­სა­ხებ პირველი ცნობები მო­იპოვება ეგვიპტეში, ინდოეთსა და ჩინეთში (ძვ. წ. 4000). ძველად მას უმეტესად მიწისგან ან ხისგან აგებდნენ. მცირე სიმაღლის კ-ების მშენებლობა ფართოდ გაიშალა XVI–XVII სს-ში, განსაკუთრებით კი XIX ს. II ნახევრიდან, როდესაც დაიწყო ჰიდროელექ­ტროსადგურების აგება.

დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ წ ყ ა ლ ს ა ც ა ვ ი ს ა და წ ყ ა ლ ს ა წ ე ვ ი ს, აგრეთვე ყრუ და წყალგადასაშვებ კ-ებს. ძირითადი საშენი მასალის მიხედვით არსებობს ხისა და მიწის, ქვის, შერეული, რკინაბეტონის კ-ები. ხისა დ ა მიწის კ. უძველესია და ყველაზე ფართოდ იყო გავრცელებული. აგებდნენ მშრალად, ყოველი შემდგომი ფენის და­ტკეპნით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეა აგე­ბული სიონის მიწაყრი­ლის კ. მდ. იორზე (სიმაღლე 70 მ), აგრეთვე კ. ჟინვალის (დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჟინვალი) წყალსაცავზე, რ-იც წარმოადგენს მიწანაყარ თიხისგულიან ნაგებობას [სამშ. სიმაღლე 102 მ, მუშა სიმაღლე (წყლის შეტბორვის სიმაღლე) 96 მ]. ქვის კ-ს აგებენ ქვის ღორღის ან კენჭების დაყრით (ე. წ. ქვაყრილი კ.), ან ქვის მშრალი წყობით, ანდა მშრალი წყობისა და ქვაყრილის შერწყმით (ე. წ. ნახევრად ქვაყრილი კ.). სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ტიპის კ. აგებულია მდ. ხრამზე (სიმაღლე 30 მ), შაორის წყალსაცავზე (რაჭა; ქვაყრილის სიმაღლე 11,5 მ) და სხვ.; შერეული ტიპის კ-ს აგებენ ქვაყრილისა და მიწისგან ან ქვაყრილისა და ბეტონისგან. როგორც ქვის, ისე შერეული ტიპის კ. ყრუა. ასეთია მაგ., ვარციხის კ. (სიმაღლე 21,2 მ). ბეტონისა და რკინაბეტონის კ., თავის მხრივ, სამი სახისაა: გრავიტაციული, თაღოვანი და კონტრფორსებიანი. გრავიტაციული კ. ყრუა ან წყალ­გადასაშვები. ხშირად მის თხემზე ეწყობა წყალსაშვები, ზემო წახნაგთან კი – დრენაჟი გაფილტრული წყლის ასარინებლად. თაღოვანი კ. წარმოადგენს ვერტიკალურღერძიან ბეტონის თაღს, რ-იც ხეობის ნაპირებსა და ფუძეს ეყრდნობა. მას მხო­ლოდ მტკიცე გრუნტზე (კლდე-გრუნტზე) აგებენ. იგი შეიძლება იყოს როგორც ყრუ, ისე წყალგადასაშვები. თაღოვანი კ. აგებულია მდ. ლაჯანურზე, დაბა ცაგერის სამხრ.-დას. მიმართულებით (სიმაღლე 69 მ). კონტრფორსე - ბიანი კ. ყრუცაა და წყალგადასაშვებიც, შედგება ფორსებზე მიბჯენილი ფილისა და თაღების რიგისგან. ხის კ-ის მდგრადობას უზრუნველყოფს გრუნტში ჩასობილი ხი­მინჯები, ძელყორეები. ხის კ. წყალგადასაშვებია. მისი სიმაღლე აღწევს 10–15 მ. იყენებდნენ ხეტყის დასაცურებელ სისტემებში, სოფ. მეურნეობაში (წისქვილი, ირიგაცია) და სხვ. მისი აგება ეკონომიკურად გამართლებულია ხეტყის წარმოების რეგიონებში. ამჟამად ამ ტიპის კ-ს თითქმის აღარ იყე­ნებენ.

მსოფლიოში ყველაზე მაღალია როგუნის მიწის კ. (ტაჯიკეთი), მდ. ვახშის (სიმაღლე 325–345 მ) და ენგურის თაღოვანი კ. (სიმაღლე 270 მ). ენგურის კ. ერთ-ერთი უმაღლესი თაღოვანი რკინაბეტონის კონსტრუქციაა და შედის მსოფლიოს უმაღლესი თაღოვანი კ-ების ხუთეულში. 2015 მას მიენიჭა ეროვნ. კატეგორიის ძეგლის სტატუსი.

ლიტ.: გ ა ვ ა რ დ ა ­შ ვ ი ­ლ ი  გ., ბუნებრივი და ტექტონიკური კატასტროფებისას მთის ლანდშაფტების უსაფრთხოების ღონისძიებები, თბ., 2011; ი ო რ დ ა ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ი., სა­ქარ­თვე­ლოს მთის წყალსაცავების ეკო-ევოლუციის საკითხები, თბ., 2012; მ ო წ ო ნ ე ლ ი ძ ე  ნ., ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ნაწ. 1, თბ., 1977.

გ. გავარდა­შვი­ლი