კაჩინსკი ლეხ ალექსანდერ

კაჩინსკი (Kaczyński) ლეხ ალექსანდერ [18. VI. 1949, ვარშავა,–10. IV. 2010, სმოლენსკი (რფ), დაკრძალულია ქ. კრაკოვში], პოლონეთის პრეზიდენტი 2005–10. ქ. ვარშავის მერი 2002–05. პარტია „სამართალი და სამართლიანობის" (შექმნა ტყუ­პისცალ ძმასთან ერთად 2001) ერთ-ერთი ლიდერი. სწავლობდა ვარშავის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე, 1972 მიიღო მაგისტრის ხარისხი. 1979 დაიცვა სადოქტორო დი­სერ­ტა­ცია გდანსკის უნ-ტში, 1990-იდან იყო ამ უნ-ტის პროფესორი. პოლიტ. კარიერა დაიწყო 1977 მუშათა დაცვის კომიტეტში, რაც ანტიკომუნისტური ოპოზიციის იატაკქვეშა მოღვაწეობად ითვლებოდა. 1980 დაინიშნა გდანსკის საგაფიცვო კომიტეტის იურიდ. მრჩევლად. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ 11 თვე იყო დაპატიმრებული, გათავისუფლების შემდეგ სეიმისა და სენატის წევრი გახდა. პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და ეროვნ. უსაფრთხოების ბიუროს, შემდეგ – უმაღლესი კონტროლის პალატას. იყო იუსტიციის მინისტრი. 2005 ოქტომბერში გაიმარჯვა პოლონე­თის საპრეზიდენტო არჩევნებში. 2008 აგვისტოში, სა­ქართვე­ლო-რუსეთის შეიარაღებული კონ­ფლიქ­ტის დროს, კ. ჩამოვიდა თბილისში და რუსეთი აგრესიაში დაადანაშაულა. მონაწილეობა მიიღო მთავრობის სასახლის წინ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამართულ მრავალათასიან მიტინგში.

კ. სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დაიღუპა ავიაკატასტროფაში, როდესაც სმოლენსკში „კატინის ტრაგედიის" 70 წლისთავის აღსანიშნავად მიფრინავდა.

პოლონეთისა და სხვა ქვეყნის ჯილდოებთან ერთად კ-ს მიღებული აქვს სა­ქარ­თვ. უმაღლესი ჯილდოები – წმ. გიორგის გამარჯვების ორდენი (2007), ეროვნული გმირის ორდენი (2010 წ. 10 აპრილს, სიკვდილის შემდეგ). თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სა­ხელი ეწოდა.