კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე" – შთენილი კლდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ-ების - კაცხურისა (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზ. დ. 650 მ, მიწის ზედაპირიდან – 40 მ. კ. ს. ბოლოვდება მართკუთხედის ფორმის მოედნით, რ-ის გვერდები 17 და 10 მ სიგრძისაა. სვეტის ფერდობები ვერტიკალურად ეშვება, რის გამოც მასზე ასვლა მხოლოდ სპეც. აღჭურვილობითაა შესაძლებელი.
ადრინდ. შუა საუკუნეებში აქ მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელი იყო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რ-იც VI ს-ში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რ-თანაც ქრისტ. საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილზე მოპოვებული უხეშად დამუშავებული ქვით, ხოლო აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე ეკლესია (VI ს.) აგებულია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი ტუფის კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული – სამარხი). კ. ს-ის არქიტ. ძეგლები (ორი ეკლესია, განდეგილი ბერის საკანი და ჩაფლული ქვევრები) პირველად 1944 ნახა მთამსვლელთა ჯგუფმა ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ აგრეთვე არქიტ. ვ. ცინცაძე, მწერლები: ლ. გოთუა და ა. ბელიაშვილი. სვეტზე 1999 ავიდა მეორე ექსპედიცია (ხელმძღვ. ბ. გუჯაბიძე). სვეტის ეზოში 2000 ააგეს სვიმონ მესვეტის ეკლესია. 2006 სვეტზე ასასვლელად მოეწყო ლითონის კიბე.
ლიტ.: საქართველოს ბუნება, თბ., 2013; ც ი ნ ც ა ძ ე ვ., კაცხის „სვეტი", «საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1946, ტ. 7, № 8.
ლ. მარუაშვილი
შ. საღარაძე