კაცხის ტაძარი

კაცხის ტაძარი, X–XI სს. მიჯნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. კაცხში. აღმართულია სოფლის ცენტრში. სამხრ.-დას. შესასვლელის ტიმპანის წარწერის მიხედვით იგი 1010–14 დაასრულეს. ტაძარი დიდი, შიგნიდან ექვსაფსიდიანი მრავალწახნაგა გუმბათოვანი ნაგებობაა. გარედან, სამი მხრიდან, აკრავს გარშემოსასვლელი, რ-იც დაახლ. 30 წლის შემდეგ მიუშენებიათ. მთელი ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი კონცენტრული, წახნაგოვანი მოცულობისაგან – გარსშემოსავლელის, საკუთრივ ტაძრის კორპუსისა და გუმ­ბა­თის ყელისაგან. ყოველი წახნაგი დასრულებულია ფრონტონით, რის გამოც იქმნება ტეხილი, ხერხისებრი ლავგარდანი. ტაძრის შიგნით, ­ცენტრ. გუმბათქვეშა ფართობის ირგვლივ, რადიალურადაა განლაგებული აფსიდები. ხუთი მათგანი უბემოა და უშუალოდ ერთვის ­ცენტრ. სივრცეს. აღმ. აფსიდის წინ ბემაა. ამგვარად, ეს მხა­რე რამდენადმე წაგრძელებულია და გარედან ხუთწახნაგა შვერილს ­ქმნის. შესასვლელი სამია: დას., სამხრ.-დას. და ჩრდ.-დას-ისა. ექვსწახნაგიდან გუმ­ბა­თის ყელზე გადასვლა ხორციელდება ბრტყელი ტრომპების ორი რიგით. საკურ­თხე­ვე­ლი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. იატაკი თლილი ქვის ფილებითაა მოფენილი. ეკლესია შიგნით სადაა, თითქმის ყოველგვარი მორთულობის გარეშე. გარედან შემოსილია სუფთად გათლილი მოყვითალო კირქვით.

ტაძარს გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). მის ჩრდ.-დას. კუთხეში დგას ძვ. სამრეკლო, რ-იც კარიბჭის ფუნქციასაც ასრულებდა. შენობა მდიდრულად იყო მოჩუქურთმებული. XIX ს. რესტავრაცია-შეკეთების შემდეგ ეკლესიის კორპუსის მთელი ზემო ნაწილი და გუმ­ბა­თის ყელის გარე პერანგი მთლიანად განა­ხლებულია. თავდაპირველი მორთულობიდან გადარჩა მხო­ლოდ გარშემოსავლელის მდიდარი საპირეები და კარნიზი, აგრეთვე საკუთრივ ტაძრის კორპუსის შესასვლელთა მორთულობა. გარშემოსავლელის აღმ. სადგომში შემორჩენილია ქართ. პლასტ. ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ნიმუში – რელიეფური ქანდაკება – ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სიმბოლური სცენა, რ-იც მოჩუქურთმებულ ­მრგვალ ჩარჩოშია ჩასმული. როგორც წერილობითი წყაროებიდან ჩანს, აქ ადრე მონასტერი იყო, რ-მაც XIX ს-მდე იარსება. კ. ტ-ს რამდენჯერმე შეეცვალა სა­ხე­ლი – XI ს. წყაროებში მას სამებას უწოდებენ, ხოლო XVI–XVIII სს-ში – მაცხოვრის ტაძარს. 2016 ეკლესიასა და სამონასტრო კომპლექსში ჩატარდა სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები (არქიტ. მ. გელა­შვილი). სოფლის მახლობლად მდებარეობს კაცხის სვეტი.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., კაცხის ტაძარი, «ქარ­თული ხელოვნება», ტ. 3, თბ., 1950; მ ი ს ი ვ ე, ძველი ქარ­თული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; საქართველოს სულიერი საგანძური, წგ. 1. კაცხი, თბ., 2005; ც ი ც ი ­შ ვ ი ­ლ ი  ი., ქარ­თული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995.