კაწარეთის საეპისკოპოსო, ფეოდალური ხანის (V–VII სს.) საეპისკოპოსო ცენტრი. მდებარეობდა კახეთში (ამჟამად ნასოფლარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდ. ივრის მარცხ. ნაპირზე). ვარაუდობენ, რომ უძველეს ხანაში აქ კუხებისა და სუჯების ტომთა წარმართული რელიგ. ცენტრი იყო. გადმოცემით, ქართველთა განმანათლებელმა ნინომ აქ მიაღებინა ქრისტიანობა კუხ და სუჯ მთავრებს და მათ ქვეშევრდომებს. ქართ. საეკლ. იერარქიაში კაწარელი ეპისკოპოსი რიგით მეოცედ იხსენიებოდა.
წყარო: მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963; მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციკულო ეკლესიის ისტორია, ტ. I, თბ., 1996.
დ. მუსხელიშვილი