კახაბერ II გურიელი, (გ. 1483), გურიის მთავარი XV ს. II ნახევარში, ლიპარიტ I დადიანის ვაჟი. დაეხმარა ქართლის მეფის, გიორგი VIII-ის წინააღმდეგ აჯანყებულ სამცხის ათაბაგს – ყვარყვარე II ჯაყელს, რ-ისგანაც სამაგიეროდ აჭარა და ჭანეთი მიიღო, ხელი შეუწყო იმერეთში გიორგი VIII-ის მოწინააღმდეგე ერისთავის, ბაგრატის გამეფებას. შემდეგში კ. II გ. დადიანთან ერთად დაუპირისპირდა სამეფო ხელისუფლებას და გურიის სამთავროს დამოუკიდებლობისათვის დაიწყო ბრძოლა, მაგრამ ბაგრატმა დაამარცხა. კ. II გ. არ გამოცხადდა ალექსანდრე II-ის იმერთა მეფედ კურთხევაზე, შემდეგ კი ქართლის მეფე კონსტანტინე II-სთან ერთად ებრძოდა (1479–80) მას. ამ დროიდან გურია ფაქტობრივად დამოუკიდებელი სამთავრო გახდა.
ქ. ჩხატარაიშვილი