კახაბერისძენი, დიდებულთა საგვარეულო დასავლეთ საქართველოში. ბაღვაშთა საგვარეულოს განშტოება. კ. XI ს-იდან რაჭის ერისთავები იყვნენ. სხვავის ეკლესიის ჯვრის XI ს. წარწერაში მოხსენიებულია რაჭის ერისთავი რატი და მისი ძე კახაბერი. მკვლევართა აზრით, იგივე კახაბერი, უკვე ბერად შემდგარი კირილეს სახელით, იხსენიება თავის ძესთან, ერისთავთერისთავ რატისთან ერთად ნიკორწმინდის ჯვარცმის ხატის XI ს. წარწერაში. მათ გააფართოვეს თავიანთი სამფლობელოს მიწა-წყალი. თამარის მეფობის დასაწყისისთვის ისინი ფლობდნენ არა მხოლოდ რაჭას, არამედ თაკვერსაც (ლეჩხუმი) და რაჭისა და თაკვერის ერისთავებად იწოდებოდნენ. კ. მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ XII–XIII სს. საქართველოს პოლიტ. ცხოვრებაში (იხ. კახაბერისძე კახაბერ). XIII ს. 80-იან წლებში მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ კ-თა ბრძოლის გამო დავით VI-მ გააუქმა რაჭის საერისთავო და სახასო მამულად აქცია. კ-თა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა. XIV ს. მიწურულს, კვლავ აღდგენილ რაჭის საერისთავოს სხვა საგვარეულო ჩაუდგა სათავეში.
წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ჟამთააღმწერელი, იქვე.
ლიტ.: ა ნ თ ე ლ ა ვ ა ი., XI–XV სსის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის საკითხები, თბ., 1980; თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი ე., არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში, თბ., 1963; ს ო ს ე ლ ი ა ო., რაჭის ერისთავთა სათავადო, კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1970.
ი. ანთელავა