კახაძე ივანე რაჟდენის ძე

კახაძე ივანე რაჟდენის ძე [24. XII. 1904 (6. I. 1905), სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 17. V. 1955, თბილისი], გეოლოგი. სა­ქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1950), გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1946), პროფესორი (1947). დაამთავრა ამიერკავკ. სამთო-მეტალ. ინ-ტი (1930). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-სა და სპი-ში. კ-ის შრომები შეეხება კავკასიის მეზო-კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფიისა და ტექტონიკის საკითხებს. მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ­წვლილი შეიტანა სა­ქართვ. და ჩრდ. კავკ. სასარგებლო წიაღისეულის (ქვანახშირი, ბარიტი, პოლიმეტალები, სამშენებლო ქვები და სხვ.) საბადოების გეოლ. აგებულების შესწავლის საქმეში. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

თხზ.: სა­ქარ­თვე­ლოს შუა იურულის ფაუნა, «გეოლოგიური ინ-ტის შრომები. გეოლ. სერია», 1942, ტ. 1 (6)3; შენიშვნები კვაისის რაიონის ტექტონიკის შესა­ხებ, «სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1951, ტ. 12, № 2; Грузия в юрское время, «გეოლოგიური ინ-ტის შრომები. გეოლ. სერია», 1947, ტ. 3 (8).

ლიტ.: ივანე კახაძე. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. გ. მგელაძე-ბორჯაძე, რედ. ნ. გურგენიძე, თბ., 1997.

ვ. ზესა­შვი­ლი