კახეთი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდ. ივრისა და მდ. ალაზნის აუზებს. კ-ს დას-ით ესაზღვრება ქართლი, სამხრ.-აღმით - აზერბაიჯანი, ჩრდ.-აღმ-ით - დაღესტანი, ხოლო ჩრდ-ით - ჩაჩნეთი (ორივე - რუს. ფედერაცია). კ-ის ადმ.-ტერ. დაყოფა იხ. სტ-ში კახეთის რეგიონი. დღევანდელი კ. ოთხ მცირე ერთეულად იყოფა: შიგნიკახეთი (მდ. ალაზნის მარჯვ. სანაპირო), გარეკახეთი (მდ. ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდ. ივრისა და მდ. ალაზნის ქვემო წელი) და გაღმამხარი (მდ. ალაზნის მარცხ. სანაპირო). XVII ს-იდან, შაჰ აბასის დაპყრობითი ლაშქრობების შედეგად, კ-ს ჩამოსცილდა ჩრდ.- აღმ. ნაწილი, რ-იც დღეს აზერბაიჯანის შემადგენლობაშია და საინგილო ეწოდება.
თავდაპირველად კ. გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა და იგი მდ. ივრის ზემო წელით შემოისაზღვრებოდა. ცენტრი იყო ჩელეთი (იხ. აგრეთვე ჟალეთი), IV ს-იდან – უჯარმა. კ-ზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო დროთა განმავლობაში თავდაპირველი კ-ის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტ. ერთეულები. ადრინდ. ფეოდ. ხანაში კ. უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიებსაც მოიცავდა. VIII ს. ბოლოსთვის მან ჰერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი და კუხეთი გადაფარა: „ხოლო ქუეყანისა ამისა სახელნი არიან სამნი: რამეთუ ჰერეთი ეწოდა თარგამოზის ძისა ჰეროსის გამო, რომელსა ძმათა თჳსთა შორის წილად ხუდა ქუეყანა ესე და დაიპყრა საზღვარი თჳსი... ხოლო კახეთი და კუხეთი არიან წილნი ქართლოსის, რამეთუ შემდგომად ქართლოსის სიკუდილისა, განუყო დედამან მათმან ძეთა თჳსთა ქართლოსის წილი ქუეყანა" (ვახუშტი ბაგრატიონი).
საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ (XV ს. II ნახევარი) კ. ცალკე სამეფო ერთეულს წარმოადგენდა (იხ. კახეთის სამეფო).
საქართველოს სხვა მხარეების მსგავსად კ-ც რთული ისტ. პროცესის შედეგად წარმოქმნილი რეგიონია. აწინდელი კ. გაცილებით უფრო გვიან ჩამოყალიბდა, ვიდრე საქართველოს სხვა დანარჩენი კუთხეები. XVII ს-ში ყიზილბაშთაგან გაჩანაგებული კ. იმერეთიდან, ქართლიდან და მთიდან გადმოსახლებულმა მოსახლეობამ შეავსო. კ-ში მოსახლეობის მიგრაცია საქართველოს სხვა ისტ.-ეთნოგრ. მხარეებიდან ბოლო დრომდე არ შეწყვეტილა.
ქართლისაგან განსხვავებით კ-ში გვიან შუა საუკუნეებში მნიშვნელოვნად იყო წარმოდგენილი სახნავ-სათესი მიწების საერთო-სასოფლო (თემური) მფლობელობა.
კ. დაწინაურებული მეურნეობის მხარე იყო: „ხოლო ქუეყანა ესე არს ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა და თევზითა... რამეთუ თჳნიერ ნარინჯისა, თურინჯისა, ლიმონისა და ზეთისხილისა, ნაყოფიერებენ ყოველნი, რომელნიცა აღვსწერეთ, აბრეშუმით, ბამბით, ბრინჯით და ხურმა, წაბლი იმერეთისგანაცა აქ უმჯობესი არს" (ვახუშტი ბაგრატიონი). კ-ში განსაკუთრებით მაღალ განვითარებას მიაღწია მევენახეობა-მეღვინეობამ. კახური ღვინო არა მარტო ამჟამად, არამედ ადრეც გადიოდა საექსპორტოდ. თითქმის ყველა სოფელში ვაზის ადგილ. მცირე რეგიონისათვის დამახასიათებელი ჯიშებია გავრცელებული. კახელ მევენახეს 80-ზე მეტი ვაზის ჯიში ჰქონდა გამოყვანილი, მაგრამ გვიანი პერიოდისათვის, საბაზრო ურთიერთობების შედეგად, განსაკუთრებით რქაწითელი და საფერავი გავრცელდა. გარეკახეთში ამ მხრივ მანავის მწვანე გამოირჩეოდა. ვენახის ნიადაგის განაყოფიერებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სასუქის შეტანას. მევენახეს 7-8 წელიწადში ერთხელ მაინც ვენახში ნაკელი უნდა შეეტანა. წყლით მდიდარ რეგიონში ვენახის მორწყვასაც მიმართავდნენ. XIX ს. კახეთში ვენახის დიდი მამულები გააჩნდათ თავადებს – ჭავჭავაძეებს, ვაჩნაძეებს, ჯორჯაძეებს, ანდრონიკაშვილებს და სხვ.
მეღვინეები დიდ ყურადღებას აქცევენ ღვინის დაყენების ყველა ტექნოლოგიურ პროცესს, განსაკუთრებით – ქვევრის რეცხვას. ამბობენ: „უსუფთაო ჭურჭელი ღვინის მტერიაო“. ამიტომ ქვევრებს საგულდაგულოდ რეცხავენ.
კ-ის ეთნოგრაფიულ ყოფაზე საუბრისას აღსანიშნავია ჩურჩხელა, რ-იც ყურძნის ტკბილი წვენისა და ფქვილის ნახარშში (ფელამუში, თათარა) ამოვლებული ნიგვზის ასხმულაა. თათარაში ამოვლებულ ჩურჩხელას მესამე-მეოთხე დღეს „აბადაგებენ", ანუ „აშაქრებენ" – მოდუღებულ ტკბილს (ბადაგს) წაუსვამენ და ერთი დღე-ღამის განმავლობაში სუფთა ნაჭერში გაახვევენ, შემდეგ მზეზე გაშლიან. როგორც კი მზე დახედავს, ჩურჩხელა მაშინვე თეთრდება და რბილდება.
კახელები რთვლის დაწყებამდე ორი დღით ადრე ვენახში შესანახ ყურძენს შეარჩევენ და დაკრეფენ. მტევნებს წნელზე ასხამენ, „აჯაგნავენ" და მზის გულზე მარნის თავხეზე ან სახლის სხვენზე ჰკიდებენ. იცოდნენ ჯაგნების გოდრებში ჩაკიდებაც. ასეთ გოდრებს ზემოდან ჩალას აყრიდნენ, შემდეგ კი ხის ტოტებზე შემოდგამდნენ; ყურძენს კახელები მიწაშიც, ანუ ორმოშიც ინახავდნენ, ქიზიყში კი - კოკალში (დაბალნაპირებიანი, მოგრძო სინის მსგავსი ჭურჭელი). კოკალზე გაშლილ ყურძენს მეორეს ზედ დააფარებდნენ და ნაპირებს დაუგლესავდნენ.
კ-თვის ტრადიციულია დახურული მარანი („საღვინე სახლი"), სადაც იწურება ყურძენი, დგება და ინახება ღვინო.
კახური ღვინო ძველთაგანვე განთქმულია მთელ საქართველოში. კ-ში (და, საერთოდ, საქართველოში) ღვინის სმის მაღალი კულტურა არსებობდა. არც გლეხი და არც თავადაზნაურობა გადამეტებულად არასდროს სვამდა. ამის შესახებ XIX ს. შუა ხანებში ალექსანდრე ორბელიანიც წერდა: „მომატებულს ღვინის მსმელსა კაცსა, ჩვენი მამა-პაპა ვაჟკაცს არ ეტყოდნენ და არც კაი კაცად ახსენებდნენ იმას. იმას უძახიან მთვრალსა ლექსადა, ცუდსა კაცსა". ამას ბარონი დე ბაიც აღნიშნავდა: „ერთ-ერთი ქართველი მარწმუნებდა, – ათას კაცზე ერთი ლოთი თუ შეგხვდება, ისიც ნაცემი და სასაცილოდ აგდებული არისო. კახეთში ბევრ ღვინოს აყენებენ, ბევრსაც სვამენ, მაგრამ არ თვრებიან".
კ. საქართველოს კერამიკული წარმოების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო. ამ თვალსაზრისით შეიძლება დავასახელოთ თელავი, იყალთო, რუისპირი, კურდღელაური და ბოდბისხევი. XX ს. დასაწყისში თელავში 60 მეჭურჭლე ყოფილა. ბოლო დროს აქ ძირითადად აკეთებდნენ წვრილ ჭურჭელს – ჭინჭილას, ფიალას, ღვინის ჩარექას, ღვინის ხელადას, კოკას (ექვსსათლიანი), ორ- და სამხელადიან წყლის სურას, მწნილის ქოთანს (სამსათლიანი), სახაშეს, ღვინის ჩაფულას (ორ- და სამხელადიანი), ღვინის ჯამებს, ქვაბქოთანს, სადუღარს, ჩარექიანს, ლიტრს, ორლიტრიანს, გოზაურს... კრამიტსა და აგურს უფრო მეტად იყალთოსა და ვარდისუბანში ამზადებდნენ. ისევე როგორც საქართველოს სხვა ისტ.-ეთნოგრ. მხარეებში, კ-შიც მოწნული ჭურჭლის ნაირსახეობას აკეთებდნენ, მაგრამ კ-ს, ქიზიყთან ერთად, ამ მხრივ ერთი თავისებურება ახასიათებდა – XIX ს-სა და XX ს. დასაწყისში იცოდნენ დაწვნა ძალიან დიდი გოდრის, რ-საც კ-ში „გოგროხას" უწოდებდნენ, ქიზიყში – „სულადის გოდორს"."სულადი" ქართველი კაცისთვის იგივე მარცვლეულია, ე. ი. მას მარცვლეულის შესანახად იყენებდნენ. ქიზიყურ „სულადის გოდორში" ერთი ურემი მარცვლეული ჩადიოდა.
ქართლში ცხრილებს თუ ხის პწკალისაგან ქსოვდნენ, კ-ში საამისოდ ტყავის თასმას იყენებდნენ.
კ-ის ბუნებრივ-გეოგრ. და კლიმატური პირობები მემინდვრეობის ფართოდ განვითრების შესაძლებლობას იძლევა. საერთო კახური მემინდვრეობისაგან მკვეთრად გამოყოფენ ქიზიყურ მემინდვრეობას. მასთან მსგავსებას იჩენს გარეკახური მემინდვრეობა. ამ ორ რეგიონს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი აახლოვებდა – ურწყავი მიწათმოქმედება და მიწის თემური/სასოფლო საკუთრება. პურეულის მრავალსახეობით გამოირჩეოდა შიგნიკახეთი და გაღმამხარი. ქიზიყში ცალკე გამოიყოფოდა ე. წ. „საბლის მიწები“- მიწები დროდადრო ნაწილდებოდა, ისაბლებოდა. ეს ტერმინი იმიტომ დამკვიდრდა, რომ გადაზომვა საბლით/თოკით ხდებოდა. იცოდნენ მიწის დაჩემებაც. კ-ში სახნავ-სათესი მიწების 83% საერთო სარგებლობაში იყო.
კ-ში მოჰყავდათ წითელი და თეთრი დოლი, თავთუხი, შავფხა, პოშოლა, ხულუგო, დიკა, გაზაფხულის ქერი, სიმინდი, ასლი, ჭვავი, შემოდგომის ქერი, ლობიო, მუხუდო, ცერცვი, უგრეხელი, ფეტვი და ბრინჯი. ტექნიკური კულტურებიდან – ბამბა და ენდრო. ხნავდენ შეამხანაგებულები, რასაც „მოდგამობა" (იხ. მოდგამი) ეწოდებოდა. ანეულის დაწყების წინ გარკვეული ცერემონიალი, ე. წ. „სასოფლო საღმრთო" იმართებოდა.
ხვნის დროს „მოდგამის" წევრები ძირითადად „ოროველას" მღეროდნენ. კ-ში გაზაფხულსა და ზაფხულში მიწას სამჯერ ხნავდნენ. შემოდგომით მოხნულს ან მეორედ გადახნულ ანეულს აოშვას უწოდებდნენ. ნაპირებიდან დაწყებულ ხვნის პროცესს „ნაღარაზე ხვნა" ეწოდებოდა, ხოლო შუაგულიდან დაწყებულს – „ნაზურგით ხვნა". დათესვის შემდეგ აუცილებლად კაბდოს შემოატარებდნენ, რ-იც მიწის დიდ ბელტებს შლიდა და მარცვალს ფარავდა. მოწეული თავთავი ავდარს რომ არ გაეფუჭებინა, მკა აუცილებლად ერთ დღეში უნდა დაემთავრებინათ, რისთვისაც ხშირად ოცდაათი მომკელიც კი იყრიდა თავს. მკიდნენ რამდენიმე მწკრივად; თითოეულ მწკრივს ჰყავდა თავისი მესვეური, რ-იც წინ მიდიოდა. ყოველი სვის გატანის შემდეგ მასპინძელი მკელებს თითო ჯამი ღვინით უმასპინძლდებოდა. მესვეურს უკან ორი მომკელი მისდევდა, ამ უკანასკნელთ კი – მეძნეური მიჰყვებოდა, რ-იც ხელეულს ულოზე აწყობდა და ძნას კრავდა. მკაში მიღებული ყოფილა ეროტიკული და სატრფიალო ხასიათის შაირები. მარცხენა ხელის სამ თითზე მკელი სათითეებს ატარებდა.
მარცვლეულს ინახავდნენ ორმოსა და ხაროში. ხარო ქვითკირით იყო ამოშენებული, ორმოს კი კედლების გარშემო ნამჯა ჰქონდა მიკრული. ორმოს ეფარა ხის ბადიმი, რ-საც ზემოდან მიწას აყრიდნენ. ორმოს პირი ვიწრო ჰქონდა და შიგნით განივრდებოდა. მარცვალს ინახავდნენ ბეღელშიც (ფიცრული ნაგებობა); იყენებდნენ კოდებსაც (მრგვალი ფორმის გულამოღარული დიდი მორი, რ-საც ძირი აქვს ჩადგმული). ხორბალს ინახავდნენ "უხეირო ქვევრებშიც", რ-იც ღვინისათვის უკვე გამოუსადეგარი იყო.
კ-ში გავრცელებული ტრადიციით მკის დამთავრების დროს მესვეური პურის საუკეთესო თავთავისაგან კრავდა ჯვარს, რ-იც ყანის პატრონთან – დიასახლისთან მიჰქონდა; დიასახლისი მას ასაჩუქრებდა მამლით, რ-საც „ჯვარის მამალი" ერქვა. მამალს ვახშმად კლავდნენ და თავს მესვეურს მიართმევდნენ. თავთავებისგან შეკრულ ჯვარს მომავალი წლის თესვამდე ინახავდნენ. „თესლის გატანის" დღეს მას ფშვნიდნენ, ღვინით აზიარებდნენ", დასათეს თესლში შეურევდნენ და იტყოდნენ: "ასე კაკალივით მარცვალი მოვიდესო". ყოველივე ამას სამეურნეო-რელიგიური დღესასწაულის ხასიათი ჰქონდა და ოჯახის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ მეზობლები, ნათესავები, თანასოფლელები. ყანის მკის დამთავრების შემდეგ ძნებს კალოზე კევრით ლეწავდნენ.
გვალვიანობის დროს იცოდნენ „გუთნით წყლის მოხვნა". ამ რიტუალს ქალები ასრულებდნენ: გუთანს უღელს გამოაბამდნენ, უღელში თავად შეებმებოდნენ, მას მდინარეში გაათრევდნენ და დინებას აღმა აუყვებოდნენ, თან ღმერთსა და ელია წინასწარმეტყველს ადიდებდნენ: „აღარ გვინდა გორახი, ღმერთო, მოგვე ტალახი. დიდება და დიდება, ღმერთსა ჩვენსა დიდება"...
კ-ში განსაკუთრებით განვითარებული იყო მეცხოველეობა. ამ მხრივ გამოირჩეოდა პანკისის ხეობა (მდ. ალაზნის ზემო წელი), ცნობილი თავისი მდიდარი ტყეებით, სადაც ღორებისათვის ბუნებრივი საკვები უხვად მოიპოვებოდა. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ზოგიერთ გლეხს 400, 1000 და ზოგჯერ 2 ათ. ღორიც ჰყოლია. კახეთში მეაბრეშუმეობაც სათანადო დონეზე იყო განვითარებული.
კ-ში ერთგვარად გამოირჩეოდა ქიზიყის მხარე, რ-ის ადრინდელი სახელწოდება იყო კამბეჩოვანი.
კ-ში მრავლად ჰყავდათ სახედრები (ვირები), განსაკუთრებით კი - ქიზიყში. მეცხვარეთათვის ცხენზე მეტად საჭირო იყო სახედარი, რ-საც ზედ ეკიდა მწყემსის ბარგი და ხურჯინი. სახედარი ადვილი დასამორჩილებელი და იოლი შესანახი იყო. ქიზიყში წყაროები შორს ჰქონდათ და წყლის საზიდადაც ვირს იყენებდნენ - გადაჰკიდებდნენ მოწნულ საკოკეებს, შიგ კოკებს ჩადგამდნენ და წყაროზე მიდიოდნენ. ვენახების სიშორის გამო მას საგზლის მისატანად და იქიდან სხვადასხვა ჭირნახულის წამოსაღებად იყენებდნენ.
გარეკახეთში ქართლური დარბაზული და ბანიანი საცხოვრებელი სახლები იყო გავრცელებული. მათი ძირითადი ნაწილი ქვითკირით იყო აგებული და კრამიტით გადახურული. უფრო გავრცელებული იყო ერთსართულიანი ქვის შენობა, რ-იც ჭაობის ლერწმით ორფერდად იყო გადახურული. სახლზე მიშენებული იყო სამეურნეო სათავსოები – მარანი, ბოსელი, საბძელი. კ-ში სცოდნიათ აგრეთვე „წნური სახლები", „ფიცრული სახლები", ქოხები. ქოხი, როგორც დროებითი ნაგებობა, ძირითადად კალოებზე იყო განთავსებული. სამეურნეო ნაგებობებიდან შეიძლება დავასახელოთ: სათივე, ბეღელი, სასიმინდე...
კ-ში, განსაკუთრებით ქიზიყში, მეურნეობა დაქსაქსული, სპეციალიზებული იყო. გლეხი მეცხვარეობას, მემინდვრეობას, მევენახეობას, მებოსტნეობას სხვადასხვა პირობებში და სხვადასხვა ადგილას მართავდა. ამა თუ იმ მეურნეობის სფეროზე მიმაგრებული ოჯახის ერთი წევრი სწორედ ამ საქმიანობაში იყო დახელოვნებული. შრომის დანაწილება აიძულებდა ქიზიყელ გლეხს უპირატესობა მიენიჭებინა დიდი ოჯახისათვის. აღნიშნული მდგომარეობა სიმდიდრისა და დოვლათის დაგროვებასაც უწყობდა ხელს.
ისტორიულად ნაირგვარი იყო კახელთა კვებითი კულტურა, სადაც ფხლის შეჭამანდისათვის იხმარებოდა შემდეგი მცენარეები: ხაჭიჭორა შავჩოხა, ყაყაჩო, წოწნარა, ჭინჭარი, ჭინჭრისდედა, ნაცარქათამა, ბოლოკა, ღოლო, ბალბა, დანდური, ქათმის კუჭეჭა. კ-ში ძველად ამზადებდნენ „შვინდის შეჭამანდს", „ხირხიტოს", „ზღმარტლის შეჭამანდს", „თხლის შეჭამანდს", „პურის ხაშის მახუხს" და სხვ.
კ-ში იცოდნენ ბავშვის (როგორც ვაჟის, ისე გოგონასი) ბერად შეყენება; ბერად შეყენებულ ბავშვს ლენტს შეაბამდნენ, სამი ან მეტი წლისა სალოცავში მიჰყავდათ, მანამდე კი თმას არ შეკრეჭდნენ. ეკლესიაში ბერს თმას ცოტათი ააჭრიდნენ. ამ დროს ეკლესიაში შესაწირიც - ცხვარი, „ქათმის ზვარა" - მიჰყავდათ და ღმერთს შვილის გაზრდას შესთხოვდნენ.
საქართველოს ყველა ისტ.-ეთნოგრ. მხარეში, გარდა ოფიციალური მართლმადიდებლური სახელებისა, გავრცელებული იყო ზედმეტსახელებიც. კ. ამ მხრივ გამორჩეული იყო. XIX ს. აღწერის ერთერთ დავთარში ოჯახის უფროსები ორივე სახელით არიან ჩაწერილი. მაგალითად შეიძლება სოფ. კარდენახის აღწერა მოვიყვანოთ: „გიორგი იგივე ხარება გელუკაშვილი", „გიორგი იგივე ხოხობა გელუკაშვილი", „გიორგი იგივე საბრალო გელუკაშვილი", „თევდორე იგივე ნემსა აფრიაშვილი", „გიორგი იგივე ჭუკა ხოსიტას ძე ვაჟიბედაშვილი", „ივანე იგივე ჯაგო ბეროზაშვილი"; ქოდალოში – „სოლომონ იგივე წამალა მეშველიშვილი", „ივანე იგივე ბიბილა თანდილაშვილი"და სხვ.
კ. მდიდარია ისტ. ღირსშესანიშნავი ადგილებით, რელიგიური სიწმინდეებით, ქართულ საეკლ. არქიტ. ძეგლთაგან აღსანიშნავია ალავერდი, ბოდბის მონასტერი, გრემის მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსი, გურჯაანის ყველაწმინდის ორგუმბათიანი ეკლესია (ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარი საქართველოში), დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი, დართლოს კოშკურნაგებობათა კომპლექსი, თავწმინდა გიორგის ეკლესია (ახალსოფელი, ყვარლის მუნიციპალიტეტი), იყალთოსა და ნეკრესის სამონასტრო კომპლექსები, უჯარმის ციხექალაქი, შუამთა, ხორნაბუჯი და სხვ.
კ-ის ეკლესიების კარზე საუფლო, საღვთისმშობლო თუ წმინდანთა მოსახსენებელ დღეებში სახალხო-რელიგიური დღესასწაულები იმართება. განსაკუთრებით სახალხოდ აღინიშნება ალავერდობა, აღდგომა, ბარბარობა, თავწმინდა გიორგობა, თეთრი გიორგობა, კვირაცხოვლობა (სოფ. ვაქირი), მამა დავითობა (გარეჯობა), მარიამობა, ნეკრესობა, ნინოობა, სამებობა (სოფ. ბოდბეში), შობა და სხვ.
ლიტ.: გ ვ ი მ რ ა ძ ე თ., სამეურნეორელიგიური დღესასწაულები კახეთში, თბ., 2005; თ ო ფ ჩ ი შ ვ ი ლ ი რ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მიგრაცია XVII-XX საუკუნეებში, თბ., 1984; მ ი ს ი ვ ე, საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები, თბ., 2017; ლ ე კ ი ა შ ვ ი ლ ი ა., შენ ხარ ვენახი, თბ., 1972; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1977; ნ ა ნ ო ბ ა შ ვ ი ლ ი ი., ვაზის ძველი კულტურა ქიზიყში, თბ., 1960; რ უ ხ ა ძ ე ჯ., ცოცხალი ისტორიები – კახეთი II, თბ., 2015; ს ო ნ ღ უ ლ ა შ ვ ი ლ ი ჯ., საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისათვის, წგ. 2, თბ., 1974; შ ი ლ ა კ ა ძ ე მ., ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, თბ., 1988; ჩ ი ტ ა ი ა გ., შრომები ხუთ ტომად, ტ. 4, თბ., 2001; ჯ ა ლ ა ბ ა ძ ე გ., მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 1986.
რ. თოფჩიშვილი