კახეთის აჯანყება 1605, კახეთის მოსახლეობის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ. აჯანყების უშუალო საბაბი გახდა შაჰ-აბას I-ის დავალებით კონსტანტინე მირზას მიერ (იხ. კონსტანტინე I, კახეთის მეფე) მამის, ალექსანდრე II-ის, ძმისა და სხვა კახელი დიდებულების დახოცვა (12. III). ამ ფაქტმა კახეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობამ გამაჰმადიანებული კონსტანტინე I მეფედ არ მიიღო და იარაღს მოჰკიდა ხელი. აჯანყება ქიზიყიდან დაიწყო. კონსტანტინე I სასწრაფოდ გაემართა იქ და დიდი საჩუქრებით, დაპირებებითა და შაჰის აგენტების დახმარებით მოახერხა აჯანყებულთა ასისთავების მოსყიდვა. მარტის დამლევს კონსტანტინე I გრემში ჩავიდა. აქ თავადებსა და სხვა თავკაცებს დიდი პატივი სცა, შაჰის სახელით შირვანში ლაშქრობა გამოაცხადა, მოლაშქრეებს კი დიდ ჯილდოს შეჰპირდა. ამით მან აჯანყება დროებით შეაჩერა. კახეთის მესვეურები, რ-თაც სათავეში მეფე დავით I-ის ქვრივი – ქეთევან დედოფალი ედგა, გარეგნულად კონსტანტინეს ერთგულობდნენ, ფარულად კი აჯანყებისათვის ემზადებოდნენ. კონსტანტინე I-მა კახეთის 10-ათასიანი ჯარით და ყიზილბაშთა ლაშქრით შირვანზე გაილაშქრა და ქ. შემახას ალყა შემოარტყა. ალყა ძალიან გაჭიანურდა. კახთა ლაშქარი უკმაყოფილებამ მოიცვა. შეთქმულებმა ისარგებლეს მომენტით და ღამით კონსტანტინე I-ის კარავს დაეცნენ. რენეგატი გაიქცა, მეორე დილით კი კახ მოლაშქრეთა შეჩერება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. აჯანყებულებმა ბრძოლის ველი მიატოვეს და შინისაკენ დაიძრნენ, ყიზილბაშები კი – ირანისაკენ. აჯანყებულ კახთა მოციქულებმა აბას I-ს მორჩილება აღუთქვეს და მეფედ ქრისტიანი თეიმურაზი (დავით I-ის ძე, შემდეგში თეიმურაზ I) მოითხოვეს. შაჰმა, რ-იც ოსმალეთთან ომისათვის ემზადებოდა, ისინი იმედით გამოისტუმრა. აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს ქართლის მეფე გიორგი X-ს, რ-მაც მათ პაპუნა ამილახვარი მიაშველა ზემო ქართლის ჯარით. ბრძოლა გაიმართა 22 ოქტომბერს ბელაქნისწყალზე, სადაც კონსტანტინე I-ის ლაშქარი დამარცხდა, ხოლო თვითონ ბრძოლაში დაიღუპა. კ. ა-მ აიძულა შაჰი დათმობაზე წასულიყო. მან 1606 კახეთის მეფედ თეიმურაზ I დაამტკიცა.
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969; ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., შენიშვნები რ. კიკნაძისა, თბ., 1966.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; საქართველოს ისტორია, ტ. 3, მთ. რედ. მ. ლორთქიფანიძე, თბ., 2012.
გ. ნარსია