კახეთის აჯანყება 1615, კახეთის მოსახლეობის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ. ირანის შაჰის, აბას I-ის ლაშქრობათა შედეგად შევიწროებული კახეთის მოსახლეობა შესაფერის მომენტს ელოდა აჯანყების დასაწყებად. იმერეთში ლტოლვილმა თეიმურაზ I-მა სპარსელთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მიზნით კავშირი შეკრა დას. საქართველოს მეფე-მთავრებთან. აჯანყება დააჩქარა ოსმალეთის არმიის დაძვრამ სპარსეთის საზღვრებისაკენ. აჯანყება 15 სექტემბერს, ალავერდობას დაიწყო. მას სათავეში ჩაუდგნენ ნოდარ ჯორჯაძე და დავით ჯანდიერი. შეიარაღებული ქართველები შევიდნენ ალავერდის ეკლესიის გალავანში, სადაც ყიზილბაში მეციხოვნეები დათქმულ ნიშანზე ამოხოცეს. აჯანყებულებმა თეიმურაზ I მეფედ მიიწვიეს. იგი კახეთში ჩავიდა და სათავეში ჩაუდგა აჯანყებას. კ. ა-ს მხარი აუბა შირვანმაც. აბას I-მა აჯანყების ჩასაქრობად 15-ათასიანი არმია გაგზავნა ალიყული-ხანის სარდლობით. ყიზილბაშების სარდლობასთან მყოფი ქართველები მტერს თეიმურაზ I-ის ლაშქრის გადაადგილების მიმართულებას უმალავდნენ, ხოლო სპარსელთა ჯარის გეგმას აჯანყებულებს ატყობინებდნენ. ამით ისარგებლა თეიმურაზ I-მა და 5–6 ათ. კაცით დაამარცხა მტრის ლაშქარი, რ-ის ერთი ნაწილი უბრძოლველად გაიქცა, მრავალი მათგანი მდ. მტკვარსა და არაგვში დაიხრჩო.
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; საქართველოს ისტორია, მთ. რედ. მ. ლორთქიფანიძე, ტ. 3, თბ., 2012.
გ. ნარსია