კახეთის აჯანყება 1812-13, რუსეთ-საქართველოს ფაქტობრივი ომი, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა და 5000 ადამიანზე მეტი სიცოცხლე შეიწირა.
აჯანყება დაიწყო 1812 წ. 31 იანვარს ახმეტაში. საბაბად იქცა რუსი ჯარისკაცების მიერ ადგილ. ქალის (ზოგიერთი ვერსიით – მღვდლის) შეურაცხყოფა. მიზეზი კი ბევრად გლობალური იყო და იგი მთლიანად პოლიტიკას უკავშირდებოდა.
მთავარმართებელი ფ. პაულუჩი აჯანყებას ქართველი ხალხის ძლიერ პოლიტ. გამოსვლად მიიჩნევდა და აღნიშნავდა, რომ „ცოტა დარჩა რუსული ჯარი მთლიანად არ გაწყდა საქართველოში" და რომ „კავკასია მთლიანად ეკარგებოდა რუსეთს".
აჯანყება დაიწყო ურთულესი საგარეო ვითარების ფონზე. მის ხელმძღვანელობას კავშირი ჰქონდა ირანის, თურქეთის მთავრობებთან, ინგლისელ და ფრანგ დიპლომატებთან.
შეიარაღებული გამოსვლები რამდენიმე ადგილას ერთდროულად დაიწყო და მთელ კახეთს მოედო. თავადების: სვიმონ და ადამ ბებურიშვილების, ნინია ანდრონიკაშვილის, ოთარ ქართველიშვილის, იოსებ სიდამონიშვილის, ივანე მაყაშვილის, პაატა ჯანდიერის, დავით ქართველიშვილის რაზმებმა დაიკავა ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი, ციხე თუ პუნქტი. გადაიკეტა რუსთა დამაკავშირებელი კომუნიკაციები. დამპყრობლის დანაკარგები ასეულებს ითვლიდა.
თებერვლის II ნახ-ში აჯანყებულებმა საქართველოს მეფედ ბატონიშვილი გრიგოლ ბაგრატიონი (გიორგი XII-ის შვილიშვილი) გამოაცხადეს.
ქართველი მეომრები თბილისს მიუახლოვდნენ. ომის ალი მოედო არაგვის ხეობას, ფშავს, ხევსურეთს. გაჩნდა საერთო კავკასიური ომის დაწყების საშიშროება. აჯანყებაში ჩაებნენ ლეკთა, ოსთა, ქისტთა და ჩერქეზთა დიდი რაზმები; დაიწყო შეიარაღებული გამოსვლები დაღესტანში, შირვანსა და ყაზახში.
საპირისპიროდ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რუსების მხარი დაიჭირა საქართველოში მცხოვრებმა სომხურმა მოსახლეობამ, რისთვისაც მათ იმპერატორის უმაღლესი სიგელიც დაიმსახურეს.
დამპყრობელს დახმარება გაუწია ქართველი თავადების ნაწილმა; მათი მეშვეობით გაიხსნა დარიალის გზა და რუსებს ახალი დამხმარე ძალა შეუერთდა. ტყვედ ჩავარდა გრიგოლ ბატონიშვილი.
15 აპრილიდან თელავის მაზრასა და ქიზიყში ომი მას შემდეგ განახლდა, რაც გავრცელდა ცნობა ირანში გახიზნული ალექსანდრე ბატონიშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების შესახებ.
1812 წ. 1 სექტემბერს ალექსანდრემ შემოაღწია საქართველოში, რაც ომის ახალი ენერგიით გაშლის საფუძველი გახდა. კახეთი და ფშავ-ხევსურეთი ფეხზე დადგა, აღელვებამ იმატა ქართლშიც, გავრცელდა ცნობები აწყურის ციხეში სოლომონ II-ის ყოფნის შესახებ.
მთავარმართებელმა ომში ჩართო დრაგუნთა, ეგერთა, ნიჟეგოროდის, ასევე იმერეთში განლაგებული პოლკები. გენერლები: ფ. სიმანოვიჩი, ა. ტიხანოვსკი, დ. ორბელიანი, ფ. უშაკოვი და სხვანი მრავალრიცხოვანი ძალებით ცდილობდნენ ალექსანდრეს განეიტრალებას, მაგრამ რამდენადაც ბატონიშვილი პატარა რაზმებით მოქმედებდა, მის წინააღმდეგ დიდი საბრძოლო ოპერაციების ჩატარებას ვერ ახერხებდნენ. მაშინ რუსებმა იმ საბაბით, რომ მეამბოხეები ქართული სოფლების მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობდნენ, მშვიდობიანი მცხოვრებლების მასობრივი რეპრესიები განახორციელეს, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პროცესის შესაჩერებლად ალექსანდრე თავდაპირველად სიღნაღთან, შემდეგ კი მელაანთან პირისპირ შეება მტერს. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 23 ნოემბერს ჩალაუბანთან. ამ შეტაკებაში რუსებმა 300-მდე კაცი დაკარგეს. ბატონიშვილმა საგარეჯოსკენ დაიხია და მანავის ციხეში გამაგრდა. 28 ნოემბერს გენერლები დ. ორბელიანი და ა. ტიხანოვსკი 2 ათასი მეომრითა და რამდენიმე ზარბაზნით ციხისაკენ დაიძრნენ. ალექსანდრემ დაასწრო მათ და ქართველთა და ლეკთა ცხენოსანი რაზმით მტრის რიგებში შეიჭრა. ბრძოლას 200-ზე მეტი რუსი ემსხვერპლა. ლეკთა და ქართველთა კავშირით შეშფოთებულმა რუსებმა საჩუქრებითა და დაპირებებით ჩამოაშორეს აჯანყებულებს ლეკები, რის შემდეგაც მოახერხეს ამბოხებულთა დამარცხება.
ალექსანდრე დანებებას არ აპირებდა. მან გომბორის ქედი გადაკვეთა და თიანეთში ავიდა, სადაც გადარჩენილი კახელი და ქართლელი თავად-აზნაურები შეუერთდნენ.
ნაპოლეონის მარცხმა, უცხოეთიდან მიუღებელმა დახმარებამ დაარწმუნა ალექსანდრე, რომ ომის გაგრძელება ქართული გენოფონდის ამოჟლეტას ნიშნავდა, ამიტომ ხელსაყრელი მომენტის მოლოდინში დროებით ხევსურეთს გაიხიზნა. რუსებმა ფშავ-ხევსურეთს უზარმაზარი ჯარი და არტილერია შეუსიეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ქისტების დახმარებით და ბატონიშვილის მეთაურობით საგრძნობი ზიანი მიაყენა მტერს. 36-საათიანი უთანასწორო ბრძოლის შემდეგ მათ შატილისკენ დაიხიეს. რუსების ჯარმა პირწმინდად გაანადგურა ხევსურთა 20 და ქისტების 9 სოფელი, „მეამბოხეთა ბუდე" – ახმეტა (იგი 1813 საბუთებში უკვე ნასოფლარადაა მოხსენიებული). ასეთივე დღე დაადგა საბუეს, თიანეთს, მატანს და სხვ.
სადამსჯელო რაზმები შეესივნენ კახეთს. მასობრივი სახე მიიღო რეპრესიებმა, ვენახებისა და ბაღების გაკაფვამ. ათასობით ადამიანი ბრძოლაში დაიღუპა, მრავალი მათგანი კი სასჯელის შიშით სამშობლოდან გადაიხვეწა.
უმძიმესი იყო აჯანყების შემდგომ განხორციელებული რეპრესიები. ასობით გლეხი ჩამოახრჩვეს. გადაიწვა და გაუდაბურდა ათობით სოფელი, ამოწყდა მოსახლეობის ნაწილი, დანარჩენს კი უდიდესი ფულადი და ნატურალური გადასახადი დაეკისრა. განსაკუთრებული სისასტიკით დაისაჯნენ სას. პირები, რ-თა მონაწილეობამ მამულისა და სარწმუნოებისათვის ბრძოლას წმინდა ომის სახე მისცა.
ქონება, მამული და წოდება ჩამოერთვა აჯანყების ყველა მონაწილეს. მათგან 62 ადამიანი გადაასახლეს ციმბირში, მ. შ. იყო 2 გმირი ქალი – ე. ჩოლოყაშვილი და გ. ნათალიშვილი. გზაში და გადასახლებაში დაიღუპნენ გ. ციციშვილი, ა. ვაჩნაძე, ა. მაყაშვილი, ს. ანდრონიკაშვილი, დ. ჯანდიერი, დ. ჭავჭავაძე, ნ. ჩერქეზიშვილი, ფ. შატბერაშვილი, ე. ჭავჭავაძე, სას. პირები: ჩიხტაური, დემეტრაშვილი, ხირსელიშვილი, მეჭურჭლიშვილი, ქრისტესიაშვილი და სხვები.
1812 აჯანყებამ „არა მარტო მატერიალური გაჩანაგება და ზიანი მოუტანა ქვეყანას, არამედ სახელი და დიდებაც". მ. წერეთლის აზრით, ქართველობამ დაამტკიცა, რომ "მაშინ ჯერ კიდევ თურმე კაცები ვყოფილვართ და ქუდი გვხურებია. ვიბრძოლეთ როგორც შეგვეძლო. დამარცხებაში მაინც მოვიპოვეთ საუკუნო სინდისი შთამომავლობის წინაშე".
ლიტ.: გ ე ლ ა შ ვ ი ლ ი ა., კახეთის 1812 წ. აჯანყება, თბ., 2003; კ ი კ ვ ი ძ ე ა., გლეხთა აჯანყება კახეთში 1812 წ., თბ., 1971; ო რ ჯ ო ნ ი კ ი ძ ე ე., ალექსანდრე ბატონიშვილის ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, თბ., 1999; ფ რ ო ნ ე ლ ი ალ., ამბოხება კახეთისა 1812 წ., თბ., 1907; ხ ა ნ თ ა ძ ე შ., დოკუმენტები კახეთის 1812 წლის აჯანყების ისტორიისათვის, თბ., 1999; М а р к о в а О. П., Восстание в Кахети 1812 г., М., 1951.
ა. გელაშვილი