კახეთის კავკასიონი

კახეთის კავკასიონი, კავკასიონის უკიდურესი აღმოსავლეთი მო­ნა­კვე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ფარგლებში. იწყება მწვ. დიდი ბორბალოდან და მთავრდება მწვ. ტინოვროსოსთან. ჩრდ. საზღვარი მიუყვება კ. კ-ის ალპურ ლანდშაფტიან თხემს, ხოლო სამხრეთი საზღვარი – მთისწინეთს. მოიცავს მდ. ალაზნის ზემო დინების ხეობას (პანკისის ხეობა), ალაზნის ­მარცხ. შენაკადებისა და ­ილტოს (ალაზნის ­მარჯვ. შენაკადი) ­აუზებს. აგებულია ძირითადად ქვედა და შუაიურული ასაკის თი­ხა­ფიქლებისა და ქვიშაქვების ინტენ­სიურად დანაოჭებული წყებებით. ქვემო კალთებზე აქა-იქ ცარცული სისტემის ნალექებია. მდ-ების – დიდხევის, სტორისა და ლოპოტის ხეობებში გავრცელებუ­ლია პალეოზოური გრანიტოიდები, კრისტ. ფიქლები და მარმარილო. მთავარი წიაღისეულია მარმარილო (ლოპოტის მარმარილოს საბადო), მინერ.-სამკურნ. წყალი (თორღვას აბანო). კ. კ-ის რელიეფში გაბატონებულია მთავარი ქედის მოკლე, ციცაბო, ეროზიული განშტოებები და მდინარეთა ღრმა გარდიგარდმო ხეობები. კ. კ-ის თხემური ზოლის დას. ნაწილში შემორჩენილია მეოთხეული გამ­ყინვარების კვალი. უმაღლესი მწვერ­ვალებია: შავი კლდე (3578 მ), ტინოვროსო (3374 მ), ნინი­კასციხე (3116 მ), გველისმთა (3089 მ), ყადორი (2866 მ).

კ. კ-თვის დამახასიათებელია ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა დაწყებული ზომიერად ნოტიო, ზომიერად თბილიდან დამთავრებული მაღალმთის ზაფხულს მოკლებული ჰავით. მდ-ებს ახა­სი­ათებს წყალმოვარდნა და ღვარცოფი, წყალდიდობა – აპრილ–ივნისში, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში. სუბალპ. და ალპ. ზონაში არის მცირე ზომის ტბები: გრძელი ტბა, ნახევარტბა, მართოთი (მ ა რ ტ ო ტ ბ ა) და სხვ. კ. კ-ის ქვემო კალთებზე, მთის ტყის ყომრალ ნიადაგებზე, განვითარებულია მუხნარ-რცხილნარი, რ-საც ურევია წიფელი, წაბლი, ცაცხვი და სხვ. ზემო კალთებ­ზე, ღია ფერის და გაეწრებულ ტყის ყომრალ ნიადაგებზე, გაბატონებულია წიფლის ტყე. მასში შერეულია რცხილა, ნეკერჩხალი და სხვ. კ. კ-თვის დამახასიათებელია კოლხე­თისა და ჰირკანის მცენარეულობის რელიქტები: ძელქვა, ბზა, თალიშური სურო და სხვ. ტყის ზონის ზემოთ არყის ტანბრეცილი ტყეებია, აგრეთვე გვხვდე­ბა ცირცელი, ბოკვი. უფრო ზემოთ (2400–2500 მ-იდან) მთის კორ­დიან და კორდიან-ტორფიან ნიადა­გებზე გავრცელებულია სუბ­ალპ. და ალპ. ­ბალახეულობა, რ-საც იყენებენ საძოვრებად. ჩრდ. ექსპოზიციის კალთებზე ­დეკიანებია. კ. კ-ზე ჩა­მოყალიბებულია ზომიერად ნო­ტიო­ჰავიანი შერეული ფართოფოთლო­ვანი მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტები. კ. კ-ზე არის ლაგოდეხისა და ბაწარა-ბაბანეურის და­ცუ­ლი ტერიტორიები.

დ. უკლება