კახეთის სამეფო, ქართული ფეოდალური სახელმწიფო XI ს. და XII ს. დასაწყისში. ბიზანტიასთან გიორგი I-ის ურთიერთობის გართულებით ისარგებლა კახთა ქორეპისკოპოსმა კვირიკე III-მ, განუდგა საქართველოს მეფეს, „დაიპყრა კახეთი და ჰერეთიცა და იწოდა მეფედ კახთა" (ვახუშტი). ამიერიდან მთელი XI ს. განმავლობაში კ. ს. მთლიანი საქართველოსაგან განცალკევებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა და მისი მესვეურები „კახთა და რანთა (ჰერთა) მეფის" ტიტულს ატარებდნენ. კ. ს. მოიცავდა ტერიტორიას მდ. ქსნიდან (დას-ით) ალჯიგანჩაიმდე (აღმ-ით) და დიდოეთ-ხუნძახიდან (ჩრდ-ით) მტკვრამდე (სამხრ-ით). მის ფარგლებში შედიოდა ახლანდ. აზერბ. რესპუბლიკის ჩრდ.-დას. ნაწილი (ბელაქნის, ზაქათალის, კახის და შაქის რ-ნები), ამიტომ ქართ. წყაროების მიხედვით კახეთის მფლობელი ოფიციალურად „რანთა და კახთა მეფედ" იწოდებოდა, არაბ. წყაროებში კი იგი "შაქთა და გურჯთა მეფედ", ანუ იმავე „რანთა (ჰერთა) და კახთა მეფედ" იხსენიება. კვირიკემ ახალშექმნილი სახელმწიფოს ცენტრი თელავში გადაიტანა. ააგო სასახლე (დღევანდელი „ძველი გალავანი" თელავში), ჩაატარა გარკვეული ადმ. რეფორმა – სამეფო დაიყო 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, შტორის, ვეჯინის, ხორნაბუჯის და მაჭის). როგორც ჩანს, კვირიკემ ფაქტობრივად შერყეული ძვ. ვითარება აღადგინა. პირველ ხანებში კახეთის მეფეები გაერთ. საქართველოს მეფეების მოკავშირედ გამოდიოდნენ უცხო აგრესორებთან ბრძოლაში. მაგ., კვირიკე III გიორგი I-ს ეხმარებოდა ბიზანტიასთან, ხოლო ბაგრატ IV-ს – განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ უფრო მოგვიანებით, როდესაც ბაგრატ IV-მ ენერგიული ღონისძიებები გაატარა, კ. ს-ს კვლავ საქართველოსთან შესაერთებლად, კახთა მეფეები თურქ-სელჩუკებს დაუკავშირდნენ და ამ გზით შეეცადნენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. აღსართან I-მა კ. ს-ს შესანარჩუნებლად ქრისტიანობაც კი დათმო და გამაჰმადიანდა. მაგრამ ყველა ეს ღონისძიება დროებითი აღმოჩნდა, რადგან გაერთ. საქართველოს მეფეს კ. ს-ში საკმაოდ ძლიერი დასაყრდენი ჰყავდა ქვეყნის გაერთიანებისათვის მებრძოლი აზნაურების სახით (აშოტ მარილელი, ხახულა გურნი, ვეჟინის ერისთავი წირქვალელი და სხვ.). სწორედ დიდებულ აზნაურთა ამ დასის, კერძოდ, არიშიანისა და მისი მომხრეების მხარდაჭერით შეძლო დავით აღმაშენებელმა XII ს. დასაწყისში კახეთის უკანასკნელი მეფის, აღსართან II-ის შეპყრობა და კ. ს-ს შემოერთება. ამიერიდან კ. ს. გაერთ. საქართველოს ადმ. წესწყობილებისდა კვალად რამდენიმე ადმ. ერთეულად დანაწილდა (კახეთის, ჰერეთის საერისთავოები, ხორნაბუჯის სანაპირო, „არიშიანის ადგილი").
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955; ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.
დ. მუსხელიშვილი