კახეთის სამთავრო, ფეოდალური ხანის ერთ-ერთი ქართული სახელმწიფოებრივი ერთეული, რ-იც VIII ს. 80-იან წლებში (ვახუშტის ცნობით – 787) გამოეყო ქართლის საერისმთავროს. კ. ს-ს გამოყოფა განპირობებული იყო ქართლის საერისთავოს ეკონ. აღმავლობის შედეგად ფეოდ. ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებით და ამის ნიადაგზე სეპარატული ტენდენციების განვითარებით. ეს პროცესი, რ-ის საწყისები ჯერ კიდევ VI ს-იდან შეიმჩნევა, VII–VIII სს-ში მიმდინარეობდა არაბთა წინააღმდეგ ქართლის საერისმთავროს ბრძოლის პარალელურად და მასთან კავშირში. კერძოდ, ქართლის (პოლიტ. მნიშვნელობით) ერთერთ აღმ. პროვინციაში, კახეთში, ამ ბრძოლას თაოსნობდა წანართა ტომი, რ-იც ამ დროისათვის კახეთში პოლიტ. ჰეგემონის როლს თამაშობდა. სწორედ წანარ წარჩინებულთა ირგვლივ გაერთიანდნენ კახეთის სხვადასხვა თემები და შესაძლებელია, ამ წარჩინებულთა წარმომადგენელი იყო კახეთის მთავარი გრიგოლიც. კ. ს-ს ჩამოყალიბება ტერიტ. ექსპანსიით აღინიშნა, როგორც დას-ით, ქართლისაკენ (სადაც საზღვარი IX ს. დასაწყისში აშოტ კურაპალატთან ბრძოლის შედეგად მდ. ქსანზე დაიდო), ისე აღმ-ით, ჰერეთისაკენ (რ-თანაც მიჯნა დაახლ. ყვარელ–გურჯაანის ხაზზე გადიოდა, ალაზნის ველზე და გარეჯის უდაბნოს აღმ-ით, ივრის ზეგანზე).
ჩრდ-ით კ. ს-ს კავკასიონის ქედი ესაზღვრებოდა (ზოგან საზღვარი ქედს გადაღმაც გადიოდა), ისე რომ ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი და ქისტეთის სამხრ. მთიანეთი (ძურძუკ-ღლიღვები) კ. ს-ს ფარგლებში შევიდა. კ. ს. სამხრითაც გაფართოვდა და ძვ. ქართ. პროვინცია გარდაბანი X ს. შუა წლებამდე მის შემადგენლობაში ითვლებოდა. VIII–IX სს-ში კ. ს-ს ცენტრი უჯარმა იყო, X ს-ში – ბოჭორმა, შემდეგ – თიანეთი. კახეთის მთავარი ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა. ვარაუდობენ, რომ IX ს. დასაწყისში სამთავროში გადატრიალება მოხდა და ტახტს გარდაბნელთა დინასტიის წარმომადგენლები დაეუფლნენ. საუკუნის ბოლოს გარდაბნელები არევმანელებმა შეცვალეს. შინაგან მმართველობას მთავრები ერისთავების საშუალებით ახორციელებდნენ. ვახუშტი ასახელებს კახეთის 3 დიდმოხელეს: რუსთავის, კვეტერის და პანკისის ერისთავებს. კახელ მთავართა საგარეო პოლიტიკა, პირველ რიგში, მიმართული იყო არაბ. ცენტრ. ხელისუფლების ადგილ. წარმომადგენლების წინააღმდეგ. 840 სოფ. გავაზთან კახელებმა დაამარცხეს არაბი სარდლის, ხალიდ იაზიდის ძის ლაშქარი. ხალიფის წარმომადგენლებთან ბრძოლაში კახელები უკავშირდებოდნენ თბილისის ამირებს, რ-ებიც აგრეთვე ებრძოდნენ ცენტრ. ხელისუფლებას. მაგ., ბუღა თურქის დამარბეველი ლაშქრობისას (853) კახელები თბილისის ამირას მომხრედ გამოვიდნენ, 914 ებრძოდნენ არაბ სარდალ აბუ ლ-კასიმს (იხ. კვირიკე I). გარდა ამისა, კახეთის მთავრები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში – იბრძოდნენ ჰერეთის სამეფოს შემოერთებისათვის „აფხაზთა“ მეფესთან ერთად, ასევე შიდა ქართლის დაუფლებისათვის. XI ს. დასაწყისში კახეთის ქორეპისკოპოსებმა მოახერხეს ჰერეთის სამეფოს შემოერთება (იხ. აგრეთვე კვირიკე III). ასე წარმოიქმნა კახეთის სამეფო.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: ბ ა დ რ ი ძ ე შ., მმართველი ქორეპისკოპოსის ინსტიტუტის საკითხისათვის კახეთის სამთავროში, «მაცნე», 1964, №5; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი დ., ციხექალაქი უჯარმა, თბ., 1966; საქართველოს ისტორია, მთ. რედ. მ. ლორთქიფანიძე, ტ. 2 – საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე, თბ., 2012; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973.
დ. მუსხელიშვილი