კახელები, ქართველთა ტერიტორიული, ლოკალური, ეთნოგრაფიული ჯგფუფი. კ. საქართველოს აღმ. ნაწილში – კახეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში, ივრისა და ალაზნის აუზებში ცხოვრობენ. მეტყველებენ ქართული ენის კახურ დიალექტზე. ისტორიულად კ. უფრო ვრცელ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებულნი. მათი საცხოვრებელი არეალის შემცირება საგარეო ფაქტორებმა განაპირობა. აღმ. კახეთში სხვა ეთნიკური ერთეულები დასახლდნენ. აქ მხოლოდ მცირე რაოდენობით შემორჩა ადგილ. კახური მოსახლეობა, რ-ებიც დღეს ინგილოებად იწოდებიან. კ-ის შემადგენლობაში შედიან ქიზიყელებიც. ქიზიყს ფეოდალი არ ჰყოლია. როგორც განაპირა მხარის წარმომადგენლები, ისინი უშუალოდ სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ. კ. ადრე შუა საუკუნეებში მოხსენიებული კახების, კუხების, კამბეჩოვანელებისა და ჰერების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ.
შუა საუკუნეებში კახეთის მცხოვრებნი ჰერკახებად მოიხსენიებოდნენ. XV ს-იდან ჰერკახებს საბოლოოდ კ. ეწოდათ. კ-ის შესახებ ვახუშტი შემდეგს წერდა: „ხოლო კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი და მგზავსნი ყოვლითავე ქართველთა ზნითა, ჩუეულებით და ქცევით, არამედ ლაღნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი, უფრო გლეხნი, ერთგულნი, მოსილნი ქართულად, ენითა და სარწმუნოებით ქართლისათა, და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი".
აბას I-ის შემოსევის დროს კ-ის დიდი ნაწილი ტყვედ წაიყვანეს (იხ. სტ. ფერეიდანი). ნაწილი ამ ბრძოლებს შეეწირა. ამის შედეგად მათი რაოდენობა საკმაოდ შემცირდა. საბოლოოდ კ., როგორც ქართველთა ერთ-ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფი, გაქრობისაგან ბახტრიონის აჯანყებამ იხსნა (იხ. ბახტრიონის ბრძოლა 1660). აჯანყების შემდეგ კახეთის მოსახლეობა ძირითადად მთიელთა და დას. საქართველოდან მიგრირებულთა ხარჯზე შეივსო. კ. გამორჩეული მეურნეები იყვნენ, განსაკუთრებით დაწინაურებული იყო მიწათმოქმედება – როგორც მემინდვრეობა, ისე მევენახეობა. მევენახეობა მათი ძირითადი საქმიანობა იყო. კ-ის დაყენებული ღვინო შუა საუკუნეებში უცხოეთშიც გადიოდა. კ. ძველთაგანვე ქართული ხალხური სიმღერების შესანიშნავი შემსრულებლები არიან; გამორჩეულია მათი ხალხური მრავალხმიანი სიმღერები. მრავალი მათგანი კ-ს ქართლელებთან საზიარო ჰქონდათ, ზოგიერთი კი მხოლოდ კ-თვის იყო დამახასიათებელი, მაგ., ასეთ სიმღერებს შორისაა „ოდური", რ-საც შესვენების დროს ან სამუშაოდან დაბრუნებისას ასრულებდნენ. სუფრულ სიმღერებს გარკვეული თანამიმდევრობა ჰქონდა. მაგ., ქორწილში. ნეფე-დედოფლის სადღეგრძელოს შემდეგ სრულდებოდა „წაიყვანეს თამარ ქალი", პატარძლის მოსაყვანად როდესაც მიდიოდნენ, „მაყრულს" მღეროდნენ, დაბრუნების შემდეგ ისევ „მაყრულს" ასრულებდნენ; სახლში შესვლამდე - „ჯვარი წინა, ჯვარი უკან" იმღერებოდა, ნეფის ოჯახში შემოსვლისას – ფერხული. ამას რიგით „მრავალჟამიერი", „თამარ ქალი", „სუფრული", „ბერიკაცი", „თეთრო ბატო", „დიამბეგი", „შაშვი კაკაბი" მოსდევდა.
რ. თოფჩიშვილი