კახური დიალექტი

კახური დიალექტი, ქარ­თული ენის დიალექტი, რ-ზედაც მეტყველებს ისტორიული კა­ხე­თის – ახმეტის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლის­წყაროს რ-ნების – მოსახლეობა. მთლიანად კა­ხეთ­ში მრავლადაა, ერთი მხრივ, ქართ. ენის დიალექტებზე (თუშური, ფშაური, ხევსურული, მთიულური, იმერული კილოები) მეტყველი მოსახლეობა, ხოლო, მეორე მხრივ, არაქარ­თულენოვანი (ოსური, ქისტური, აზერბ., რუს.) სოფლები, რ-თა მოსახლეობაც აზერბაიჯანულ, რუსულ და სხვ. ენაზე მეტყველებს და სხვა­და­სხვა დროსა და პირობებშია აქ მიგრირებული. ეს გარემოება საგრძნობ დაღს ასვამს კახურ მეტყველებას, განსაკუთრებით მის ლექსიკას.

კ. დ. სამ კილოკავად იყოფა: შიგნიკახური, რ-ზედაც მეტყველებს ალაზნის ველის – ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის რ-ნების მოსახლეობა; გარეკახური – გურჯაანის რ-ნის ნაწილი და საგარეჯოს რ-ნის სოფლების მოსახლეობა და ქიზიყური – სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს რ-ნების მოსახლეობა. შიგნიკახური და გარეკახური ერთმანეთისაგან მხო­ლოდ მეტყველების ინტონაციით განსხვავდება, ქიზიყურს კი ორივესაგან, მკვეთრად გამოხატული ინტონაციის გარდა, ფონოლოგიური და გრამატ. ნიშნებიც განასხვავებს. კ. დ-ის ფონოლოგიურ ინვენტარში, სალიტ. ქარ­თულისაგან განსხვავებით, მოიპოვება ორი ერთეული – ფარინგალური და ყრუფშვინვიერი ხშული აფრიკატი ჴ და შუაენისმიერი მჟღერი სპირანტი ჲ. ჴ ქიზიყურ კილოკავს ახა­სი­ა­თებს და იქ იგი ფონოლოგიური ღირებულებისაა: ჴელი, ფეჴი, ჴმალი... კ. დ-ის სხვა კილოკავებში, იმავე ლექსიკურ ერთეულებში – უფროსი თაობის მეტყველებაში, იგი მონაცვლეობს ხ სპირანტთან.

ჲ დამახასიათებელია ყველა კი­ლო­კავისათვის. იგი სიტყვის ფუძეში ს და შ სპირანტების რეფლექსია V-O (წინაენისმიერი მკვეთრი): ტაჲტი, ფლოჲტი. გვხვდება II სუბიექტ. და III ობიექტ. პირების V-O პოზიციაში, რ-საც ­ქმნის ზმნის­წინის ხმოვანი და ფუძისეული თანხმოვანი: მოჲტეხა, მოჲგლიჯა... ან წინამავალი სიტყვის ემფატიკური ა და ზმნის ფუძის თანხმოვანი: რასა ჲფიქრობ? მეზობელსა ჲთხოვა...

კ. დ-ს პრეფიქსულ და სუფიქსურ მორფემათა მიჯნაზე ახა­სი­ა­თებს ხმოვანთა სრული კონტაქტური რეგრესული ასიმილაცია: მეეწონა, შააშინა, გეეგო; იმეებს, კოდალეები... რთული ზმნისწინების შემთხვევაში ხდება კონტაქტურის თანადროული დისტანციური ასიმი­ლაცია: ემეეტანა, გედეეგდო...

კ. დ-ში სიტყვის აბსოლუტურ ბოლოში მჟღერი თანხმოვნები ყრუვდება: ცუდათ, კაცათ... ამავე გზითაა მიღებული ქ- სიტყვაფორმებში: კარქი, კარქო, კარქათ... გვაქვს მ და ნ ფონემათა სუბსტიტუცია, ერთი მხრივ: ბანბა, ანბავი; მეორე მხრივ – სამთელი, ამთებს. ასევე, დისიმილაციური, ოღონდ დისტანციური, სუბსტიტუციის შედეგია ბ და ვ ფონემათა მონაცვლეობა სიტყვაფორმებში: ეუბნევა, მებნევი… ხდება სხვა­და­სხვა ხასიათის ერთდროული ფონეტ. პროცესები; მეტათეზისი – სუბსტიტუცია – ასიმილაცია სიტყვაში "ავანტყოფი", – ამოსავალი ფორმა ავადმყოფი, ბღერტამს – ამოსავალი ბერტყავს... გვაქვს სიტყვათა ფონეტ. გამარტივების შემთხვევები: ფეხშიშველა–> ფეხშველა, შარშანდელი –> შარანდელი; ამავე რიგისა ჩანს მყავს –> მყავ; გყავს; –> გყავ...

კ. დ-ში სახელთა ბრუნებისას ვლინდება ბრუნვის ნიშანთა თავისებური ვარიანტები: სიტყვის აბსოლუტურ ბოლოში ს ფონემა სუსტდება და ჲ-დ რეალიზდება ხმოვნების შემდეგ, ხოლო Ø-მდე დადის თანხმოვნების მომდევნოდ. ამისდა კვალად მიც. ბრუნვის ნიშნად ხმოვნების შემდეგ გვაქვს -ჲ: დედაჲ, ძმაჲ, ხოლო თანხმოვნების შემდეგ – Ø: კაც ვეძახი... მაგრამ პოზიციის შეცვლისას მიც. ბრუნვის ნიშანი აღდგება: კაცსაც; იმავე მიზეზით, ნათ. ბრუნვის ნიშნად -ის სუფიქსის ნაცვლად გვაქვს გამარტივებული -ი ან -იჲ ვარიანტი: სოფლი ბოლოში, თხიჲ რძე…; რადგანაც კ .დ-ში სიტყვის ბოლოში მჟღერი ფონემები ყრუვდება, ვით. ბრუნვის ნიშნად გვაქვს -ათ და არა -ად: კარქათაც შავჯორე; ზოგჯერ გვაქვს ბრუნვის ნიშნის -ა ვარიანტი: კარქა.

კ. დ. ზმნაში სუბიექტურ და ობიექტურ პირთა ასახვისას ძვ. ქართ. სალიტ. ენის ტრადიციას აგრძელებს და აღმ. სა­ქართვ. მთის დიალექტების თავისებურებებს იზიარებს: ზმნაში აფიქსით აისახება II სუბიექტური პირი და მიც. ბრუნვის ფორმით წარმოდგენილი ობიექტური პირი (პირდაპირიც და ირიბიც). თანხმოვნების წინა პოზიციაში ყველგან -ჲ- ვარიანტია: მიჲგვარე, ჲხნავს, მიჲწერა.

კ. დ-ში ირიბი ობიექტის მრავლობითობა ზმნაში ყოველთვის აღინიშნება. შიგნი- და გარეკახურში მას თ სუფიქსი გამოხატავს (უთხრათ იმათა), ქიზიყურში კი ირიბი ობიექტის სიმრავლეს –კე ნაწილაკი გადმოსცემს (უთხრა კე იმათა).

კ. დ. უაღრესად მდიდარია ლექსიკურად. განსაკუთრებით გა­მოირჩევა მემინდვრეობისა და მევენახეობის ლექსიკა. მათზე ვერ მოუხდენია გავლენა უცხო ენებს, რ-თა ხანგრძლივ გარემოცვაშიც უხდებოდა განვითარება კ. დ-ს. სამაგიეროდ, რამდენადმე შესამჩნევია თურქულენოვანი სამყაროს გავლენა მეცხოველეობის ლექსიკონზე.

კ. დ. გამორჩეულად მდიდარია ხატოვანი ფრაზეოლოგიით.

ლიტ.: თ ო ფ უ რ ი ა  ვ., გ ი გ ი ნ ე ი­ შ ვ ი ­ლ ი  ივ., ქავთარაძე ი., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1961; მ ა რ ტ ი რ ო ს ო ვ ი  ა., ი მ ნ ა ი ­შ ვ ი ­ლ ი  გ., ქარ­თული ენის კახური დიალექტი, თბ., 1956; ძ ი ძ ი გ უ რ ი  შ., ქარ­თული დიალექტოლოგიური ძიებანი, გამოც. მე-2, თბ., 1970; ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ე  ბ., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1989.

ვ. კუზიბაბა­შვი­ლი