კახური ღორი, უძველესი ენდემური ჯიში. ევრ. მოკლეყურა გარეული ღორის მოშინაურების შემდეგ, ხალხური სელექციის გზით ჩამოყალიბდა ცალკე ჯიშად. განეკუთვნება მომთაბარე ტიპს. ფერად შავია, ზოგჯერ მუქი ნაცარა ან მოწითალო, აქვს უხეში კონსტიტუცია, სქესობრივად გვიან მწიფდება. გარემო პირობებს ადვილად ეგუება, ნაკლებმომთხოვნია. იკვებება ტყის მცენარეთა ნაყოფით, იყენებს აგრეთვე თავთავიანი კულტურების ნაწვერალსა და ნაკლებნაყოფიერი ტენიანი ჭალის საძოვრებს. კერატის ცოცხალი მასაა 110–120 კგ (უდიდესი – 160 კგ), ნეზვისა – 95–100 კგ (უდიდესი – 130 კგ-მდე). ნაყოფიერება – 7–8 გოჭი, მერძეულობა – 30–40 კგ. გარეული ღორის მსგავსად, იბადებიან ზოლიანი გოჭები (ასეთი შეფერვა ქრება 3–5 თვის ასაკში). გასუქების პერიოდში დღეღამური წონამატია 200–300 გ. 1 კგ მასის მოსამატებლად სჭირდება 8–8,5 საკვები ერთეული. აქვს მაღალხარისხოვანი მჭლე ხორცი, რ-ის წმინდა (ტანხორცის) გამოსავალია 63–64%, ქონისა – 20–21%. კ. ღ. გავრცელებული იყო თიანეთის, ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, დუშეთის, თეთრი წყაროს და სხვ.
რ-ნებში, სადაც 1974 მისი რაოდენობა 2 ათ. სულს აღწევდა. კ. ღ-ის სულადობა ღორის აფრიკული ცხელების ეპიზოოტიის გამო (2006–07) მკვეთრად შემცირდა. ძირითადად შემორჩენილია ახმეტის მუნიციპალიტეტში.
ნ. მელითაური
გ. გოგოლი