კევრი

კევრი [ს კ ვ ე რ ი (რაჭა, ქვემო ქართლი), კ ი ა ვ ი რ (სვანეთი)], პურეულის სალეწი იარაღი. ტრაპეციის ან სამკუთხედის ფორმისაა. შეკრულია გათლილი ფიცრებისაგან. გვხვდე­ბა „ერთიანი" – ცალფიცრიანი ან ერთ ხეში გამოყვანილი „ორიანი" – ორფიცრიანი და სამფიცრიანი კ. აგებულებითა და დამზადების ტექნიკით ცნობილია თავიანი (თავაწეული, ნავიანი) ან სწორი (ბრტყელი, უთავო). მისი ძირი ქვით ან ქვითა და რკინით (კაჟისა და რკინის ნატეხები) არის მოკოხილი (რკინა თავთავს ჭრიდა, ქვა კი ბუდიდან მარცვალს ფშვნეტდა). კ-ში აბამდნენ ხარს ან ცხენს. სა­ქარ­თვე­ლო­ში კ-ის გავრცელების არეები დაკავშირებული იყო ხორბლის გარკვეულ ჯიშებთან. „ქარ­თული კევრი" ქართლ-კა­ხეთ­ში, მესხეთ-ჯავახეთსა და დას. სა­ქარ­თვე­ლოს ზოგიერთ ოლქში იყო გავრცელებული, „თრიალეთური" – უმთავრესად კა­ხეთ­ში და ა. შ. სამხრ. კავკასიასა და, კერძოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კ. ცნობილია ძვ. წ. I ათასწლეულიდან. განათხარი კ-ის ნაშთები აღმოჩენილია ხოვლეგორაზე (ძვ. წ. XI–IX სს.), მცხეთაში (ძვ. წ. VII–VI სს.), უფლისციხეში (ანტიკური ხანა), კავთისხევში (გვიანდ. ფეოდ. ხანა) და სხვ.

ლიტ.: გ ა ს ი ტ ა ­შ ვ ი ­ლ ი  გ., ხის დამუშავების ხალხური წესები, თბ., 1962; მ ე ნ თ ე შ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ს., კევრი, «სა­ქართვე­ლოს სა­ხელმწ. მუზეუმის მოამბე», 1936, ტ. 9; ჩ უ ბ ი ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ტ., მიცვალებულის კევრზე დასაფლავება სამთავროში, «სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1951, ტ. 12, № 1.

გ. გასიტა­შვი­ლი