კელასურის მღვიმოვანი, კარსტული მღვიმოვანი გულრიფშის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), მდინარეების – კელასურისა და მაჭარის მთისწინეთში, სოფ. კელასურის (წებელდის თემი) ჩრდ.-აღმ-ით. ჩასასვლელის სიმაღლე ზ. დ. 190 მ, მდინარის დონიდან 1–2 მ. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. აერთიანებს ერთიმეორესთან მიჯრით განლაგებულ და ერთმანეთთან დაკავშირებულ მდ. კელასურის ფსკერქვეშა მღვიმეებს, რ-ებიც შედგება ვერტ. და სუბჰორიზ. მონაკვეთებისაგან. მიწისქვეშა გამდინარე ნაკადები ასაზრდოებს ბესლეთის წყაროებს. მღვიმოვანის ჯამური სიგრძეა 1400 მ, ჯამური სიღრმე – 25 მ, ფსკერის ფართ. – 2300 მ², მოცულობა – 14000 მ³.
მღვიმეთა დიდი ნაწილი თავმოყრილია მდ. კელასურის ხეობის მარჯვ. მხარეს, ესენია: კელასურის V (ზემო კელასურის, ნასკალის), კელასურის (ალექსანდროვკის), კელასურის II, III და IV მღვიმეები.
ლიტ.: ტ ა ტ ა შ ი ძ ე ზ., წ ი ქ ა რ ი შ ვ ი ლ ი კ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.