კელდიში მსტისლავ ვსევოლოდის ძე [28. I (10. II). 1911, რიგა, – 24. VI. 1978, მოსკოვი], საბჭოთა მათემატიკოსი და მექანიკოსი. სსრკ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1946), ვიცე-პრეზიდენტი (1960– 61), პრეზიდენტი (1961–1975). საქართველოს მეცნ. აკად. საპატიო წევრი (1974). მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის დამთავრების (1931) შემდეგ მუშაობდა ცენტრ. აეროჰიდროდინამიკის ინ-ტში, მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში (პროფესორი 1937-იდან), სსრკ მეცნ. აკად. ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტში, სსრკ მეცნ. აკად. გამოყენებითი მათ. ინ-ტის დირექტორად (1953-იდან).
კ-ს ეკუთვნის მრავალი ფუნდამენტური გამოკვლევა მათემატიკაში, გამოთვლით მათემატიკაში, აეროჰიდროდინამიკაში, რხევათა თეორიაში. დიდი წვლილი შეიტანა ავიაციის, ატომური და კოსმოსური ტექნიკის პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. კ-მა პირველმა შეისწავლა სხეულის აეროდინამიკურ მახასიათებლებზე გარემოს კუმშვადობის გავლენა და განაზოგადა ნ. ჟუკოვსკის თეორემა ფრთის ამწევი ძალის შესახებ. კ-ის ძირითადი მათ. შრომები ეძღვნება ნამდვილი ცვლადისა და კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიას, კერძოწარმოებულებიან დიფერენციალურ განტოლებებს, ფუნქციონალურ ანალიზს.
კ-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სსრკ-ში, მ. შ. საქართველოში გამოთვლითი და მანქანური მათემატიკის განვითარებაში.
კ. იყო უცხოეთის მრავალი აკად. წევრი, სამგზის სოციალისტური შრომის გმირი (1956, 1961, 1971), სტალინური (1942, 1946) და ლენინური პრემიების (1957) ლაურეატი. დაჯილდოებული იყო ლენინის 6 ორდენითა და სხვა სახელმწ. ჯილდოებით. მჭიდრო სამეცნ. და პირადი კონტაქტები აკავშირებდა ქართველ მათემატიკოსებთან – ნ. მუსხელიშვილთან, ა. ბიწაძესთან, ი. ვეკუასთან, ვ. კუპრაძესთან და სხვებთან.
ზ. გორგაძე