კემულარია კლოდ დე (Claude de Kemoularia) (30.III. 1922, პარიზი, – 4. XI. 2016, იქვე), საფრანგეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, საბანკო საქმის ორგანიზატორი. პოლიტ. და ეკონ. მეცნ. დოქტორი. პოლიტ. ემიგრანტის, საქართველოს დემოკრ. რესპ. მთავრობის წევრის, იოსებ კემულარიას (1880–1957) შვილი. დაამთავრა სორბონის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი და პარიზის პოლიტ. მეცნ. უმაღლესი სკოლა. კ-ს მინიჭებული ჰქონდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (1982), 1982–84 იყო საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდებში. 1957–80 და 1984–87 მსახურობდა გაეროში. იყო გაეროს გენ. მდივნის თანაშემწე, სამდივნოს უფროსი და პირადი წარმომადგენელი, საინფორმაციო სამსახურის დირექტორი ჟენევაში. საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში. 1985–86 ორჯერ აირჩიეს უშიშრ. საბჭოს თავ-რედ. საფრანგეთის პრეზიდენტის, ფ. მიტერანის მრჩეველი საგარეო ეკონ. ურთიერთობათა დარგში (1981–82). საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, „პარიბას" პრეზიდენტი (1988–98). კ. არჩეული იყო ომანის საერთაშ. ბანკის დირექტორთა საბჭოს უფრ. წევრად, საფრანგეთ-კატარის და საფრანგეთომანის ბიზნესკლუბების პრეზიდენტად, ფრანგულ-არაბული სავაჭროსამრეწვ. პალატის დირექტორთა საბჭოს წევრად. 1992 მონაწილეობდა თანამედროვე მსოფლიოს პოლიტ. ელიტის პოლიტ.-ეკონ. გაერთიანების – „ბილდერბერგის კლუბის"– კონფერენციაში, როგორც საფრ. დელეგაციის წევრი. იმავე წლებში აირჩიეს გაეროს საფრანგეთის ასოციაციისა და საერთაშორისო საბჭოს „მოძრაობა ევროპისაკენ" („Mouvement Europeen") საპატიო წევრად. 1987–96 იყო ფრანგული მოდის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავის, ფირმა Nina Ricci-ს დირექტორთა საბჭოს წევრი.
2002-იდან კ. იყო საერთაშ. პოლიტ. გაერთიანება „მონაკოს" კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი, 2005-იდან – პრეზიდენტი, კლუბთან არსებული ხმელთაშუაზღვის საკითხების პოლიტ. შესწავლის ინ-ტის დირექტორი, 2006 მსოფლიო პოლიტ. ფორუმის – „ახალი მსოფლიოს პოლიტიკური არქიტექტურა" – ერთ-ერთი ორგანიზატორი და მთავარი მომხსენებელი.
კ-ს გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი შრომები პოლიტ. მეცნ. და ეკონ. დარგში. შეყვანილია საფრ. პრესტიჟულ ენციკლ. გამოცემაში „ვინ ვინ არის საფრანგეთში"(„Who's Who in France"). დაჯილდოებულია „საპატიო ლეგიონის" 2 ორდენით, საფრ. ღირსების ორდენით და სხვა სახელმწ. ჯილდოებით. 1988 მიენიჭა „საპატიო ლეგიონის“ ოფიცრის წოდება.
2010 კ. საქართველოში ჩამოვიდა და თავისი წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა: „...სანამ ცოცხალი ვარ, ევროპაში საქართველოს ინტერესების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ... იამაყეთ, რომ ქართველები ხართ... მჯერა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება და ევროპაში კუთვნილ ადგილს დაიკავებს".
თხზ.: ცხოვრება გაშლილი ფრთებით. მემუარები, ფრანგულიდან თარგმნეს: პრინცესა ვერონიკა მიურატმა, შ. ჭაბაშვილმა, მ. გობეჩიამ, თბ., 2010.
ლიტ.: კ ო ბ ი ა შ ვ ი ლ ი ნ., პარიზი. კლოდ დე კემულარია (შორეული – ახლობელი), თბ., 2010; უ რ უ შ ა ძ ე ლ., კლოდ კემულარია – საფრანგეთში მოღვაწე ქართველი, «ფუძე», 2007, №2; The Journal of Modern African Studies, 1993, გვ. 31, №4.
ლ. ურუშაძე