კემულარია-ნათაძე ლუბა მანუჩარის ასული (28. III. 1891, სოფ. ზუბი, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი, – 15. II. 1985, თბილისი), ბოტანიკოსი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1965), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). სამეცნ. საქმიანობა დაიწყო თბილ. ბოტანიკურ ბაღში (1911). 1933-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილ. ბოტანიკის ინ-ტში. ავტორია ნაშრომებისა კავკასიის და საქართვ. სისტემატიკისა და ნომენკლატურის, ფარულთესლოვან მცენარეთა ფილოგენეტიკისა და სხვ. საკითხების შესახებ, რ-შიც მოცემულია რანალების რიგის კავკასიური ტაქსონების ორიგინალური კლასიფიკაციური სისტემა. „საქართველოს ფლორის" I და II გამოცემის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ავტორი. კ.-ნ-ის მიერ აღწერილია ფარულთესლოვან მცენარეთა უცნობი ერთი ახალი ოჯახი, 3 ტრიბი, 2 გვარი და 80-ზე მეტი სახეობა, მრავალი შიდასახეობრივი ტაქსონი. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. საქმიანობას საქართვ. უმაღლეს სასწავლებლებში: კითხულობდა ზოგადი ბოტანიკის, მცენარეთა სისტემატიკისა და ფიტოგეოგრაფიის კურსებს.
კ.-ნ-ის ღვაწლი ღირსეულად არის დაფასებული: მისი სახელი ეწოდა ფარულთესლოვან მცენარეთა ერთ გვარს, ერთ სექციასა და 20 სახეობას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: რანალები კავკასიაში და მათი ტაქსონომია, თბ., 1966.
გ. ნახუცრიშვილი