კენოტაფი

კენოტაფი, (ბერძნ. kenotaphion < kenos – ცარიელი და ტაპჰოს – საფლავი), სამარხი ნაგებობა, საპატიო მონუმენტი ერთი ან რამდენი­მე გარდაცვლილისათვის. ჩვეულებრივი საფლავისაგან განსხვავებით კ. მხო­ლოდ გარდაცვლილის ხსოვნას ეძღვნება და მასში მიცვალებული არ არის დაკრძალუ­ლი. კ-ებს აშენებდნენ უმეტესად იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც მიზეზის გამო მიცვალებულის დამარხვა არ შეეძლოთ (ან დაკარგული იყო, ან შორს იყო დაკრძალული და სხვ.). დაკრძალვის ეს წესი კარგადაა ცნობილი მრავალ ქვეყანაში (ეგვიპტე, რომი, საბერძნეთი, შუა აზია და სხვ.). ანალოგიური წესი განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოკვეთილი კავკასიისა და სა­ქარ­თვე­ლოს ბრინჯაო-რკინის ხანის ძეგლებში და დამახასიათებელია პატრიარქალური პერიოდის მესაქონლე ტომებისათვის. კ-ები აღმოჩენილია მინგეჩაურსა და ჩრდ. კავკასიაში (გატიან კალეს სამაროვანი, პიატიგორსკის ყორღანი); სა­ქარ­თვე­ლო­ში – სამთავროსა და ნატახტრის, კასპისა და წაღვლის; კა­ხეთ­ში – სათვალისწყლისა და თეთრიწყლების სამაროვნებზე, აგრეთვე ფოხორაულების ნამოსახლარებზე და სხვ. აღნიშნული სამარხები ძვ. წ. II – I ათასწლეულებით თა­რიღ­დე­ბა.

ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე  მ., კასპის სამაროვანი, «მასალები სა­ქარ­თვე­ლოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», თბ., 1965; კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე  ა., ნ ი კ ო ლ ა ი შ ვ ი ­ლ ი  ვ., სამთავროს სამაროვანი, წგ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990; მ ე ნ ა ბ დ ე  ც., ფოხორაულების ნამოსახლარი, იქვე, ტ. 1-II, თბ., 2015; ნ ი კ ო ლ ა ი ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., ნატახტარის სამაროვნები და ნამოსახლარი, იქვე, [ტ.] 5, თბ., 1990; რ ა მ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ა., წაღვლის სამაროვანი, იქვე.

რ. რუსი­შვი­ლი