კერამიკა

კერამიკა (ბერძნ. keramikē – სამეთუნეო ხელოვნება, გამომწვარი თიხის ნაკეთობები, კ-ის ნაწარმი კაცობრიობის ისტორიის უძველესი ხანიდან გამოიყენება. მასალა მდგრადია ატმოსფერული ფაქტორების ზემოქმედებისადმი, ამდენად, ჩვენამდე თითქმის ყველა ეპოქის ნიმუშმა მოაღწია. შესაბამისად, ისტ. ეპოქების შესასწავლად კ. ერთ-ერთ მნიშვ­ნე­ლო­ვან ნივთიერ წყაროს წარმოადგენს. განათხარ უძველეს ნამოსახლარებზე და სამარხებში თითქმის ყველგანაა აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი, რ-ის თავისებურებას ხშირად გადა­მწყვე­ტი სიტყვა ეკუთვნის არქეოლ. ძეგლის ქრონოლოგიურ თუ კულტ.-ეთნოგრ. განსაზღვრაში. კ-ის ცალკეულ დარგს გარკვეული ისტორია აქვს, მ. შ. ყველაზე ხანგრძლივი – თიხის ჭურჭლის წარმოებას, რ-იც ოდითგანვე საყოველთაოდ იყო გავრცელებული. ფორმების, ორნამენტული სტილის, დამზადების ტექ. და თიხის ტექ­ნოლ. თავისებურებათა გამო სხვა­და­სხვა ხალხთა კ. განსხვავებულია. სამხრ. კავკასიაში, კერძოდ, ს ა ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი, კ-ის წარმოება ნეოლითის ხანიდან დასტურდება და მრავალსაუკუნოვანი, უწყვეტი ისტორია აქვს. იგი გამოყენების ფართო სპექტრით ხასიათდება და ჭურჭლის გარდა მოიცავს დეკორატიული დანიშნულების ნაკეთობებს, რელიეფსა და ქანდაკებას; დამკვიდრებულია არქიტექტურაში და ა. შ. ადრეული კ-ის ნიმუშები (დას. სა­ქარ­თვე­ლო – ოდიში, კისტრიკი, ანასეული II, გურიანთა და სხვ. – ძვ. წ. VI ათასწლ.) ხელით უხეშად ნაძერწია, სუსტად, არათანაბრად გამომწვარი (ღია ცეცხლზე) და ხასიათდება მარტივი ფორმებით. ძირითადად გვხვდე­ბა ქილისებრი, უყურო, სწორკედლა, ბრტყელძირიანი ჭურჭელი ვარდისფერი ან მორუხო ფერის კეცით. წარმოდგენილია როგორც თითქმის სრულიად სადაზედაპირიანი ჭურჭელი, ასევე მრავლადაა სხვა­დასხვა პრიმიტიული ორნამენტით (უმთავრესად თევზიფხური) გაფორმებული ნაკეთობები. მომდევნო – ენეოლითის ხანის (ძვ. წ. VI– IV ათასწლ.; შულავერ-შომუთეფეს კულტურა) ნაკეთობათა ფორმები ჯერ კიდევ საკმაოდ პრიმიტიულია, მაგრამ უკვე ფართოდ გამოიყენებოდა ყოფაში (ოკუმი, ძირის გორა, ფსოუ, შულავრის გორა, არახლოს გორა და სხვ.). აღმოჩენილ ნიმუშებს ხშირად ცილინდრული ფართო ყელი აქვს და გადმოკეცილი პირის ჩანასახიც ემჩნევა. უმეტესობას გაკეთებული აქვს ორი ან სამი პატარა ყური. კ-ის შემკულობა გაცილებით მდიდარი და მრავალფეროვანი მოტივებით გამოირჩევა. ზედაპირი გაპრიალებულია (ოვა­ლუ­რი ფორმის ძვლისაგან ან ხისაგან გაკეთებული მარტივი საკრიალოს გამოყე­ნებით), რ-ზედაც გვხვდე­ბა როგორც ამოკაწრული (თევზიფხური, ტეხილხაზოვანი, ტალღისებრი სახეები და სხვ.), ისე რელიეფური ორნამენტი (კონუსისებრი კო­პებით დაძერწილი სხვა­და­სხვა დეკორი, რელიეფური ტალღისებრი ხაზები, ჯვრისებრი, ნალისებრი დანაძერწები და სხვ.). აღსანიშნავია ჭურჭელზე რელიეფურად გამოსახული ადამიანის სქემატური ფიგურა და გამოუწვავი თიხისგან დამზადებული მცი­რე ზომის ქალის სკულპტურები (ხრამის დიდი გორა). თიხის კეცში აღმოჩენილი გამაჭლევებელი ნივთიერებები (უმ­თავრესად კვარცი) გვაფიქრები­ნებს, რომ ნედლეული უკვე წინასწარაა შერჩეული და მომზადებული. ამავე პერიოდში გაჩნდა დახურულ ორმოში მოწყობილი პრიმიტიული ქურის პირველი, უმარტივესი სახე. სა­ქარ­თველოს ენეოლითის კ-ში ერთ-ერთ მნიშვ­ნე­ლო­ვან მოვლენას წარმოადგენს ანგობის ტექნიკის ჩასახვა. ადრებრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. IV ათასწლ. დასასრ. და ძვ. წ. III ათასწლ. I ნახ., მტკვარ-არაქსის კულტურა) კ-ის წარმოება განვითარების მაღალ საფეხურზე ავიდა და, როგორც ჩანს, ხელოსნობის ცალკე დარგად ჩამოყალიბდა მეთუნეობა (გუდაბერტყა, ხიზანაანთ გორა, ამირანის გორა, ქვაცხელები და სხვ.). ნიმუშების უმრავლესობას წარმოადგენს სამზარეულოს დანიშნულების თიხის ჭურჭელი – ქოთნები, ქილები, დერგები, დოქები, სასმისები, კოჭობები და სხვ. კ-ის კეცი შედარებით თხელკედლიანია. მოწითალოდ გაპრიალებული ზედაპირის მქონე კ-ის გვერდით გაჩნდა ახა­ლი ტიპის – შავი და რუხი ფერის კეცის მქონე შებოლილი კ. ნაკეთობების ზედაპირი ძირითადად სადაა, ზოგჯერ გრაფიკული ორნამენტით შემკული. სამხრ. კავკასიაში ადრინდ. ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურაში აქა-იქ თავს იჩენს არქაული მოხატულობა (ოზნი, ქვაცხელები). შუაბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლ. II ნახ. და II ათასწლ. I ნახ.) თრიალეთის (ყორღანული) კულტურისათვის (თრიალეთი, ბედენი, მარტყოფი, წნორი და სხვ.) დამახასიათებელი კ. საგრძნობლად განსხვავდება წინარე ხანის თიხის ჭურჭლისგან. ჩნდება ახა­ლი, სხვა­და­სხვა სტილის მოხატული (წითელი და შავი საღებავებით) მაღალმხატვრუ­ლი და მაღალტექ. კ. იგი, ძირითადად, შავპრიალა ჭურჭელთან ერ­თად იყო გავრცელებული. ნაკეთობები კვლავ ხელით ნაძერწია, მაგრამ დახვეწილი და მრავალფეროვანი. გვხვდე­ბა როგორც მცი­რე ზომის თხელკეციანი ჭურჭელი, ისე შედარებით დიდი ზომის სქელკედლიანი ჭურჭლის ფორმები (სასმისები, ქილები, პირგადაშლილი ცალყურა და სწორპირიანი ორყურა ქოთნები, დერგები და სხვ.). გვიანბრინჯაოს ხანის კ. (ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ. და ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ.) დამზადებულია სამეთუნეო ჩარხზე და მასობრივი წარმოების საგანია (ხოვლეგორა, თრელიგორების ნამოსახლარი და სხვ.). ისტორიული კოლხეთისა და იბერიის კერამ. ნაწარმი მრავალფეროვანი ფორმებით ხასიათდება. აღნიშნულ პერიოდში შედარებით დაბალმხატვ­რული ჭურჭლის გვერ­დით გვხვდე­ბა კ-ის საუცხოო ნიმუშებიც (სამთავროს ­სამაროვა­ნის კ.). გაფართოვდა ჭურჭლის ასორტიმენტი. ფართოდაა გავრცელებული ვიწროყელიანი და მოხერხებულსახელურიანი ჭურჭელი (ხელადა, კოკა, თუნგი), რ-იც უფრო ადრეულ ნიმუშებში არ გვხვდე­ბა. მუქი რუხი ფერის კეცის მქონე თიხის ნაკეთობები ხშირად სხვადა­სხვა ხასიათის გეომ. ორნამენტითაა შემკული. ნაპოვნია მოჭიქული ჭურჭლის ნიმუშებიც. რკინის ხანიდან (ძვ. წ. I ათასწლ.) ხშირია ცხოველის ფორმის ჭურჭელი, მისი ცალკეული ზოომორფული დეტალები კი (მაგ., ყური) უფრო ძვ. დროიდანაა ცნობილი. კოლხე­თის დაბლობზე ბრინჯაოსა და ადრინდ. რკინის ხანაში წამყვანია თავისებური სახის ღარებიანი და ჭდეებიანი ორნამენტით შემკული მუქი, მონოქრომული კ. დას. სა­ქართვ. ზოგიერთ რ-ნში (მაგ. საჩხერე) თავდაპირველად თავს იჩენს მტკვარ-არაქსის, შემდეგ კი – აღმ.-ქარ­თული ტიპის კ.

კ-ის წარმოება აღორძინდა ანტ. სამყაროში. სოფ. მეურნ., ხელოვნ., ვაჭრობისა და ქალაქური ცხოვრების განვითარებამ განაპირობა კ-ის მასიური წარმოება და მისი ფუნქციური დიფერენციაცია. ანტ. სახელმწიფოში არისტოკრატიული და შეძლებული ფენების გამორჩეული მდგომარეობა ზრდიდა მოთხოვნილებას მაღალხარისხოვან და მაღალმხატვ­რულ ფუფუნების საგნებზე. კ-ის წარმოება მხატვ­რუ­ლი დონით არ ჩამორჩებოდა ხელოვნ. სხვა დარგებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში აღმოჩენილია დიდძალი იმპორტული ანტ. კ. კოლხეთსა და იბერიაში ად­გილ. კერამ. ნაწარმის გვერდით დაიწყო ამფორებისა და სხვა წითელლაქიანი ჭურჭლის დამზადება. დამკვიდრდა თიხის დამუშავების ახ. წესი, რ-იც ადრინდ. ფეოდ. ხანაშიც არსებობდა. განახლდა მოხა­ტული კ-ის ტრადიცია. აღმ. სა­ქარ­თვე­ლო­ში, ადრინდ. ანტ. ხანაში, კარგად ჩანს გვიანდ. ბრინჯაოს ხანის კ-ის ტრადიციები. ჭურჭლის ფორმებიდან ძირითადად გვხვდე­ბა სხვა­და­სხვა სახის შავპრიალა ჯამები, წითელკეციანი ქვევრები და დერგები, წითლად შეღებილი წითელპრიალა პატარა დოქები. უნიკალურია სამადლოში აღმო­ჩენილი ელინისტური ხანის დიდი ზომის მოხატული ქვევრები. იბერიული შავპრიალა პატარა ზომის ჭურჭელი (აღმოჩნდა ურბნისში, გორში, რუსთავში, ხოვლეში, თბილისში, თრიალეთში, ხუნანში და სხვ.) კონკურენციას უწევდა ბერძნ. შავლაქიან კ-ს. იშვიათად გვხვდე­ბა შავად მოხატული ნაცრისფერი პრიალა ჭურჭელი. ზოგიერთი ნაწარმი (ბორცობებიანი ჭურჭელი) დამზადებულია ვერცხლისა და მინის ჭურჭლის მსგავსად. შავპრიალა კ-ის ტრადიცია აღმ. სა­ქარ­თვე­ლო­ში II ს-მდე აღწევს. წინა და ადრინდ. ანტ. ხანაში კოლხურ ად­გილ. კ-ში მრავალ სიახლეს ვხვდებით: ჩნდება ყურმილიანი ბიკონუსური ხელადები და ჭინჭილები, მაღალფეხიანი და კონუსურძირიანი სასმისები, პირგადაკეცილი სხვა­და­სხვა ჭურჭელი, წრიულ-კონცენტრული ჭდეული ორნამენტი და სხვ. კოლხეთში ამ დროს შავი და მუქზედაპირიანი ნაწარმი ჭარბობს. კოლხური კ-ის ნიმუშები ხარისხით ხშირად არ ჩამოუვარდებოდა იმპორტულს.

ქარ­თული კ-ის ერთ მთავარ ჯგუფს წყლის, ღვინის, სამზარეულო და სამეურნეო დანიშნულების მრავალნაირი ჭურჭელი შეადგენს, მეორეს კი – კრამიტი, აგური და თიხის მილები. სა­ქართვ. ანტ. ხანის არქეოლ. მასალაში საღვინე ჭურჭლის სპეციფ. ადგილ. ფორმების (ქვევრები, სხვადა­სხვა სახის დოქები, ხელადები, ჭინჭილები, ფიალები) სიმრავლე, პირველ რიგში, მაღალგანვითარებულ მევენახეობაზე მიგვითითებს. ამასთან, ქვევრები და დიდი დერგები განკუთვნილი იყო მარცვლეულის, ზეთისა და სხვა პროდუქტის შესანახადაც. გვიანდ. ანტ. ხანაში ვრცელდება სამტუჩა (სამყურა ბალახის ფორმის) ფართოძირიანი, მოვარდისფრო, მოწითალო, ზოგჯერ შავკეციანი დოქები, მატულობს ყელწიბოიანი მსხლის ფორმის წითელი თიხის დოქები, რ-თა ფორმა ადრინდ. და შუა ფეოდ. ხანაშიც გადმოდის. ამ დროს გვხვდე­ბა მოჭიქული კ-ის ცალკეული ნიმუშებიც (არმაზისხევი, ურბნისი, თრიალეთი, ყოღოთო). სა­ქარ­თვე­ლო­ში ფართოდ გამოიყენებოდა სამშენებლო კ. შენობების ასაგებად გამოყენებულია განსხვავებული ზომის გამომწვარი აგური. ქალაქებში საცხოვრ. და სხვა ნაგებობები ხშირად გადახურული იყო წითლად შეღებილი გვერდებაკეცილი და ღარებიანი კრამიტით (მცხეთა, ურბნისი, გორი, სამადლო, სარკინე, რუსთავი და სხვ.). აღსანიშნავია, რომ არმაზისხევის და ბაგინეთის მშენებლობაში (ძვ. წ. VI ს.) უკვე გამოყენებულია კერამ. მილები. მცხეთაში აღმოჩენილია კრამიტ-სამარხები (ძვ. წ. I – ახ. წ. III სს.), აგურითა და კერამ. ფილებით ნაგები სამარხები (I–III სს.) და სხვ.

ფეოდ. ხანაში კ-ის წარმოების განვითარება ახ. სოც.-ეკონ. საფუძველს ემყარებოდა. ადრინდ. ფეოდ. ხანაში (IV–IX სს.) ძვ. (ანტ.) საქალაქო მეურნეობის, ვაჭრობახელოსნობის განვითარების შეჩერებამ სასოფლო მეურნეობის აღორძინება გამოიწვია. შეიმჩნეოდა კერამ. ნაწარმის თანდათანობითი რეგრესი. IV–V სს. კერამ. წარმოებამ ჯერ კიდევ შეინარჩუ­ნა ინტენს. ხასიათი და მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი მასშტაბი, ნაწარმმა კი – ანტ. კ-ის მრავალი ნიშანი, თუმცა მნიშვ­ნელო­ვა­ნი ცვლილებებიც განიცადა. თხელკეციან კ-ს IV–VI სს-ში სხვა ფორმა ჰქონდა და განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდებოდა. აღნიშნულ პერიოდში საშენ მასალად ქვასთან ერთად აგური გამოყენებულია ნაქალაქევის ძველი ციხე-ქალაქის კედლებში (IV–VI სს.), ასევე ვარციხის, შორაპნის და სკანდის ძველი ციხეების მშენებლობაში (V–VI სს.). აგური თავისი ზომითა და ფორმით „ქართულ აგურს" (23,5 სმ×23,5 სმ×5,5 სმ) უახლოვდება.

ფეოდ. სა­ქართვ. პოლიტ. გაერთიანებას, ეკონ. წინსვლას და ქების აღორძინებას კ-ის წარმოების ახ., მკვეთრი აღმავლობა (IX–XIII სს.) მოჰყვა. აღორძინების ხანის პროდუქციის წარმოებაში კ. განსაკუთრებულ ადგილს იჭერს. XII–XIII სს-ში გაუმჯობესდა კ-ის წარმოების ტექნოლოგია. ამზადებდნენ საოჯახო და სამეურნეო დანიშნულებისა (ჯამები, სხვა სახის პატარა დოქები, საყვავილე ლარნაკები, ჭრაქები, სამარილეები და სხვ.) და სადღესასწაულო (მ. შ. ოქროთი მოვარაყებული თხელკედლიანი ლარნაკები და სხვ.) ნაკეთობებს. განსაკუთრებული ადგილი ეჭირა მოჭიქულ ჭურჭელს, რ-იც მასიურად მზადდებოდა სხვა­და­სხვა საწარმოო ცენტრში – თბილისში, დმანისში, რუსთავში და სხვ. მოჭიქული კ. წარმოადგენდა ერთი ან რამდენიმე ფერით მოხატულ, გამჭვირვალე ჭიქურით დაფარულ ჭურჭელს. გვხვდე­ბა ფერადი ჭიქურებით მოხატული ჭურჭლის ნიმუშებიც. განსაკუთრებით ბევრი იყო ფრინველის გამოსახულებიანი და მცენარეული ორნამენტით შემკული ჯამები. ადგილობრივ ნაწარმს წარმოადგენდა ქაშანურის ზოგიერთი ნიმუშიც, რ-იც თავისებური ორნამენტული სტილითა და ტექნოლოგიით გამოირჩევა. აღმოჩენილია კერამ. სახელოსნო გამოსაწვავი ქურებით და სათანადო პროდუქციითურთ ("განჯისკარი"), მიაგნეს წარმოების უშუალო კვალს (თბილისი, დმანისი, რუსთავი). სავარაუდოა, რომ კერამიკული ნაწარმი მზადდებოდა უჯარმაში, იყალთოში, ძვ. ანაგაში, გუდარეხში, სოხუმში, ოჩამჩირეში, ზუგდიდსა და ცაგერში. სა­ქარ­თვე­ლო­ში აღმოჩენილია ამ დროის იმპორტული, უმეტესად აღმ. ქვეყნებიდან შემოტანილი ჭურჭელი. ცნობილია უცხოურის მიბაძვით ნაკეთები კ-ც. დასტურდება სავაჭრო ურთიერთობა ქართულ ქალაქებს შორის, სავარაუდოდ, კერამ. ჭურჭელი საზღვარგარეთაც გაჰქონდათ. აღნიშნულ პერიოდში მხატვ­რუ­ლი კ-ის წარმოებამ უმაღლეს დონეს მიაღწია და ად­გილ. კულტ. ტრადიციებზე დაფუძნებული თავისებური ახ. მხატვ­რუ­ლი სტილი შექმნა. ამას ხელს უწყობდა მეზობელ კულტ. გარემოსთან ურთიერთობაც. შუა საუკუნეების სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშვ­ნე­ლო­ვან წარმატებას მიაღწია სამშენებლო კ-მ. აგურის მასიურ გამოყენებას ვხვდებით სახლების, სასახლეებისა (გეგუთის სასახლის დიდი ნაწილი აგებულია აგურით) და ეკლესია-მონასტრების გუმ­ბა­თისა და თაღების მშენებლობაში. აღნიშნული პერიოდის მნიშვ­ნე­ლო­ვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს სხვა­და­სხვაფრად მოჭიქული შორენკეცების დამზადება და მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენება (რუისის, ბოდბის ტაძრები და სხვ.). იმავე პერიოდის მშენებლობაში ვრცელდება მოჭიქული კრამიტიც (კრამიტით გადახურული იყო გეგუთის სასახლის დიდი ნაწილი, ასევე გელათის მონასტერი, იშხნისა და დოლისყანის ტაძრები და სხვ.).

XIII ს. II ნახ. – XIV ს-ში კერამ. წარმოებაში ახ. ეტაპი გამოიყო, რითაც დასრულდა აღმავლობის პერიოდი. მხატვრულ კ-ში ეს მომენტი ახ. ტექ­ნოლ. ხერხებისა და ორნამენტული სახეების შემოღებით გამოიხატა (მაგ., ჭიქურის იმიტაცია, ამოკაწრულ ორნამენტზე ანგობისა და მოხატულობის დატანა და ამ ნაწილის უთხელესი ჭიქურით დაფარვა). გვიანდ. ფეოდ. ხანის ძეგლები და მასალა შედარებით უკეთ არის შესწავლილი აღმ. სა­ქარ­თვე­ლოში (თბილისის დედაციხე, დმანისი, გუდარეხი, მცხეთა, ჯავახეთის ახალქალაქი, თელავი, გრემი, არეში, ძველი გავაზი და სხვ.). აქ აღმოჩენილი კერამ. ნაწარმი იმდროინდელი საზ-ბის ეკონ. მდგო­მარეობის ამსახველი ერთერთი პირველწყაროა. შესამჩნევია კერამ. წარმოების დაქვეითება, რისი მიზეზიც ქვეყნის პოლიტ. და ეკონ. დასუსტება, ფეოდ. დაქუცმაცებულობა და აშლილობა, საქალაქო მეურნ. შეჩერება, გარეშე მტრის შემოსევები და თარეში იყო. მშვიდობიანობისა და მომძლავრების ცალკეული მომენტები (მაგ., XV–XVI სს-ში კა­ხე­თის სამეფოს გაძლიერება) ბიძგს აძლევდა ხელოვნ. დარგების, კერძოდ, კ-ის წარმოების განვითარებასაც. გვიანდ. ფეოდ. ხანაში მკვეთრად იცვლება მოჭიქული კ-ის ფორმები, კეცი, ორნამენტის სახეები და შესრულების ხერხები, საღებავის ფერი და ა. შ. ქუსლიანი ჯამები, ფიალები, ლანგრები და ხელადები მზადდება სუფთად განლექილი თიხისაგან. მათი კეცი მოყვითალო ან მოწითალოა და ორივე მხა­რეს დაფარულია მაღალი ხარისხის ყვითელი ან თეთრი ანგობითა და ჭიქურით. მოცემული პერიოდის კ-ში ერთ-ერთ ძირითად ჯგუფად გამოიყოფა წერნაქიანი ჭურჭელი – სხვა­და­სხვა სახის დოქები, ხელადები, ჯამები, თეფშები, სამარილეები, ქოთნები, ქილები, დერგები, ქვევრები, ჩიბუხები და სხვ. XVII–XVIII სს-ში თბილისი ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრი იყო. ამ დროს შედარებით მცირე მასშტაბით აღდგა კერამ. წარმოება. იმპორტული ნაწარმის კ-ში გამოირჩევა ჩინეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან და დაღესტნიდან შემოტანილი ნიმუშები.

XVI ს-იდან იზრდება აგურის მნიშვნელობა, როგორც საერო (კა­ხე­თის XV–XVII სს. ნაგებობები; XVII–XVIII სს. თბილისის შენობები და ქალაქის გალავანი; ერეკ­ლე II-ის სასახლის თაღები თბილისში), ისე საეკლ.- სამონასტრო არქიტექტურაში (ახ. შუამთის და გრემის მთავარანგელოზთა ეკლესიები კა­ხეთში, დანახვისისა და უფლისციხის ეკლესიები ქართლში, კადარის ეკლესია სა­მე­გრე­ლო­ში და სხვ.). იყენებდნენ დეკორ.-მოსაპირკეთებელ ­აგურსაც. კერამ. მილები გამოყენებულია თელავის, გრემის, "მუნის წყაროს" და სხვ. აბანოებსა და წყალ­სადენებში (XV–XVII სს.).

XVIII–XIX სს-ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­და­სხვა კუთხეში არსებობდა მეთუნეობის ცენტრები, სადაც საყოფაცხოვრებო, მხატვ­რუ­ლი და სხვა დანიშნულენის კ-ის ნიმუშები მზადდებოდა, მ. შ. მეჭურჭლეობის ცენტრებია: კა­ხეთ­ში – თაღლაური, რუისპირი, არტოზანი, მერე, ვარდისუბანი, თელავი, მაჩხაანი, ბოდბისხევი; ზემო იმერეთ­ში – შროშა, საწაბლე, მაქათუბანი, გეზრულა, ჯოყოეთი; ქართლში – ცხავატი; ლეჩხუმში – საირმე; რა­ჭაში – ლაჩთა და შოუბანი; სა­მე­გრე­ლო­ში – ნამიკოლავო; აფ­ხაზეთში – ეკვასკე და სხვ. მექვევრეობა-მეთორნეობის ცენტრე­ბია: კა­ხეთ­ში – ვარდისუბანი, ახალსოფელი, ყარსუბანი; ზემო იმე­რეთ­ში – ჩხი­რული, დიდწითელა; ასეთივე ცენტ­რებია აგრეთვე ქსნის ხეობაში, ლეჩხუმში და ა. შ. ასევე სხვა­და­სხვა ადგილას ამზადებდნენ კრამიტსა და აგურს. სხვა­და­სხვა კუთხის ცალკეული სახის ნაწარმს შორის უმთავრესად მსგავსებაა ფორმის, დამზადების ტექ. მი­ხედვით და სხვ. ამავე დროს ვლინდება ად­გილ. თავისებურებებიც. აღ­ნიშნულ პერიოდში თანდათან ჩამოყალიბდა ქართ. აგურის სტანდ. ზომა. გვერდებაკეცილი კრა­მიტი კი საბოლოოდ შეცვალა პატარა და მსუბუქმა ღარისებრმა კრამიტმა.

XIX ს-ში ქართ. ხალხური კ-ის გვერდით უხვად გამოჩნდა დას.-ევროპული და რუს. საქარხნო კერამიკული ნაწარმი, რ-მაც, გარკვეულწილად, შეაფერხა შინამრეწველური ქარ­თული კ-ის რეალიზაცია. იმავე საუკუნის ბოლო წლებიდან, ქართ. კულტურის სხვა დარგებთან ერთად გამოცოცხლება კერამიკულმა ხელოვნებამაც დაიწყო. მხატვ­რუ­ლი კ-ის წარმოებისა და მისი ტრადიციების აღორძინების საკითხით დაინტერესდნენ საზ. მოღვაწეები და მხატვრები (მ. შ. ა. ბერიძე და ა. მრევლი­შვი­ლი). ამ პერიოდის მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვლენა იყო მცხეთის კერამიკული სკოლის დაარსება (1912), რ-საც კერამიკოსი ბ. შებუევი ხელმ­ძღვანე­ლობ­და.

სამშენებლო კერამიკის წარმოებაში შემოიღეს ორთქლის ძრავით მომუ­შავე თიხის საზელი და დამყა­ლიბებელი მანქანები, აგრეთვე განუწყვეტელი მოქმედების ჰოფმანის სისტემის გამოსაწვავი ღუმელი. 1878 მდ. ვერეზე მოეწყო კერამიკული კომბინატი აგურის, კრამიტის, თიხის მილების, ტერაკო­ტისა და ჭურჭლის დასამზადებლად, ვერის უბან­ში – ახ. ტექნიკით შეიარაღებული პირველი აგურის მსხვილი ქ-ნა (1882–86). საერთოდ XIX ს. ბოლო ორი ათე­ული წლის განმავლობაში წვრი­ლი მრეწველობა თბილისში საგრძნობლად შემცირდა, მ. შ. აგურის წარმოებაც. 1898 კუკიის სასაფლაოს სიახლოვეს კვლავ დაიწყო ფუნქციონირება გაუმჯობესებული ტექნიკის ბაზაზე მომუშავე აგურის ქ-ნამ.

1909 წლისათვის ქუთაისში არსებობდა 35 აგურ-კრამიტის საწარმო, ამას გარდა აგურის წვრილი სარეწავები იყო ფოთში, ახალციხეში, ახალქალაქში, გორში, სიღნაღში, თელავში.

საბჭ. ხელისუფლების დამ­ყარების პირველივე თვეებში განახლ­და ქსნის აგურ-კრამიტის და შროშის ცეცხლ­გამძლე მასა­ლების ქ-ნები. ქსნის ქ-ნა სა­ქართვ. კერამ. მრეწველობის ­ერთადერ­თი საწარმო იყო, სადაც ამზადებდნენ თიხის მილებს. თუმცა მათი წარმო­ება თანდათან ­ეცემოდა იმ მე­ტალურგიული ქ-ნების მშენებლო­ბის გამო, რ-ებიც ყო­ველწლიურად აფართოებდნენ მაღალ­ხარისხოვანი თუჯისა და ფო­ლადის მილების დამზადებას. შემ­დგომ პერიოდში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­და­სხვა რ-ნში აშენდა აგურკრა­მიტის ახ. ქ-ნები, ხდებოდა არსებულის რეკონსტრუქცია-გაფართოება. 1941 წლის დასაწყისისათვის მწყობრ­ში ჩადგა საბურთალოს მშრა­ლი წნეხის მექანიკური აგურის ქ-ნა, რ-იც ყველაზე მძლავრი და მექანიზებული იყო. პარალელურად შენდებოდა კრამიტის ქ-ნებიც.

ჩვენს კერამ. მრეწველობაში დიდი მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენდა XX ს. II ნახიდან საოჯახო ­საჭიროებისა­თვის სათუთი კერამიკის წარ­მოება. გარდა ამისა, ფაიფურის ნაწარმი ­ფართოდ გამოიყენებოდა ელექტრო­ტექ­ნიკაში საიზოლაციო მასალად, ნახევრადფაიფურის ნაკეთობანი კი – სანიტარიული ტექნიკის დარგში.

კერამ. მრეწველობის განვითარების მნიშვ­ნე­ლო­ვან ეტაპს წარმოადგენდა თბილ. კერამიკული კომბინატის აშენება XX ს. 50- იან წლებში – უშვებდა ნახევრად ფაიფურის სანიტარიულ ნაწარმს, შემდეგ კი დაიწყო კაფელის (მოსაპირკეთებელი ფილები) დამზადება.

თანამედროვე ქართ. პროფესიული კ-ის ისტორია XX ს. 20- იანი წლებიდან იწყება. 1925 ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვ­რო აკადემიაში გაიხსნა კერამიკული სახელოსნო (მხატვრუ­ლი ­ხელმძღვ. – ი. ნიკოლაძე, გამგე – ბ. შებუევი, ოსტატი – ა. იორდანა­შვი­ლი). 1927 ქანდაკების ფაკ-ტთან კერამიკული ­განყ-ბა (­ხელმძღვ. ა. ფიცხელაური), ხოლო 1930 კ-ის ფაკ-ტი ჩამოყალიბდა. სახელოსნო მხატვრებს თი­ხის ნაწარმის შე­ქმნისა და გამოწვის საშუალებას აძლევდა. 1928 აქვე დაარსდა ქიმ. ლაბორატორია (­ხელმძღვ. მ. ხანანა­შვი­ლი), რშიც სა­ქარ­თვე­ლოს ტერიტორიაზე მოპოვებული თიხის ნედლეულის კვლევა ხდებოდა. ტარდებოდა სამუშაოები ანგობისა და ჭიქურის ნაირსახეობების შესასწავლად. კ-ის ფაკ-ტზე ასწავლიდნენ: ბ. შებუევი, ა. ფიცხელაური, მ. ხანანაშვი­ლი, ი. ნიკოლაძე, ლ. გუდიაშვი­ლი, ლ. ტომაშუკი და სხვ. მალევე მათ სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული პედაგოგები (დ. ციცი­შვი­ლი, ზ. მაისურაძე, ნ. გომელაური და სხვ.) შეუერთდნენ. აღნიშნულ პერიოდში ახალ მიმართულებას – ფაიფურის ხელოვნებას – ჩაეყარა საფუძველი (მ. გიორგაძე, ე. ბაბლიძე, ე. ხაჩიძე, ი. ბუზარიაშვი­ლი, მ. ჯალაღანია, გ. ყანდარელი, მ. ბაიდა­შვი­ლი, ა. ნაჩარიანი, მ. ჩიხლაძე, ი. გაჩეჩილაძე, გ. გოგიჩაი­შვი­ლი, ე. ვატაევა, ვ. გელა­შვი­ლი და სხვ.). ძირითადად შეიქმნა დიდი ზომის, დეკორით და სიუჟეტური კომპოზიციით უხვად შემკული საზეიმო ხასიათის მქონე დეკორატიული ლარნაკები (ი. ყანდა­შვი­ლი, 1948, 1952; ი. ბუზარია­შვი­ლი, 1948; შ. ციციშვი­ლი, 1952; გ. გოგიჩაი­შვი­ლი, 1953 და სხვ.), სახილე ლარნაკები (მ. ჩიხლაძე, 1954; გ. ლომიძე, XX ს. 50-იანი წლები და სხვ.), ტორშერები (ა. სპარსია­შვი­ლი, 1958; შ. ნარიმანი­შვი­ლი, 1958), ჭაღები (გ. ფაჩუა­შვი­ლი, 1959) და სხვა­და­სხვა კომპოზიციები, თუმცა ქართ. კერამიკული წარმოებისათვის "უცხო მასალა"– ფაიფური, სათანადოდ ვერ განვითარდა ჩვენს სინამდვილეში. ბოლომდე ვერ მოხერხდა გამართული საწარმოო ბაზის შექმნა, ადგილობრივი ნედლეულის ათვისება, მისი წარმოებაში დანერგვა და ა. შ., სხვა მრავალი პრობლემის დაძლევა, რაც თავისთავად უარყოფითად აისახა პროდუქციის მხატვრულ ხარისხზეც. ამიტომაც, XX ს. 50- იან წლების ბოლოდან მხატვარ-კერამიკოსების უმრავლესობა ეროვნულ, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე მასალას – წითელ თიხას მიუბრუნდა, რაც მათ მდიდარ ტექნოლოგიურ, ფორმი­სეულ და დეკორატიულ მემკვიდრეობას სთავაზობდა. აქ კი გა­და­მწყვე­ტი როლი სამხატვრო აკადემიის კ-ის ფაკ-ტთან არსებული ტექნოლოგიური ლაბორატორიის სასწავლო ექსპერიმენტულ სახელოსნოდ გადაკეთებამ ითამაშა (1958). სახელოსნოში თავი მოიყარა გამორჩეულმა, ინდივიდუა­ლური ხელწერის მქონე კერამიკოსთა ჯგუფმა (ს. სულხანი­შვი­ლი, ე. ბაბლიძე, რ. ია­შვი­ლი, ა. კაკაბაძე, მ. ჩიხლაძე, ნ. კიკნაძე, მ. ჯალაღანია, რ. მეტრეველი, ი. გაჩეჩილაძე, ქ. კარგარეთელი, რ. ეკალაძე, გ. გოგიჩაიშვი­ლი, რ. მეტრეველი-ჭელიძე, გ. ფაჩუა­შვი­ლი და სხვ.), რ-თა შემოქმედებამ მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი როლი შეასრულა როგორც საკუთრივ 1960–70 წლების, ისე, საერთოდ, ქარ­თული კ-ის ისტორიაში. ამასთან, საგულისხმოა სხვა მხატვარკერამიკოსების (ი. ყანდა­შვი­ლი, რ. ცუხი­შვი­ლი, ლ. ნაკაშიძე, ა. ბასიშვი­ლი, ო. მუხი­გული, ნ. ბოტკოველი, გ. მირზოევი, ა. ბარამიძე, რ. ქუჩულორია და სხვ.) შემოქმედებითი მოღვაწეობა. აქვე უნდა აღინიშნოს იმ მხატვრების დიდი დამსახურება (ე. მეგრელი­შვი­ლი, ნ. ლუარსაბი­შვი­ლი, ა. ბარამიძე, მ. ბაიდო­შვი­ლი, ე. ხაჩიძე, მ. აბაშიძე, ლ. ყიფიანი, დ. კობია­შვილი, ქ. ვაშაკიძე, მ. ჯალაღანია და სხვ.), რ-ებიც ამ დროისათვის სხვადა­სხვა წარმოებაში (თბილისის კერამიკული კომბინატი, კაფელის ფილების, საბურთალოს აგურის; ზუგდიდის ფაიფურის ქ-ნები და სხვ.) მუშაობ­დნენ და მხატვრულდიზაინურ ნაწარმს ქმნიდნენ. მათ მიერ განხორციელებული ეტალონებით გამოშვებული ნაწარმი დაინერგა ადგილობრივ წარმოებაში, ხოლო საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ გამოფენებზე არაერთი ჯილდო დაიმსახურა.

თანამედროვე მხატვარ-კერა­მიკოსთა მიერ შესრულებულ კერამ. ნიმუშებში ნათლად იკითხება მრვალსაუკუნოვანი გამოცდილება, ეროვნული ხასიათის ღრმა წვდომა და, ამავდროულად, სიახლის ძიების წყურვილი. მხატვ­რული სახის შესაქმნელად, ფორმათა მრავალფეროვნებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერადოვან გამას, რ-იც სხვადასხვა ტექნოლოგიური ხერხების შერწყმითაა მიღებული (შებოლვა, აღდგენითი ჭიქურები, მაიოლიკის ჭიქურები, ანგობის საღებავები და სხვ.). XX ს. ქარ­თული პროფ. კ. მრავალი მიმართულებით განვითარდა. წამყვანი როლი კვლავ მცირე ზომის საყოფაცხოვრებო და დეკორ. ჭურჭელს ენიჭება, ამასთან მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ადგილი უჭირავს სიუჟეტურ, ანიმალისტურ, დეკორატიულ პლასტიკასა და პორტრეტულ კერამიკას.

განსხვავებული ხედვა და მიდგომა გამოჩნდა კერამიკოსთა მომდევნო თაობის შემოქმედებაში (ქ. რუხაძე, გ. ია­შვი­ლი, ნ. ციცი­შვილი, ლ. ქუთათელაძე, ლ. ბაგრატიონი, ო. ვეფხვაძე, ო. შარაბიძე, გ. უსტია­შვი­ლი, გ. კიკნაძე, მ. იზორია, თ. კუპრა­შვი­ლი და სხვ.). მხატვარ-კერამიკოსები ნაკლებად მიმართავენ უტილიტარული და ყოფითი დანიშნულების ნიმუშების დამზადებას, ისინი ძირითადად მხატვრულ-ვიზუალუ­რი ხასიათის დეკორატიულ, საექსპოზიციო ნამუშევრებს ქმნიან. განსხვავებულია მხატვ­რუ­ლი ფორ­მები. მასალად, წითელ თიხას­თან ერთად, ხშირ შემთვევაში გამო­ყენებულია შამოტი. ნიმუშები იმკობა პლასტიკური და ფერწერული ხერხებით, რაც კერამიკული ნაკეთობების სინთეზურ ხასიათს განაპირობებს.

სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­და­სხვა რაიონ­ში (შედარებით შემცირებული მასშტაბით) დღემდე არსებობს ხალ­ხური კერამიკის ­საწარმოო კერები, სადაც ძირითადად საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების წითელი თიხისა და ტერაკოტის ჭურჭლის მოხატულ-მოჭიქულ ნიმუშები მზადდება. XX ს. II ნახ-ის მრავალრიცხოვან ოსტატთა შორისაა ა. სულთანიშვი­ლი (კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახალქალაქი), რ. არსენი­შვილი (თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. იყალთო), ტ. მეჭურჭლი­შვილი (სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბოდბისხევი), ლ. ბუნტური (ახალგორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცხავატი), შ. სვანიძე (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფ. შროშა) და სხვ. მათი შემოქმედება მრავალსაუკუნოვან ქარ­თული ხალხური კ-ის ტრადიციებს ემყარება.

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუნქციონირებს 600-მდე კერამიკული მრე­წველობის საწარმო, რ-ის ძირი­თადი ნაწილი წვრილ, კერძო საწარმოებს წარმოადგენს.

ქართ. კერამიკის ძველი ტრა­დიციების შენარჩუნებისა და აღორძინების მიზნით კერამიკულ ხელოვნებას სტუდენტები ეუფლებიან თბილ. სა­ხელმწ. ­სამხატვ­რო აკა­დემიაში. მიმართულებას ხელმძღვანელობს გ. ია­შვი­ლი. აქ­ვე ფუნქციონირებს კერამიკა-მი­ნის სასწავლო-ექსპერ. სახელოსნო.

უნდა აღინიშნოს, რომ სა­ქართვე­ლოს გააჩნია საკმაო რაოდენობის კერამ. ნედლეული – კაოლინი, თიხები, რიოლიტები, ტრაქიტები, პეგმატიტები.

კ. უძველესი ხანიდან დღემდე ქართველი ხალხის ყოველდღიური ყოფისა და შემოქმედებითი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და ერის ისტორიის კვალდაკვალ ვითარდება.

ლიტ.: ა ფ ა ქ ი ძ ე  ა., ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ სა­ქარ­თველო­ში, [წგ.] 1, თბ., 1963; ბ ო ჭ ო რ ი შ ვ ი ­ლ ი  ლ., კერამიკული წარმოება საქართველოში, თბ., 1995; დიდი პიტიუნტი. არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინთაში, [წგ.] 1, თბ., 1975; ვანი I, თბ., 1972; ი ზ ო რ ი ა  მ., ახა­ლი მასალები ქარ­თული მხატვ­რუ­ლი თანამედროვე კერამიკის ჩამოყალიბების ისტორიიდან, «სა­ქარ­თვე­ლოს სიძველენი», 2016, № 19; კ ვ ა ს ხ ა ძ ე  შ., კერამიკული ხელოვნება აღმავლობის გზაზე, «საბჭოთა ხელოვნება», 1954, №1–2; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე  ო., არქეოლოგია და სა­ქარ­თვე­ლოს ძველი ისტორიის ზოგიერთი საკითხი, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნების ისტ. სერია, 1976, № 2; მ ა ი ს უ რ ა ძ ე  ზ., ქარ­თული მხატვ­რუ­ლი კერამიკა IX– XIII სს., თბ., 1953; ნ ე ბ ი ე რ ი ძ ე  ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1972; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორია, მთ. რედ. მ. ლორთქიფანიძე, ტ. 1, თბ., 2012; ფ ი ც ხ ე ლ ა უ რ ი  ა., დეკორატიული კერამიკა, თბ., 1954; ჯ ა ო ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., კერამიკული მრეწველობა სა­ქარ­თველო­ში, თბ., 1958.

ე. გოგაძე

გ. ტაბატაძე

ს. ჩიტორელიძე