კერკეტები

კერკეტები, ერთ-ერთი ­უძველესი ტომი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, ადიღეელთა წინაპრები. ანტიკურ ხანაში სახლობდნენ შავი­ზღვისპირეთში, ეკავათ სანაპირო ზოლი დაახლ. დღევანდელი ნოვოროსიისკიდან ტუაფსემდე. კ-ს იხსენიებენ სტრაბონი, პლინიუსი, პტოლემაიოსი და სხვ. კ-ის შე­სა­ხებ ნათქვამია, რომ „ესაა სამართლიანი და კეთილი ხალხი, ზღვაოსნობაში დიდად დახელოვნებული, რომელთა სანაპიროზე არის ნავმისადგომები და სოფლები, სადაც მუშაკნი გასაყიდად საქონელს დაატარებენ". კ-ის ქვეყანაში ანდრია პირველწოდებული ჯიქების ქვეყანაზე გავლით შევიდა. ჯიქებმა ქრისტეს მოციქულის ქადაგება არ შეისმინეს, მაგ­რამ კ-ში, ასევე მათ ჩრდილოე­თით მცხოვრებ სინდებში, ანდრიამ წარმატებით იქადაგა ქრისტეს მცნებანი, რაც ამ რეგიონში ბერძნულ-რომაული კულტურის დიდი გავლენით იყო განპირობებული. ეპიფანე კონსტანტინოპოლელი (IX ს.) სინდებს „ზემო სუგდებად" მოიხსენიებს, ჩნდება საფუძველი, რომ სინდების ახლო მონათესავე კ. „ქვემო სუგდებად", ე. ი. სინდების ნაწილად მივიჩნიოთ. კ-მა ახლანდ. ჩერქეზების ეთნოგენეზშიც მიიღეს მონაწილეობა, ამიტომ ხშირად მათ აიგი­ვებენ ჩერქეზებთან. შავი ­ზღვის აღმ. სანაპირო­ზე მცხოვრები კ-ის ისტორიის ასპარეზიდან გაქრობა მთიდან ჩამოსულმა ჯიქებმა ­დააჩქარეს.

ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე  ვ., ანდრია პირველ­წოდებულის მისიონერული მოღ­ვაწეობა აღმოსავლეთ შავი­ზღვის­პი­რეთში, თბ., 2015; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ­ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წგ. 1 – სა­ქარ­თვე­ლოს, კავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1950.

ვ. გოილაძე