კესნერი ფრანც კარლის ძე

კესნერი (Kessner) ფრანც კარლის ძე (1851, ბერლინი, – 1930, თბილისი), სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღვაწე გერმანელი პიანისტი, პედაგოგი, თბილისის კონსერვატორიის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. 1876 დაამთავრა ბერლინის სამუსიკო აკადემია ფორტეპიანოს განხრით და იმავე წელს იქვე დაიწყო პედ. მოღვაწეობა. 1879 კ-მა მოაწყო საკონცერტო ტურნე გამოჩენილ მევიოლინე ჰ. ვენიავსკისთან ერთად დას. ევროპასა და რუსეთის დიდ ქალაქებში. 1881 ჩამოვიდა სა­ქარ­თვე­ლო­ში, დაქორწინდა და დასახლდა თბილისში. წარმატებული კონცერტების შემდეგ იგი მიიწვიეს თბილ. სამუსიკო სასწავლებელში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმ­ძღვანე­ლობ­და საფორტეპიანო კლასს. 1918-იდან იყო თბილ. კონსერვატორიის პროფესორი. თბილისში დააარსა პირველი პროფესიული სიმებიანი კვარტეტი (ვ. ვილშაუ, ა. პოლივკა, ე. სემიგალოვი, კ. მინიარი), ინსტრუმენტული ანსამბლები (კვარტეტი, ტრიო, დუეტი) და პირველი კამერული ორკესტრი. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. გამოდიოდა მეუღლესთან, მომღერალ ნ. შევჩენკო-კესნერთან (იყო თ. შალიაპინის უცვლელი პარტნიორი მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფნის დროს) ერთად. კ-ს მოწაფეებიდან აღსანიშნავია მ. კამოევა, ა. ანისიმოვა, დ. გარბუზოვი და სხვ. ქალაქის მმართველობამ კ-ს მიანიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მემკვიდრეობით და გადასცა ოქროს მე­და­ლი.

ლიტ.: მ შ ვ ე ლ ი ძ ე  ა., სამუსიკო განათლება სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 1970.