კეფალი, თევზი კეფალისებრთა ოჯახიდან (Mugilidae Bonaparte, 1831). საქართველოში გავრცელებულია 2 გვარი: კეფალები i (Mugil Linnaeus, 1758) და კეფალები – ლიზა (Liza aurata, Risso, 1810; Liza saliens, Risso, 1810; Liza haematocheilus, Temminck et Schlegel, 1845).
პირველ გვარს მიეკუთვნება – Mugil cephalus Linnaeus (1829). მისი მაქსიმალური სიგრძე 75 სმ, მასა 5–6 კგ, გვხვდება 12 კგ-იანებიც. ზღვის ქარავნული თევზია. შავ ზღვაში მრავლდება მაისიდან სექტემბრამდე. ქვირითი პელაგიურია, ნაყოფიერება – 2–8 მლნ-მდე ქვირითი. ეს სახეობა ყველა კ-ზე სწრაფად იზრდება; ცოცხლობს 16 წლამდე. ხშირად შედის მტკნარ წყლებში, ოკეანეებსა და ზღვის სანაპირო ტბებში, ტბორებში, ყურეებში.
მეორე გვარის კ-ებს – ლიზა – მიეკუთვნება L. aurata, L. saliens და L. haematocheilus, რ-თა სიგრძე 35–55 სმ აღწევს. კარგად იტანენ როგორც ზღვის, ასევე მტკნარ წყალს. სქესობრივად მწიფდებიან 3–5 წლის ასაკიდან. ნაყოფიერება 0,5–2,1 მლნ. ქვირითია. ქვირითი პელაგიურია, ტოფობა მიმდინარეობს მრავალგზის. კეფალის ლიფსიტები იკვებებიან დეტრიტით და პლანქტონით, მოზარდები – მოლუსკებით, კიბოსნაირებით, ჭიებით და ქვებზე წარმოქმნილი ორგანული ნივთიერებებით.
კ. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან გავრცელებულია ყველგან. შედის მდინარეების შესართავებსა და ტბებში. ფართოდ არის გავრცელებული ატლანტის ოკეანეში, ამერიკის, კანადის, იაპონიის, ავსტრალიის, აფრიკის სანაპიროებთან, აგრეთვე ინდოეთის ოკეანეში, წითელ, ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. ინტროდუცირებულია კასპიის ზღვაში. Liza saliens-ი აკლიმატიზებულია ირანში, Liza haematocheilu-ი (XX ს.) – აზოვის ზღვაში, საიდანაც გავრცელდა შავ ზღვაში. ძვირფასი სარეწაო თევზია. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მონაცემით საჭიროებს ზრუნვას (LC).
ლიტ.: ნ ი ნ უ ა ნ., ჯ ა ფ ო შ ვ ი ლ ი ბ., ბ ო ჭ ო რ ი შ ვ ი ლ ი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013; Б о г у н ц к а я Н., Н а с е к а А., Каталог бесчелюстных и рыб, М., 2004; С в е т о в и д о в А., Рыбы Черного моря, М., 1964 .
ნ. ნინუა