კეჭაღმაძე რევაზ სერგოს ძე (19. II. 1925, ოზურგეთი, – 28. XII. 2016, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1967). 1945–51 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკ-ტზე (პედაგოგები – ა. ციმაკურიძე, კ. სანაძე, უ. ჯაფარიძე, ვ. შუხაევი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1953-იდან. ძირითადი ნამუშევრები: „რუსთავის მეფოლადე ზურაბ კვახაძე" (1953), „ნიკო ნიკოლაძე და ჩერნიშევსკი" (1955), „ქალიშვილის პორტრეტი" (1958), „ცხენბურთი" (1962), „გარეჯის პეიზაჟი" (1964), „ჭაშნიკი" (1967), „ენგურჰესის მშენებლობა" (1971), „აკად. ანგია ბოჭორიშვილის პორტრეტი" (1971), „დედის პორტრეტი" (1972), „უჩა ჯაფარიძის პორტრეტი" (1982), „ბიძინა ავალიშვილის პორტრეტი" (1995); ნატიურმორტები: „ყაყაჩოები", „ვარდები" (ორივე – 1996). მონაწილეობდა გამოფენებში: „დიდება შრომას" (1974, მოსკოვი), „თანამედროვე ქართული ხელოვნება" (1977, თბილისი), „სსრკ 60 წლისთავი" (1978, მოსკოვი, თბილისი), „ქვეყნის ახალგაზრდობა" (1982, მოსკოვი). მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეასა და კერძო კოლექციებში.