კვაისა, დაბა ჯავის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ჯეჯორის ხეობაში. კვაისის ტერიტ. ორგანოს ცენტრი. ზ. დ. 1350 მ, ჯავიდან 41 კმ.
კ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
სოფლის მახლობლად, ხშირი ტყით დაფარულ მთაზე, შემორჩენილია უხეშად დამუშავებული რუხი ქვითა და შირიმით ნაშენი მცირე დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ნანგრევებში დიდი რაოდენობითაა მოჩუქურთმებული, რელიეფური გამოსახულებებით შემკული ღვინისფერი ქვის ფრაგმენტები, რ-ებიც სხვა ეკლესიას ეკუთვნოდა. ფრაგმენტები X ს. II ნახევრით თარიღდება. მათგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სკულპტურული დეკორით შემკული სამი, დაახლ. 100 სმ × 60 სმ ზომის ფილა. ერთ ფილაზე ეგვიპტისკენ ლტოლვის სცენაა გამოსახული – ჩვილი იესოთი სახედარზე მჯდომ ღვთისმშობელს და მათ უკან მიმავალ იოსებს წინ მიუძღვით ანგელოზი. სცენის მარცხნივ ამოკვეთილია შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა – "არსენს და მშობელთა მისთა შეუნდვნეს ღმერთმა". მეორე ფილაზე გამოსახულია ორი მეომარი, რ-ებსაც ხელი უკიდიათ მათ შორის მდებარე სწორკუთხა პოსტამენტზე დაყრდნობილ ჯვარზე. ფილის მარცხ. ნაწილში ასომთავრულით ამოკვეთილია –„ა" და "რ". მესამე ფილის მარჯვ. ნაწილში გამოსახულია ეკლესიის ამშენებელი, რ-საც სამმალიანი თაღოვანი შესასვლელის მქონე ეკლესიის მოდელი მიმართული აქვს ფილის მარცხ. ნაწილში გამოსახული წინასწარმეტყველ იონას სასწაულებრივი ხსნის სცენისკენ (ორთავიანი გველეშაპი ერთი თავით შთანთქავს იონას, მეორე თავიდან კი ამოტყორცნის).
ლიტ.: დ ა დ ი ა ნ ი ძ ე ც., შიდა ქართლი, III, თბ., 2004; М е п и с а ш в и л и Р., Ц и н ц а д з е В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб., 1975.
თ. დვალი