კვალიაშვილი ალექსანდრე არჩილის ძე [25. IV(7. V). 1895, სოფ. მოხისი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 6. II. 1974, თბილისი], რენტგენოლოგი, რენტგენოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1945), პროფესორი (1947), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961).
1920 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1938–73 განაგებდა თსსი-ის რენტგენოლოგიის კათედრას.
კ. იკვლევდა შინაგანი ორგანოების და ძვლოვანი სისტემის რენტგენოდიაგნოსტიკის საკითხებს. შეადგინა რენტგენოდიაგნოსტიკის პირველი სახელმძღვანელო ქართ. ენაზე (1963). იყო საქართვ. რენტგენოლოგთა და რადიოლოგთა, აგრეთვე რადიოლოგთა საკავშ. სამეცნ. საზ-ბის საპატიო წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ფიბროზული ოსტეო-დისტროფიის საკითხისათვის, «ცენტრალური კლინიკური ინ-ტის შრომები», 1939, N1.