კვანჭილაშვილი ტარიელ სოლომონის ძე (25. XII. 1920, სოფ. შრომა, ახლანდ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, – 26. II. 1998, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1967). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1949), მუშაობდა იქვე უახლესი ქართ. ლიტ-რის კათედრაზე. პირველი ნაშრომი 1950 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი – მონოგრაფია „ლეო ქიაჩელი" – 1955. მისი ნაშრომებია: „ლიტერატურული წერილები" (1959), „მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება" (1987), „საბჭოთა ჟურნალისტიკის თეორიის საკითხები" (1970), „ლიტერატურული წერილები და პორტრეტები" (1974), „ლიტერატურა და ცხოვრება" (1976), „პარტია და ლიტერატურა" (1979) და სხვ.
თხზ.: საქართველოს ტკივილები, თბ., 1990; რად გინდა ტაში?! თბ., 1991; ილიას გზით (პუბლიცისტური წერილები ორ ნაწილად), თბ., 1995; ერი, ენა და მეტყველების კულტურა, თბ., 1995.