კვარის ციხე

კვარის ციხე, ფეოდალური ­ხანის ციხესიმაგრე სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაჭაში, მდ. კრიხულის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ზემო სხვავიდან (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) 1,5 კმ დაშორებით. ისტ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI ს-ში. გვიანდ. ფეოდ. ხანაში სამეფო სამფლობელო იყო, XVI ს. 90-იან წლებში დაეუფლა ქარ­თლის მეფე სიმონ I, XVIII ს. დასაწყისში – იაშვილთა ფეოდ. საგვარეულო, 1769-იდან კი კვლავ სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. 1786 კ. ც-ს თავს აფარებდა იმერეთის მეფის, დავით გიორგის ძის მოწინააღმდეგე ბატონი­შვი­ლი დავით არჩილის ძე (მეფობაში სოლომონ II). 1802 აქ თავი მოჰკვეთეს ახალციხის ფაშას – საბუდს. 1810, იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების დროს, კ. ც. გარკვეული წინააღმდეგობის შემდეგ რუს. ჯარმა დაიკავა, შემდგომ ხანებში კი თავისი მნიშვ­ნელობა დაკარგა.

კ. ც. ტიპური ციხე-დარბაზია. გარს უვლის 6–7 მ სიმაღლის გალავანი. საერთო ფართობი დაახლ. 2000 მ2, შესასვლელი მხო­ლოდ ერთი მხრიდან აქვს. გალავნის შიგნით შემორჩენილია ორსართულიანი მრგვალი საცხოვრ. კოშკი, მცირე ზომის ეკლესია, აუზი და სხვა შენობათა ნანგრევები. 1991 მიწისძვრების შედეგად კლდის უმეტესი მასივი, რ-საც ციხე აგვირგვინებდა, მოირღვა.

ლიტ.: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა, წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; გ ი ო რ გ ა ძ ე  მ., საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები, თბ., 1991; ქ ვ ა თ ა ძ ე  ი., სხვავეები, თბ., 2005.

თ. ბერაძე