კვარტეტი საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი სულხან ცინცაძის სახელობისა, დაარსდა თბილისში თავდაპირველად სტუდენტთა სიმებიანი კვარტეტის (1921), შემდეგ „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების სიმებიანი კვარტეტის" (1924), 1928-იდან „თბილისის კონსერვატორიის სიმებიანი კვარტეტის" სახელწოდებით, 1944-იდან კი მას საქართვ. სახელმწ. სიმებიანი კვარტეტი ეწოდა. კვარტეტის პირველ შემადგენლობაში იყვნენ ვ. ნეიმან-ბარნაბელი, მ. ძიძიშვილი, გ. თაქთაქიშვილი, შ. თაქთაქიშვილი, ხოლო შემდგომ თაობას წარმოადგენდნენ: ბ. ჭიაურელი, გ. ხატიაშვილი, ა. ბეგალიშვილი, გ. ბარნაბიშვილი. ამ შემადგენლობით ანსამბლმა დიდ წარმატებას მიაღწია – გახდა პრაღის საერთაშ. კონკურსის ლაურეატი (1950), ოთხივე მონაწილე სსრკ სახელმწ. პრემიით დაჯილდოვდა (1952).
1958 ანსამბლს საქართვ. ხელოვნ. დამს. კოლექტივის სახელი მიენიჭა. 1966-იდან მის შემადგენლობაში არიან საქართვ. სახ. არტისტები, შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. (1992) და ზ. ფალიაშვილის (1971) სახ. პრემიების, აგრეთვე მუსიკოს-შემსრულებელთა ლ. ვაინერის საერთაშ. კონკურსის (უნგრეთი) ლაურეატები (1973): კ. ვარდელი (2017-იდან გ. ხაინდრავა), თ. ბათიაშვილი, ნ. ჟვანია და ო. ჩუბინიშვილი. ანსამბლის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე საკვარტეტო მუსიკა, აგრეთვე ქართვ. კომპოზიტორთა საკვარტეტო ნაწარმოებები. კვარტეტმა გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. 1993-იდან კვარტეტი ლ. ისაკაძის მიწვევით წარმატებით მოღვაწეობდა გერმანიაში კამერული ორკესტრის შემადგენლობაში. 1991 მიენიჭა ს. ცინცაძის სახელი.
ლიტ.: დ უ მ ბ ა ძ ე მ., საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, თბ., 2006.
გ. ტორაძე