კვარშა

კვარშა, ყვარშა, ხუროთმოძღვრე­ბის ძეგლი, VII ს. დასასრული­სა და VIII ს. დასაწყისის დარ­ბა­ზული ეკლესია, მისივე თანა­დროული ჩრდ. და სამხრ. მი­ნაშენებით. მდებარეობს ახალქალა­ქის მუნიციპალიტეტის ამავე სა­ხელწოდების ნასოფლარში, ისტ. ჯავახეთში, ხერთვისის ­ციხის ზემოთ. ეკლესიას აღმ-ით სამი აფსიდი აქვს, მათგან შუა, მთავარი, ორჯერ აღემატება გვერდითებს მალის სი­დიდით. იგი გვერდითი აფსიდებისგან გარედან გამოყოფილია გეგმით სამკუთხა ორი ღრმა ნიშით. ეკლესიის კედლების ქვედა ნაწილები ნაგებია სხვა­და­სხვა ზომის ზედაპირმოსწორებული ბაზალ­ტის ქვით, ზოგი მათგანი ძალიან დიდია (1,25 მ × 1,60 მ), ზედა ნაწილი ნაწყობია უხე­შად გათლილი ქვის ჰორიზონტალური რიგებით და მოგვიანო ხანის (მაგრამ არა X–XIII სს.) კაპიტალური შეკეთების შედეგია. ცენტრალური ნავი გადახურულია საბჯენ თაღებზე დაყრდნობილი კოლოფა კამარით. შიგნით კედლები ნაწყობია უხეშად ზედაპირმოსწორებული ქვების სწორი რიგებით. საკურ­თხევლის კუთხე­ების, პილასტრებისა და მათი კაპიტელების, აგრეთვე კარ-სარკმლის სათაურებისათვის გამოყენებულია სუფთად გათლილი ქვები. ინტერიერსა და ფასადებზე შემონახულია ასომთავრულითა და ნუსხურით სხვა­და­სხვა დროს შესრულებული წარწერები. ჩრდ. ფასადზე უხეშად ამოკვეთილი ადამიანის გამოსახულებაა.

ლიტ.: ჯ ა ბ უ ა  ნ., ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში, თბ., 2012; Ч у б и н а ш в и л и  Н. Г., Церовани, Тб., 1976.

თ. გერსამია