კვარციანი ქვიშა, დანალექი ქანი შედგება ძირითადად ჟანგეულთა კლასის მინერალ კვარცისაგან, სადაც sio2-ის რაოდენობა 90%-ზე მეტია. კ. ქ. გამოფიტვით წარმოიქმნება. წარმოშობის ადგილის მიხედვით განარჩევენ ზღვიურ, მდინარეულ, ელუვიურ, დელუვიურ, ტბიურ ქვიშებს. კ. ქ-ს უმთავრესად მინის წარმოებაში მოიხმარენ.
არქეოლ. მონაპოვრებით დადასტურებულია, რომ საქართველოში (ამირანის გორა, ქვაცხელები, ურბნისი, მცხეთა, სამთავრო, კარსანი, ნატბეური) უძველესი დროიდან ამზადებდნენ მინის ჭურჭელს, ხოლო შუა საუკუნეებში მინის წარმოების მაღალმა დონემ განაპირობა საქვეყნოდ ცნობილი მინანქრული ხელოვნების შედევრების შექმნა.
მინის წარმოებისათვის საჭირო კ. ქ-ის საბადოებია საჩხერის (სარეკი, ბაჯითი), ჭიათურის (რგანი, დარკვეთი, მღვიმევი, ითხვისი, შუქრუთი), ხარაგაულის (ქროლი, ფარცხნალი), ხაშურის (დაბა სურამის მიდამოები) მუნიციპალიტეტების სოფლებში, ზემო ავჭალაში და სხვ.
აღსანიშნავია, რომ ძველ ქართულში მინას „ჭიქა" ერქვა. „ჭიქა იგივეა რაც მინა" (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი) – „ჭიქის კრიალოსანი", „ჭიქის საღვინე" (ს.-ს. ორბელიანი). საქართველოში მინის დამზადება ხელოსნობის ერთ-ერთი უძველესი დარგია.
ვ. ზუხბაია
ნ. ფოფორაძე