კვერეთი, დაბალმთიანი ბალნეოკლიმატური კურორტი საჩხერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ფერდობზე, მდ. ჩიხურის (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 570–600 მ. რელიეფი მთაგორიანია, მთის კალთები დაფარულია შერეული ტყით. სუბტროპიკული დაბალი მთის სარტყლის ტყის ზონა. იცის რბილი, თითქმის უთოვლო ზამთარი (იანვრის საშ. ტემპ-რა 3,0 ºC); თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული (აგვისტოს საშ. ტემპ-რა 22 ºC). ნალექი 1100–1200 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 1900– 2000 სთ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია სუსტად სულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული კალციუმ-მაგნიუმ-ნატრიუმიანი 16ºC ტემპ-რის მინერალური წყალი, საერთო მინერალიზაციით 0,5–0,9 გ/ლ. დებიტი – 40 ათ. ლ/დღ-ღ. მკურნალობის სახეობებია: ბალნეოთერაპია და პასიური კლიმატოთერაპია.
კ-ში მრავალი კარსტული მღვიმე, წყარო და ვოკლუზია. ძუძუანის მღვიმეში 2009 აღმოაჩინეს 34 ათ. წლის წინანდელი ველური სელის გრეხილი ძაფის ბოჭკოები (უძველესი ძაფი მსოფლიოში). მდ. ყვირილის ხეობაში მდებარეობს XIII ს. დედათა მონასტერი.