კვერთხი

კვერთხი, მაღალი ხელისუფლების პირთა რეგალია. დამზადებულია ძვლის, რქის, ხის ან ლითონისაგან. კ., როგორც ინსიგნია (წარმატების ნიშანი), უძველეს დროში შეიქმნა, ხელთ ეპყრათ გვარისა და ტომის ბელა­დებს და განსაკუთრებული საზ. მდგომარეობის აღმნიშვნელ სიმ­ბოლოს წარმოადგენდა. საბჯენი კ. (ყავარჯენი), სა­ქარ­თვე­ლოს მთიანეთში, ხევისბერთა ინსიგნიას წარმოადგენდა და და­ცუ­ლი იყო ხატში. დიდ დღესასწაულებზე იგი დროშებთან ერთად გამოჰქონდათ და საზეიმო ცერემონიალის თუ საკულტო რიტუალის შესრულებისას ხევისბერებს ეპყრათ ხელში. იგი უმაღლესი სას. და საერო ხელისუფლების აღმნიშვნელი ატრიბუტი იყო.

კ-ის ნაირსახეობაა სკიპტრა – ძვირფასი ლითონისა და სპილოს ძვლის მოჩუქურთმებული და პატიოსანი თვლებით შემკობილი ხელთსაპყრობი, რ-იც სამეფო რეგალიას წარმოადგენდა. კ., საქარ­თვე­ლო­ში, როგორც ხელისუფლების სიმბოლო, ენიჭებოდა ადმ. აპარატის მოხელეს. სახელდობრ, ოქროს კ., ანუ არგანი მანდა­ტურთუხუცესს ეკუთვნოდა, ხოლო რიგით მოხელეებს – მანდატურებსა და ბაზიერებს – ხის არგნები, კომბლები ეჭირათ (ამიტომ მათ ხელარგნოსნებს ან ხელჯოხიანებს უწოდებდნენ). საკუთარი კ. ჰქონდათ ერისთავებსაც. მაგ., სოფ. მურყმელის წმ. ბარბარეს ეკლესიაში და­ცუ­ლია სვანი ერისთავების სა­ხე­ლისუფლო ემბლემა – ვერცხლის 2 კ. მონარქიისა და ფეოდ. სა­ხელმწ. აპარატის გაუქმებასთან ერთად პრაქტიკულად კ-ც დაიკარგა.

კ., როგორც უმაღლესი ­სამწყსოს მსახურების სიმბოლო, ხელთ უპყრიათ ეპისკოპოსებს. სამღვდელთმთავრო კ. ორგვარია: განმშვენებული, რ-საც ღვთის მსახურების დროს ხმარობენ, და უფრო სადა კ., რ-საც ეკლესიის გარეთ ატარებენ.

წყარო: ქარ­თული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970.

ლიტ.: ჩ ი ტ ა ი ა გ., სამი ინსიგნია (წარჩინების ნიშანი) ამიერკავკასიიდან, «მასალები სა­ქარ­თვე­ლოს ეთნოგრაფიისათვის», 1972, ტ. 16–17.

ი. სურგულაძე