კვერნაქები, კვერნაქის ქ ე დ ი, კვერნაქის ს ე რ ი, ბორცვიან-დაბალმთიანი სერი (ქედი) აღმოსავლეთ საქართველოში, ტირიფონ-მუხრანის ვაკეებსა და მტკვრის შუა ხეობას შორის. გადაჭიმულია მდ. მტკვრის მარცხ. მხარეს მდ. საქაშეთისხევიდან მდ. არაგვამდე. საერთო სიგრძე დაახლ. 70 კმ, სიგანე 7–8 კმ. აგებულია ნეოგენური მოლასური ნალექებით: კონგლომერატებით, ქვიშაქვებით და თიხებით. კ-ს მონოკლინური სტრუქტურა აქვს, მორფოლოგიურად ასიმეტრიულია; სამხრ. კალთა ციცაბოა, ჩრდ. – დამრეცი; გარდიგარდმო გადაკვეთილია მდ-ების ლიახვის, ლეხურისა და ქსნის ხეობებით, რ-ებიც მას ოთხ მონაკვეთად ყოფს. ყველაზე დაბალია დას. კვერნაქები, ანუ რუისის სერი (მაქს. სიმაღლე – 878 მ). იგი იწყება მდ. საქაშეთისხევიდან და გრძელდება მდ. ლიახვამდე. მის აღმ-ით მდ. ლეხურამდე ვრცელდება აღმ. კვერნაქები, ანუ საკუთრივ კვერნაქები (მთა კვერნა – 1074 მ, მთა ზეგარდა – 1114 მ), რ-ის თხემური ზოლის ღრმულში, ზ. დ. 856 მ-ზე მდებარეობს ნადარბაზევის ტბა. ამ სერის სამხრ. კალთის ფლატეებსა და ქარაფებშია გამოკვეთილი ხელოვნური გამოქვაბული, ციხე-ქალაქი უფლისციხე. მდებს ლეხურასა და ქსანს შორის კ-ის მონაკვეთს წლევი-თხოთის სერი ეწოდება (მთა წლევი – 1097 მ).
კ-ის უკიდურესი აღმ. მონაკვეთი – სხალტბის კუესტური სერი (მთა სხალტბა – 1091 მ) – მდ-ებს ქსანსა და არაგვს შორისაა გაწოლილი. სხალტბის ჩრდ. კალთა დამრეცია, სამხრ. კი ციცაბო, განსაკუთრებით ფლატოვანია მდ. არაგვისკენ მიქცეული კალთა და ძეგვსა და მცხეთას შორის მდებარე მონაკვეთი. შიომღვიმის მონასტრის მიდამოებში არის ხელოვნური გამოქვაბულები. კ-სათვის დამახასიათებელია მშრალი ხევებითა და ხრამებით ძლიერ დანაწევრებული და მოვაკებული ზედაპირები. გამკვეთი ხეობებიდან ლეხურის ხეობა ვიწრო და ციცაბოგვერდებიანია, ქსნის ხეობა ფართოა, ხოლო ლიახვის ხეობა – უფრო ფართო, სადაც შემორჩენილია ეროზიული შთენილი ბორცვი გორის ციხით.
კ-ის კლიმატი ზომიერად მშრალი სუბტროპიკულია, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი, მშრალი ზაფხულით. საშ. წლ. ტემპ-რა 90°C, იანვ. საშ. ტემპ-რა –2, –2,50°C, აგვ. 19,5–200°C. ნალექების რაოდენობა წელიწადში – 475–593 მმ.
კ-ის კალთებზე, ტყის ყავისფერ ნიადაგებზე, ხარობს ძეძვი, შავჯაგა, ქონდარა ნუში, ჯაგრცხილა. ჯაგეკლიან ბუჩქებს შორის იზრდება ბალახეულობა: ურო, ველის წივანა, ვაციწვერა და სხვ. ჩრდ. კალთის ტყის ყავისფერ და ნაწილობრივ ყომრალ ნიადაგებზე, აღმ. ნაწილში ჯაგრცხილნარი და მუხნარ-რცხილნარი ტყეებია, ყველაზე მაღალ ადგილებში გვხვდება წიფელიც. ფლატეებზე, კლდოვან და ღორღიან ადგილებში, ძლიერ ჩამორეცხილ ნიადაგებზე იზრდება გლერძი, შავჯაგა და სხვ. კ-ის სამხრ. კალთაზე მცხეთასა და ძეგვს შორის გვხვდება არიდული ნათელი ტყე, რ-ის შემადგენელი ჯიშებია: ღვია, საკმლის ხე, აკაკი, ქართული ნეკერჩხალი, ბერყენა, თრიმლი; შიომღვიმის მიდამოებში არის ქართული მუხის, ჯაგრცხილისა და შინდის ტყე, ზოგან მდ-ების ხეობებში კი – ტუგაის (ჭალის) ტყე.
დ. უკლება