კვერნაძე ბიძინა (ალექსანდრე) ალექსანდრეს ძე (29. VII. 1928, სიღნაღი, – 8. VII. 2010, თბილისი), კომპოზიტორი და პედაგოგი. საქართვ. სახალხო არტისტი (1979), ზ. ფალიაშვილის სახ. (1981) და შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. (1985) პრემიების ლაურეატი. 1953 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის კლასი), 1963–2010 იყო კონსერვატორიის პედაგოგი (სპეც. კომპოზიციის კლასი), 1980-იდან – პროფესორი, 1996–2007 – კომპოზიციის კათედრის გამგე.
კ-ის რჩეული ნაწარმოებებია: ოპერები – „და იყო მერვესა წელსა" (თბილისი, 1983), „მედეა" (ქუთაისი, 1993, გადამუშავებული რედაქცია სახელწ. „კოლხთა ასული", დაიდგა თბილისში, 1997); ბალეტები – „ქორეოგრაფიული ნოველები" (1963, ლ. გუდიაშვილის მოტივებზე, დაიდგა 1964) და „ბერიკაობა" (1973, ორივე თბილისში), სიმფონია (1961), „ცეკვა-ფანტაზია" ორკესტრისათვის (1959), „ძველი ქართული წარწერები" სოლისტისა და სიმფ. ორკესტრისათვის (1978), ვოკალურ-სიმფ. პოემა (ე. თათარაიძის ლექსებზე, 1979), „რჩება სიმღერის ხმა" – სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისათვის (2008), 2 საფორტეპიანო (1950, 1966) და სავიოლინო (1957) კონცერტი. კ. მრავალი საესტრადო სიმღერის ავტორია, მასვე ეკუთვნის მუსიკა 30-ზე მეტი კინოფილმისათვის (მ. შ. მრავალსერიანი ფილმისათვის „დათა თუთაშხია", 1978, ჯ. კახიძესთან ერთად). გაფორმებული აქვს დრამ. სპექტაკლები („ჭინჭრაქა", „ყვარყვარე თუთაბერი", „მე ვხედავ მზეს", „ზაფხულის ღამის სიზმარი" და სხვ.).
კ. თანამედროვე ქართ. მუსიკის გამოჩენილი წარმომადგენელია. მისი მუსიკა გამოირჩევა მკაფიო ინდივიდუალობითა და არტისტული ხიბლით.
კ. იყო თბილისისა (1996) და სიღნაღის (2008) საპატიო მოქალაქე. მისი ვარსკვლავი გაიხსნა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
გ. ტორაძე