კვეტერა

კვეტერა, კ უ ე ტ ე რ ა, ისტორიული ციხე-ქა­ლა­ქი კა­ხეთ­ში, მდ. ილტოს ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე (ახმეტის მუნიციპალიტეტი), კა­ხე­თის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. წყა­როებში პირველად XI ს. შუა წლებიდან იხსენიება, თუმცა, ვახუშ­ტი ბატონი­შვილის (XVIII ს.) მიხედვით, ჯერ კიდევ VIII ს-ში არსებობდა. ჩა­ტარებული არქეოლ. კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას.

კ-ის გრანდიოზული ნანგრევები მაღალ მთაზეა, გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი, რ-ის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. ციხესიმაგრის ჩრდ.-აღმ. მხა­რეს, ყველაზე მაღალ ადგილზე, აკროპოლისია, რ-შიც განლაგებულია სასახლე და ეკლესია. გეგმით ჯვრისებრი ეკლესია X ს. I ნახ. მიეკუთვნება. იგი, როგორც ჩანს, მეფის კარის ეკლესიად იყო გათვალისწინებული. ხუროთმოძღვარს ყოველგვარი მორთულობისა და ჩუქურთმების გარეშე შეუქმნია კომპოზიციურად მომხიბლავი არქიტ. ნაგებობა. ეკლესიის ყოველი მკლავი დასრულებულია აფსიდებით, რ-თა შორის მოთავსებულია ნიშები. ­ცენტრ. კვადრატზე აღმართულია მრგვალ ყელზე დაყრდნობილი გუმბათი.

1968 კ-ის ტერიტორიაზე არქეოლ. გათხრები ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტის კა­ხე­თის შუა საუკუნეთა ექს­პედიციამ (­ხელმძღვ. გ. ლომთათიძე). იმავე წელს საქართვ. კულტურის სამინისტროს სპეც. სამეცნ.-სარესტავრაციო საწარმო სახე­ლოს­ნომ (არქიტ. თ. თორთლაძე, კონსულტანტი ლ. რჩეულიშვილი) დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, რ-იც რამდენიმე წელს მიმდინარეობდა.

ციხის სამხრ.-აღმ. კუთხეში გათხრე­ბით გამოვლინდა ­ადრე­ული შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნაშთი, რ-ის აფსიდზე დაშენებული ყოფილა IX–X სს. მძლავრი ზღუდე, აგრეთვე ადრეული შუა საუკუნეების მიწურულის თიხის ჭურჭლის ნატეხები. გარდა ამისა გაიწმინდა და გაითხარა კარის საყდარი, ერის­თა­ვის ორსართულიანი ბუხრიანი სასახლის ნანგრევები, შიდა ციხის წყალსაცავი (ცისტერნა), ქვედა კარიბჭე და იქვე მდგარი რვაწახნაგოვანი კოშკი, გაიჭრა საცდელი თხრილები.

გათხრების დროს დიდი რაოდე­ნობით აღმოჩნდა IX–XIII სს. მოუჭიქავი და მოჭიქული თიხის ჭურჭელი, მოჭიქული კრამიტი, ფა­იანსისა და მინის ჭურჭლის ნატეხები და სხვ. საწარმო წუნი, ნახევარფაბრიკატები, ქურის ნაწილები და ზოგიერთი ჭურჭლის თავისებურება მოწმობს, რომ განვითარებულ შუა საუკუნებში კ-ს საკუთარი სამეურნეო წარმოება ჰქონდა. მასალა ინახება არქეოლ. კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტ.: კვეტერა, საქართველოს სულიერი საგანძური, წგ. 1, თბ., 2005; ლომთათიძე გ., რამიშვილი რ., პირ­ველი არქეოლოგიური კამპანია კვეტერაში, XVIII სამეცნიერო სესია, მიძღვნილი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1968 წელს წარმოებული საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი. მოკლე ანგარიშები, თბ., 1969 (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი); სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2008; ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013; Р а м и ш в и л и Р. М., Д ж о р б е н а д з е В. А., Полихромная керамика из раскопок в Кветера и Хорнабуджи (Восточная Грузия), Международный I Симпозиум по проблеме „Полихромная поливная керамика Закавказья. – Истоки и пути распространения“. Тезисы, Тб., 1985 (Центр археологических исследований Института истории, археологии и этнографии им. И. А. Джавахишвили); Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.

რ. რამიშვილი

დ. მუსხელიშვილი

შ. საღარაძე

ბ. ჯორბენაძე