კვინიხიძის ელჩობა

კვინიხიძის ელჩობა რუსეთში, იმერეთის სამეფოს ელჩობა რუსეთში 1769, 1774 და 1784 დიპლომატ დავით კვინიხიძის მეთაურობით. კ. ე-ს რუსეთის მთავრობისათვის უნდა ეთხოვა დამხმარე ჯარი ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ელჩობის შედეგად იმერეთ­ში რუს. საექსპედიციო ჯარის რაოდენობა გაიზარდა. რუსეთ-ოსმალეთის (1768–74) ომში მოპოვებულ წარმატებათა განსამტკიცებლად კვინიხიძე 1774 მეორედ გაემგზავრა რუსეთს, თუმცა ამჯერად ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია, ვინაიდან რუსეთის მთავრობა ოსმალეთთან ურ­თი­ერ­თო­ბის გართულებას მოერიდა. ამ ომის საერთო შედეგებმა და ყირიმის საკითხის გამწვავებამ ხელსაყრელი პირობები შეუქმნა იმერეთის მეფეს ოსმალთა ძალმომრეობისაგან ქვეყნის დასახსნელად. 1784 კვინიხიძე მ. აბაშიძესთან და ზ. წერეთელთან ერთად ისევ ეწვია რუსეთს. ამ ელჩობის მიზანი იყო იმერეთის სამეფოს რუს. მფლობელობაში შესვლა რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის ანალოგიური პირობით.

ლიტ.: მ ა ჭ ა რ ა ძ ე ვ., ასპინძის ბრძოლა, თბ., 1957; მ ი ს ი ვ ე, ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, თბ., 1968.

ვ. მაჭარაძე