კვიპაროზი

კვიპაროზი, სარო (Cupressus), მარადმწვანე ხეების, იშვიათად ბუჩქების გვარი ­კვიპაროზისებრთა ოჯახისა. პირამიდული ან გაშლილვარჯიანი ხეებია. აქვთ ყავისფერი ქერქი და ჯვარედინმოპირისპირედ გაწყობილი ქერქლისებრი წიწვები. მომსხო ბურთისებრი გირჩები მწიფდება მეორე წელს. გვარში 15–20 სახეობაა. გავრცელებულია ევროპის, აზიის, ჩრდ. აფრიკასა და ჩრდ. ამერიკის ზომიერად თბილ სარტყელში. ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიის ზოგ რ-ნში კულტივირებულია 11 სახეობა. სა­ქარ­თვე­ლო­ში შემოტა­ნილი 9 სახეობიდან უფრო ფართოდ მოშენებულია მ ა რ ა დ მწვანე კ. (C. sempervirens), რ-ის სიმაღლე 30–60 მ აღწევს. ცნობილია მისი 2 ფორმა: პირამიდული და ჰორიზონტული. კ. მეზოფიტია, იტანს ყინვას –20ºC-მდე, ნიადაგის მიმართ საკმაოდ განურჩეველია.

კ-ს სამშობლოდ ჰიმალაის მთების სამხრ. კალთებს მიიჩნევენ. XIX ს-მდე პირამიდულ კ-ს საქარ­თვე­ლო­ში ალვის ხეს ეძახდნენ. ეს სა­ხე­ლი დაკავშირებულია მაზდეანობის გავრცელებასთან. „ალვის ხე“, ანუ „წვის ხე“ თავისი ვიწრო პირამიდული ჰაბიტუსის გამო მართლაც კარგად ესადაგებოდა მარადმწვანე კ-ს, როგორც მაზდეანური სარწმუნოების ემბლემას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში იზრდება აგრეთვე ლუზიტანური, ჰიმალაიური, არიზონული და სხვა კ-ები, რ-ებსაც იყენებენ ქარსაფარ ზოლებად, დეკორატიულ ბაღმშენებლობაში.

ვ. მირზაშვილი