„თეთრი გიორგი“

„თეთრი გიორგი“ ემიგრანტ ახალგაზრდა ქართველ პატრიოტთა ორგანიზაცია უცხოეთში. დაარსდა 1924 წ. 24 ოქტომბერს პარიზში. კ. სალიას ცნობით, მოძრაობის იდეა და სახელწოდება ჩასახულა მეტეხის ციხეში XX ს. 20-იანი წლების დასაწყისში. დამფუძნებელი კრება გაიმართა 1925 წ. 15 ივნისს პარიზში. კრებამ მიიღო დეკლარაცია, რ-შიც გადმოცემულია ორგანიზაციის იდეოლოგიური საფუძვლები, ორგანიზაციული სტრუქტურა. „თ. გ-ის" მიზანი ჩამოყალიბებულია 7 პუნქტად: ერის გათავისუფლება რუსეთის მონობისაგან; საქართველოს მთლიანობის აღდგენა; ბრძოლა რუს. ენის, აზროვნების და ყოველგვარი რუს. ბატონობის წინააღმდეგ; საქართველოს გაწმენდა მტრულად განწყობილი ელემენტებისაგან; საქართვ. მოსახლეობის ეროვნ. შემადგენლობის დაცვა აჭრელებისაგან; ეროვნ. ქონებისა და სამეურნეო ასპარეზის დაცვა ქართველებისათვის; ერის ფიზ., სულიერი და გონებრივი გაჯანსაღება. „თ. გ." თავს აცხადებდა ეროვნ. ძალთა შეკავშირებისათვის მებრძოლ ორგანიზაციად; სახელმწიფო უნდა ყოფილიყო ერის წარმომადგენელი, რ-იც თანაბრად დაიცავდა ყველა კლასის ინტერესებს; მის ძირითად ძალად უნდა ქცეულიყო ოჯახზე, ზნე-ჩვეულებებზე, სარწმუნოებაზე, აღზრდაზე, ენაზე დამყარებული ქართ. კულტურა.

„თ. გ-ის" სულიერ ბელადებად გამოცხადდნენ ალექსანდრე ბატონიშვილი („მთის არწივი") და ქ. ჩოლოყაშვილი. მათი პორტრეტები მუდამ ამშვენებდა ორგანიზაციის ყველა თავყრილობას. სიმბოლოდ აირჩიეს წარმართი ღვთაება თეთრი გიორგი, ჰიმნად – დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი, დროშად – შავ-შინდისფერით გარშემოვლებული მთლიანად თეთრი ალამი წარწერით "საქართველო უწინარეს ყოვლისა". ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა მისი ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ლ. კერესელიძე, რ-იც სიცოცხლის ბოლომდე (1942) მეთაურობდა მას, გარდა იმ რამდენიმე თვისა, როდესაც იგი განხეთქილების შედეგად IV ყრილობაზე გადააყენეს და მეთაურად აირჩიეს შ. მაღლაკელიძე. ორგანიზაციას ჰქონდა ბეჭდვითი ორგანო – გაზ. „თეთრი გიორგი". „თეთრი გიორგის" პარალელურად 1934-იდან დაიწყო მეორე გაზ. „მომავლის" გამოცემა, რ-საც ა. მანველიშვილი ჩაუდგა სათავეში და, ფაქტობრივად, ოპოზიციურ ორგანოს წარმოადგენდა. „თ. გ-ს" ჰქონდა თავისი ორგანიზაცია ბერლინში, რ-იც XX ს. 30-იან წლებში უშვებდა იმავე სახელწოდების გაზეთს. „თ. გ-ის" არსებობა დასტურდება XX ს. 50-იანი წლების დამდეგსაც, მაგრამ ამ პერიოდში მის არსებობას უფრო ფორმალური ხასიათი ჰქონდა და მალევე გაუქმდა. მის სულიერ მემკვიდრედ შეიძლება ჩაითვალოს „ქართველ მხედართა დარაზმულობა უცხოეთში", რ-იც 1954 მიუნხენში დაარსდა.

წყარო: ბ ე რ ი ძ ე შ., მოგონება (1924–1933 წწ.), გაზ. «თეთრი გიორგი», №69–71, პარიზი, 1933; კ ე რ ე ს ე ­ ლ ი ძ ე ლ., ჩვენი იდეოლოგიის ზოგიერთი მხარეები: ეროვნული დისციპლინა, გაზ. «თეთრი გიორგი», №74–75, პარიზი, 1934; მ ა ნ ვ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ალ., "თეთრი გიორგი" (მოგონება). ხელნაწერი. დაცულია თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიის მუზეუმში; საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა „თეთრი გიორგი", დამფუძნებელი კრების დეკლარაცია, პარიზი, 1925.

ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 3, თბ., 1993.

ლ. ურუშაძე