თეთრი ლექსი

თეთრი ლექსი, გაურითმავი ლექსი. სტრიქონთა დაბოლოებანი, რ-ებიც, ჩვეულებრივ, გარითმულია, თ. ლ-ში ბგერითი თანხმიერების თვალსაზრისით ცარიელია, „თეთრია". ვერლიბრისაგან განსხვავებით, თ. ლ. მეტრულად მოწესრიგებულია. ურითმობა მხოლოდ რითმიანი ლექსის ფონზე აღიქმება, ამიტომ იმ სალექსო სისტემების მიმართ, სადაც რითმა საერთოდ არ გამოიყენება ამ ტერმინის ხმარება მართებული არ არის. თ. ლ. განსაკუთრებით კარგად ეგუება დრამ. ნაწარმოებთა სპეციფიკას. ევროპაში ამ ფორმის გავრცელება, ჩვეულებრივ, უ. შექსპირის პიესებს უკავშირდება. ქართ. პოეზიაში თ. ლ-ის კლასიკური ნიმუშია უ. შექსპირის პიესების ი. მაჩაბლისეული თარგმანები, გ. ორბელიანის „მუშა ბოქულაძე".

თ. დოიაშვილი