თეთრი ქვები

თეთრი ქვები, ძვ. წ. XVII ს. არქეოლოგიური ძეგლი, აღმოჩენილი სოფ. პატარძეულის მიდამოებში, ადგილ თეთრ ქვებში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი). გამოვლენილია ყორღანების 3 ჯგუფი. თითო ჯგუფში 15–20 გორასამარხია, რ-თა დიამეტრია 10–15 მ. 1990 გაითხარა ერთი ყორღანი – თეთრი ქვები I (კ. ფიცხელაური, მ. კინწურაშვილი).

ყორღანი გამართული ყოფილა შემაღლებულ ადგილზე. მიწაყრილი თითქმის რელიეფთანაა გასწორებული. ცენტრ. ნაწილში მიწაყრილის სიმაღლეა 1,10 მ დიამეტრი – 30 მ რ-ის ფუძეს შემოუყვება 3,70 მ სიგანისა და 0,30 მ სისქის ქვის წრე. მიწაყრილის ქვეშ გამოვლინდა დას-იდან აღმ-კენ დამხრობილი დასაკრძალავი ორმო (ზომები 3,5 მ ×3,0 მ. სიღრმე 2,80 მ). თავდაპირველად სამარხის იატაკზე მოუთავსებიათ მოზრდილი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ორყურა ქვაბი, სატევრის პირი, მთელი ცხვარი და მსხვილფეხა საქონლის დიდი ნაჭრები; შემდეგ, როგორც ჩანს, სამარხში ჩაუდგამთ ოთხთვალა ურემი, რ-ის სიგანე და სიგრძე ანაბეჭდების მიხედვით 1,70 მ×1,40 მ უნდა ყოფილიყო ბორბლების დიამეტრი – 1 მ და 0,70 მ. ურემზე, მარჯვ. გვერდზე, დასვენებული იყო ხელფეხმოკეცილი მიცვალებული თავით აღმ-კენ. მის წინ, სხეულის გასწვრივ, ბრინჯაოს რაპირა იდო. იქვე იყო ქუსლმოღარული ისრისპირი, ოქროსა და პასტის მძივები. მიცვალებულის დასვენების შემდეგ ურემზე გადაფარებული ჰქონდა კაკლის ხის ლაფნისგან დაწნული ჭილოფი. სამარხში აღმოჩნდა სილანარევი და ქვიშანარევი თიხისაგან დამზადებული მოვარდისფრო სარჩულიანი შავპრიალა თიხის ჭურჭელი (დერგები, ქილები, ბადია და სხვ.). მათი ზედაპირი შემკულია გეომ. ფორმის ორნამენტით. ნაპოვნია აგრეთვე ბრინჯაოს ქვაბის ფრაგმენტები (პირ-ყელისა და ძირის ნაწილები), ობსიდიანის ისრისპირები.

დასაკრძალავი დარბაზი გადახურული იყო კაკლის მსხვილი ძელებით, გადალესილი იყო ყვითელი თიხით. ზემოდან ეფარა ჭილოფი.

სამარხი ორმოს აღმ-ით აღმოჩნდა ელიფსური ფორმის დრომოსი (სიღრმე 1,80 მ), რ-იც დასაკრძალავ ორმოს არ უკავშირდებოდა, მაგრამ მასში ჩამდგარ ადამიანს გაუადვილდებოდა დასაკრძალავ კამერაში მიცვალებულის ნეშტის ან სხვა ინვენტარის მოთავსება. დრომოსი გადახურული იყო წვრილი ხის ძელებით, რ-იც ზემოდან გადალესილი იყო 0,10 მ სისქის ყვითელი თიხით. ეფარა ჭილოფი და ზემოდან ქვის ყრილი იცავდა. არქეოლ. მასალა ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.

ლიტ.: Pizchelauri K., Orthmann W., Der Kurgan „Tetri Kwebi" I «Georgica» 1992, 15.

მ. კინწურაშვილი