თეთრუაშვილი ვასილ გაბრიელის ძე (8. IV. 1872, თბილ. გუბერნია, – 7. V. 1915), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1915). 1891 დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი, 1893 – პავლეს I სამხ. სასწავლებელი (I თანრიგით) და 1901 – ნიკოლოზის გენ. შტაბის აკადემია (II თანრიგით). მსახურობდა 155-ე ყუბის ქვეით პოლკში, მე-16 გრენადერთა პოლკში. 1907–09 მიავლინეს ერევნის დროებითი გენ.-გუბერნატორის განკარგულებაში, სადაც ასრულებდა სამოქალაქო კანცელარიის მმართველისა და ერევნის გუბერნიის დაცვის ჯარების შტაბის უფროსის მოვალეობას.
პირველი მსოფლიო (1914–18) ომის დაწყებისთანავე 1914–15 დროებით ასრულებდა დაღესტნის 82-ე ქვეითი პოლკის უფროსის მოვალეობას, მონაწილეობდა ავსტრიელთა და გერმანელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1915 დაინიშნა ლორეს 208-ე ქვეითი პოლკის მეთაურად.
დაიღუპა ბრძოლის ველზე. დაკრძალულია ხოლმის გუბერნიის სოფ. ტომაშევოში (უკრაინა), სამხ. სასაფლაოზე. დაჯილდოებულია ოქროს იარაღით, წმ. გიორგის, წმ. სტანისლავის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
ლიტ.: Военный Орден Святого Великомученика и Победоносца Георгия, М., 2004.
მ. გოგიტიძე