თეიმურაზ I

თეიმურაზ I (1589–1663), კახეთის მეფე 1606–48, ქართლ-კახეთის მეფე 1625–32. კახეთის მეფის დავით I-ისა და ქეთევან დედოფლის ძე. მისი მცირეწლოვანების გამო ქვეყანას ერთხანს დედამისი ქეთევანი განაგებდა. 1607 თ. I დააქორწინეს მამია II გურიელის ასულ ანაზე, რ-იც 1610 გარდაიცვალა. 1612 ქართლთან კავშირის განმტკიცების მიზნით ცოლად შეირთო ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის და ხორეშანი. თ. I-მა ჯეროვნად ვერ შეაფასა ის დიდი საფრთხე, რ-იც კახეთს ემუქრებოდა ირანის მხრიდან და შაჰ აბას I-ის 1614 შემოსევას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, შემდეგ კი იძულებული გახდა იმერეთში გადასულიყო. შეეცადა დახმარება მიეღო ოსმალეთისაგან. 1615 წ. 15 სექტემბერს კახეთში დიდი ანტიირანული აჯანყება დაიწყო. თეიმურაზი კახეთში გადავიდა და სათავეში ჩაუდგა აჯანყებას. შაჰ აბას I-მა აჯანყების ჩასახშობად გამოგზავნა 15 000-იანი ლაშქარი ალი-ყული-ხანის სარდლობით. ქართველებმა ეს ლაშქარი თ. I-ის სარდლობით წიწამურთან ბრძოლაში გაანადგურეს. ამას ირანელთა ახ. ლაშქრობა მოჰყვა და თ. I-მა კვლავ იმერეთს შეაფარა თავი. მარტყოფის ბრძოლის (1625) შემდეგ თ. I რ-იც ამ დროს დახმარების სათხოვნელად რუსეთში წასასვლელად ემზადებოდა, ქართლ-კახეთში მიიწვიეს და გაერთიანებული სამეფოს ტახტზე დასვეს. ქართლ-კახეთის შეუპოვარმა ბრძოლამ შაჰ აბას I აიძულა დათმობაზე წასულიყო. მან თ. I ცნო ქართლ-კახეთის მეფედ. მიუხედავად ამისა, ქართლ-კახეთის დაპყრობაზე მას ხელი არ აუღია. 1625 წ. 1 ივლისს მარაბდის ველზე გაიმართა ომი შაჰ აბასის მრავალრიცხოვან ლაშქარსა და ქართველებს შორის (იხ. მარაბდის ბრძოლა 1625). ქართველთა მხრიდან ომის ხელმძღვანელობა თავის თავზე თ. I-მა აიღო. მან სხვებთან ერთად უარყო გ. სააკაძის მიერ შეთავაზებული ბრძოლის წარმართვის ბევრად უფრო გონივრული გეგმა და შედეგმაც არ დააყოვნა – ქართველები დამარცხდნენ. გ. სააკაძისა და თ. I-ის ურთიერთობა ამის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. გ. სააკაძემ საბოლოოდ დაკარგა თ. I-ისადმი რწმენა და გადაწყვიტა იმერეთის სამეფოს მემკვიდრე ალექსანდრე გიორგის ძე ქართლ-კახეთის მეფედ დაესვა და ამით სამივე ქართ. სამეფო ერთ სახელმწიფოდ გაეერთიანებინა. გ. სააკაძისა და თ. I-ის მომხრეები 1626 შემოდგომაზე ბაზალეთის ტბასთან შეხვდნენ ერთმანეთს საომრად (იხ. ბაზალეთის ბრძოლა 1626). გამარჯვება თ. I-სა და მის მომხრე დიდ ფეოდალებს დარჩათ. კიდევ ერთხელ ჩაიშალა საქართველოს გაერთიანების მცდელობა. 1632 თ. I-მა კიდევ ერთი წინდაუხედავი ნაბიჯი გადადგა – დაარღვია ზავი ირანთან და ბარდა და ყარაბაღი დაარბია. განრისხებულმა შაჰმა სეფიმ იგი კახეთიდან გააძევა და მის ნაცვლად როსტომი დანიშნა. 1634 თ. I-მა შეძლო კახეთის დაბრუნება, როსტომიც და ირანის შაჰიც შეურიგდნენ ამ ფაქტს, მაგრამ თ. I-მა კახეთი არ იკმარა და ქართლის დაუფლებაც მოინდომა. მისი ბრძოლა როსტომთან მარცხით დამთავრდა. 1648 თ. I საბოლოოდ გააძევეს კახეთიდან. მან თავი კვლავ იმერეთს შეაფარა. სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში ცდილობდა დახმარება მიეღო ევროპიდან. ამ მიზნით რომის პაპთან და ევროპის სახელმწიფოების მეფეებთან ელჩად ნიკიფორე ირბახი (იხ. ნ. ჩოლოყაშვილი) მიავლინა (1626). ეს ელჩობა უშედეგოდ დამთავრდა. ასევე უშედეგოდ სთხოვდა დახმარებას ოსმალეთსაც. საგარეო პოლიტიკაში თ. I პრიორიტეტს რუსეთზე ორიენტაციას ანიჭებდა. მან მრავალგზის გაგზავნა ელჩობა რუსეთში. 1639 განაახლა „ფიცის წიგნი". 1653 შვილიშვილი ერეკლე ბატონიშვილი (შემდგომში ერეკლე I) წარგზავნა რუსეთს, ხოლო 1658 თვითონ გაემგზავრა მოსკოვს. თ. I-ის ხანგრძლივ დიპლ. ურთიერთობას რუსეთთან რაიმე არსებითი შედეგი არ მოჰყოლია. რუს. პოლიტ. სავაჭრო-ეკონ. ინტერესები ირანში გამორიცხავდა რუსეთის მხრიდან თ. I-თვის ირანის წინააღმდეგ დახმარებას. რუსეთიდან დაბრუნებული თ. I მისივე თხოვნით, ვახტანგ V-მ ირანში გაგზავნა. ტახტის დაბრუნების სანაცვლოდ შაჰმა მას გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზეც უარი განაცხადა. თ. I დააპატიმრეს და ასტრაბადის ციხეში ჩასვეს, სადაც გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და ალავერდის მონასტერში დაკრძალეს.

სპარს. აგრესიის წინააღმდეგ შეუპოვრად მებრძოლი თ. I ზედმიწევნით კარგად იცნობდა სპარს. ენასა და მწერლობას და მის ძლიერ გავლენასაც განიცდიდა. წერდა კიდეც: „სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი". მან გადმოაქართულა სპარსულენოვან სამყაროში ფართოდ გავრცელებული პოემები: „ვარდბულბულიანი", „შამიფარვანიანი", „ლეილმაჯნუნიანი" და „იოსებზილიხანიანი". თ. I ორიგინ. თხზულებებშიც არ ღალატობდა სპარს. მწერლობის ტრადიციებს როგორც თემატიკის, ისე ჟანრის სფეროში. თ. I პრინციპულად სასულიერო თემატიკას ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა მის პოეზიაში საერო ნაკადსაც დიდი ადგილი უკავია. თავისი რელიგ. გრძნობები პოეტმა უმთავრესად იმით გაამჟღავნა, რომ სპარსულიდან გადმოღებულ პოემებშიც კი ქრისტ. აღმსარებლობისადმი ერთგულება გამოხატა.

თ. I-მა საკუთარ თავზე გამოსცადა ცხოვრების უკუღმართობა და იმედის გაცრუება. თავისი ქვეყნის უმოწყალო რბევა-აწიოკების მოწმე პოეტისათვის კარდინალური კითხვა იყო წუთისოფლის რაობა. მისი შემოქმედება გამსჭვალულია წუთისოფლის მუხანათობის განცდითა და ნაღვლიანი კილოთი („სოფლის სამდურავი"). იგი ცდილობდა პოეტური საქმიანობით შეემსუბუქებინა მწუხარე განცდები. თ. I ხორციელი ტრფიალებისა და ბაგე-ღვინის აპოლოგეტად გვევლინება („გაბაასება ბაგისა და ღვინისა", ლირ. ლექსები და სხვ.).

თ. I-მა ერთ-ერთმა პირველმა სცადა ქართ. პოეზიაში ეროვნ. თემატიკის დამუშავება. პოემაში „ქეთევან დედოფლის წამება" მან დიდი პოეტური მღელვარებით აღწერა დედის, ქეთევან დედოფლის, თავდადება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის, ასახა ქართვ. ხალხის ბრძოლა ეროვნ. და სარწმუნოებრივი თვითმყოფობის შესანარჩუნებლად. პოემაში „შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა" პოეტმა ოსტატურად დახატა მშობლიური ქვეყნის ბუნება, გადმოსცა როგორც პირადი, ისე საზ. ბედუკუღმართობით გამოწვეული სევდიანი განცდები. თ. I-ს ეკუთვნის ლირ. პოემა „მაჯამა", ლირ. ლექსები: „გრემის სასახლეზე", „თამარის სახე დავით გარეჯას" და სხვ.

თ. I-მა ქართ. მწერლობაში სხვადასხვა ლიტ. ჟანრი შემოიტანა და ტრად. თემატიკაც გაამრავალფეროვნა. მან დაამკვიდრა მაჯამური ლექსის ფორმა (იხ. მაჯამა) და ამ მხრივ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ქართ. პოეზიის შემდგომ განვითარებაზე; განავითარა გაბაასების ჟანრი, რ-მაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი მწერლობაში. თ. I-ის შემოქმედებამ კლასიკური პერიოდის ქართ. პოეზიისა და, განსაკუთრებით, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" დიდი გავლენა განიცადა. მისი ცალკეული თხზულებანი იბეჭდებოდა 1860-იდან (ჟურნ. „ცისკარი"). 1875 ა. კალანდაძემ ცალკე წიგნად გამოსცა "ვარდბულბულიანი", 1886 ზ. ჭიჭინაძემ – თხზ. კრებული.

თხზ.: თხზულებათა სრული კრებული, ა. ბარამიძისა და გ. ჯაკობიას რედ. ტფ., 1934.

წყარო: ბარათაშვილი ი., ცხოვრება-ანდერძი, ა. იოსელიანის გამოც., თბ., 1950; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008; ხერხეულიძე ო., მეფობა ირაკლი მეორისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854.

ლიტ.: აბაშიძე ზ., ბახტაძე მ., ჯანელიძე ო., საქართველო და ქართველები, თბ., 2015; ბარამიძე ა., ნარკვევი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1940; გუგუშვილი მ., თეიმურაზ პირველის ცხოვრების გზა, თბ., 1979; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958; მაჭარაძე ვ., ჩანაწერები თეიმურაზ პირველის მოლაპარაკებისა მოსკოვში 1658 წელს, «თსუ შრომები», 1965, ტ. 113; ნაკაშიძე ნ., წიწამურიდან ბახტრიონამდე, თბ., 1977; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2 1941 წ. 

ა. ბარამიძე

დ. კაჭარავა